"ბიძინა ივანიშვილო, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილო, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე"

ბიძინა ივანიშვილო, ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი, რომ თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ, მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენ ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაშიც მანკიერად ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს და მომავალს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, რომ არ იყოს ჭირისუფლობა და მწუხრი.

„მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, რომ არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა ცივილიზებული ფორმით. სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ხელისგაწვდენის მანძილზე გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს.

თუ ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს გაბედავს და იგივეს იკადრებს, რაც 2 ოქტომბერს იკადრა და გვაკადრა ხალხს, იკადრებს ძალადობას, მოსყიდვას, მუქარას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ათას მანკიერებას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის გამარჯვების მოპოვებისთვის, არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტნი გამოვალთ, კიდევ უფრო მკაფიო ხმას გავაგონებთ, არა უბრალოდ ხმას ხალხო! თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ძალა არის სიმრავლეში! ბიძინა ივანიშვილო, თავს უფლებას მივცემ და ძვირფასი საზოგადოების სახელით გეტყვი, რომ თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ მთელი საქართველო შევიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩვენ, ხალხი, ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომლის მოპოვებაშიც მანკიერად ხელი არ უნდა შეგვიშალო, თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს და მომავალს, რაც მთავარია ღირსებას. ეს არ არის ხუმრობა. არცერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა“, - აღნიშნავს მელია.

როგორც მელია აღნიშნავს, ერთადერთი გეგმა გამარჯვებაა, საარჩევნო უბნებზე „უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი“.

„გეგმა არის ერთადერთი, მეორე ვერ და არ იქნება. ეს გეგმა არის გამარჯვება! გამარჯვება! არაფერი მეტი სხვა! ჩემი თხოვნა იქნება საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად და წამომადგენლებად გადავნაწილდეთ. არ დავიზაროთ, იქ უნდა აღვმართოთ მშვიდობიანი, ცოცხალი კედელი, რომ პარაზიტებმა ვერ მოიპარონ ამ ქვეყნის მომავალი. გამადიდებელი შუშით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს“,- აღნიშნავს მელია.

მისივე თქმით, მათი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ძალადობა და თავდასხმა.

„შესაძლებელია, დღეს მავანნი ელოდებოდა, რომ ამ აურაცხელი ადამიანის შეკრების შემდეგ აგრესიული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ჩვენს მიერ. სადღაც ცოტა ადამიანმა რამდენიმე პოლიტიკოსმა თქვა, რომ იცით რა, ჩვენ არ მივალთ იქ, სადაც არ ვიცით რა ორგანიზაციული საკითხებია, როგორც გადაწყდა, ამიტომ შორიდან დავაკვირდებითო. რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ ჩვენი თვითმიზანი ძალადობაა?! ჩვენი თვითმიზანი ძალადობა არასდროს ყოფილა. ჩვენი თვითმიზანი ვინმეზე თავდასხმა არასდროს ყოფილა. ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავების, ოჯახების, სახელმწიფოს და ხმების დაცვა“,- აღნიშნავს მელია.

"ინტერპრესნიუსი"