"სწორედ იმ ცოცხებით გაიხვეტებიან ხელისუფლებიდან, რომლითაც დარბიან" - კვირის პალიტრა

"სწორედ იმ ცოცხებით გაიხვეტებიან ხელისუფლებიდან, რომლითაც დარბიან"

"ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ორგანიზაციულად სხვადასხვა პარტია არ იქნება აქციაზე", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბარამიძე განმარტავს, ის მაინც დარწმუნებულია, რომ აქციაზე სხვა პარტიის მხარდამჭერები და ლიდერებიც იქნებიან.

"ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ორგანიზაციულად სხვადასხვა პარტია არ იქნება აქ. დარწმუნებული ვარ, ამ პარტიების ძალიან ბევრი ლიდერი და ამომრჩეველიც აქ იქნება. გვჯერა, რომ ყველა ამ რეალურად პროდასავლურ და პატრიოტულ პარტიას აქვს გაცნობიერებული თავისი როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. დღეს აქ იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს, როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ასევე პირველყოვლისა მხარს უჭერს ცვლილებებს და საქართველოს გათავისუფლებას ამ პუტინისტური, მოღალატე რეჟიმისგან",- აღნიშნავს ბარამიძე.

მისივე თქმით, დღევანდელ აქციაზე "ყველაფერი უკიდურესად მშვიდობიანად იქნება".

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, დღევანდელი აქციის შემდეგ "სხვადასხვა ჯგუფის მიერ გაგრძელდება მომცრო აქციები თბილისში, რეგიონებსა და სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, რუსთავში, ციხესთან".

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ზუგდიდიდან თბილისში აქციაზე მომავალ კოლონებს მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ცოცხები დაახვედრეს, ბარამიძის თქმით, "ის ცოცხები, რომლითაც ისინი დარბიან, სიმბოლოა, რომ სწორედ ცოცხებით გაიხვეტებიან საქართველოს ხელისუფლებიდან".

"არავისთვისაა გასაკვირი, რომ არ რეჟიმის სასოწარკვეთილი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც პირწმინდად დამარცხდნენ, რომ ხელი შეუშალონ ხალხს, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ 18:00 საათზე", - აღნიშნავს ბარამიძე.