"აქციაზე მისული ხალხის ნახევარი სააკაშვილმა გამოიყვანა ქუჩაში. ხოლო მეორე ნახევარი გამოიყვანა ივანიშვილმა თავისი შეცდომებით და არასწორი პოლიტიკით" - კვირის პალიტრა

"აქციაზე მისული ხალხის ნახევარი სააკაშვილმა გამოიყვანა ქუჩაში. ხოლო მეორე ნახევარი გამოიყვანა ივანიშვილმა თავისი შეცდომებით და არასწორი პოლიტიკით"

"მართლა ძალიან ბევრი უსამართლობაა დღეს, მაგრამ როცა ამ უსამართლობაზე ლაპარაკობს "ნაცმოძრაობა", რთული მოსასმენია. ხომ არ შეიძლება ერთი ქურდი მეორისკენ იშვერდეს ხელს"

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქციაზე შეკრებილები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქცია გვიან, პარტიის ლიდერის - ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დასრულდა. "ბიძინა ივანიშვილო, თუ შენ 30 ოქტომბერს გაიმეორებ იმას, რაც გააკეთე 2 ოქტომბერს, ჩვენ შევიკრიბებით, მთელი ქვეყანა, რუსთაველის გამზირზე და შენზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ - ხალხი, ვიზეიმებთ გამარჯვებას თუ დავიცავთ ამ ქვეყნის აწმყოს, მომავალს და რაც მთავარია - ღირსებას. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის წრფელი სიტყვები. არცერთ ჩვენგანს არ გვიღირს ღირსების შელახვა. ამდენ ადამიანს ვერავინ დაამარცხებს, იმიტომ, რომ მართლები ვართ, მართლები ვართ, როგორც არასოდეს. გეგმა არის ერთადერთი. სხვა გეგმა ვერ იქნება. გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა", - თქვა მელიამ. ამის შემდეგ რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები სახლებში დაბრუნდენ და ახლა ყველა 30 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მოლოდინშია. ექსპერტი გია ხუხაშვილი kvirispalitra.ge-სთან ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი, მასშტაბური აქცია.

- რადგან 2012 წლის ცნობილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შეფასებით დღევანდელი აქცია იმავე მასშტაბის იყო +/- 3%, მაშინაც და დღესაც მთავარი მოქმედი პირები ბიძინა და მიშა იყვნენ - მაშინ ბიძინა+მიშა, ახლა პირიქით - მიშა+ბიძინა. მასშტაბი აშკარად იყო, განწყობაც და სულისკვეთებაც იგრძნობოდა. ამ ხალხის ნახევარი მიშა სააკაშვილმა გამოიყვანა ქუჩაში. ისინი "ნაცმოძრაობის" ტრადიციული მხარდამჭერები არიან, ხოლო მეორე ნახევარი - დღევანდელი ხელისუფლებით იმედგაცრუებული ხალხი. ისინი გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა თავისი შეცდომებით და არასწორი პოლიტიკით. მართლა შთამბეჭდავი იყო ყველაფერი. საარჩევნო ბუღალტერიით, მათემატიკური მოდელირება რომ გავაკეთოთ, თითქოს შუაზე გაყოფა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობს, იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობის" სამობილიზაციო ელექტორალური შესაძლებლობები ნაკლებია, ვიდრე "ქართული ოცნების" ამომრჩევლის. როცა შუა იკრიფება, როდესაც სხვა პარტიების ამომრჩეველი გვერდზე იწევა, "ნაცმოძრაობა" წაგებული აღმოჩდება ხოლმე. ეს არაერთხელ გვინახავს, თუნდაც ამ ბოლო კვლევებითაც ეს დასტურდება, მაგრამ ახლა დაიწყო სულ სხვა პროცესი, რომლის მათემატიკური მოდელირება და ბუღალტრულად დათვლა შეუძლებელია.

- რატომ? - იმიტომ, რომ თუ რომელიმე მხარე მოიპოვებს გარკვეულ მორალურ, ემოციურ უპირატესობას, შეიძლება მთელი მათემატიკა თავდაყირა დადგეს. ანუ თუ ირწმუნე შენ, რომ ორჯერ ორი ხუთია, პოლიტიკურ პროცესში შეიძლება მართლა ხუთი გახდეს. სერიოზული ინტრიგა გაჩნდა. არ ვეთანხმებოდი პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების თემაზე აეგო ოპოზიციას წინაასარჩევნო კამპანია, იმიტომ რომ "ნაცმოძრაობის" კანდიდატების ამოცანაა სხვა პარტიების ამომრჩევლის მოზიდვა. ამ პარტიების ამომრჩევლისთვის კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ არის მთავარი თემა, შესაბამისად, რაციონალური გათვლით, ეს შეცდომაა. იმიტომ, რომ ხელისუფლებას დღეს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რაც აწუხებს იმ ხალხს, ვისი მოზიდვაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნიკა მელიასთვის, თუ სხვებისთვის და ეს პრობლემები თითქოს უკანა პლანზე გადადის. მხედველობაში მაქვს პანდემიის მართვა, იგივე ბათუმის ტრაგედია ავიღოთ, რა ფონია შექმნილი უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. სოციალური პრობლემები, ქვეყანაში უზარმაზარი პრობლემებია და სხვა პარტიების ამომრჩეველს, რომელსაც არც "ნაციონალები" მოსწონს და არც "ოცნება", იმათთვის მნიშვნელოვანია ნიკა მელიამ დაარწმუნოს, რომ ის ამ პრობლემებს გადაჭრის კახა კალაძეზე უკეთესად. როცა ეს სახელმწიფოებრივი პრობლემები გამქრალია და მიშა სააკაშვილის გამოშვება-არ გამოშვება არის მთავარი თემა, არ არის ძალიან აქტუალური, რადგან ამ ამომრჩევლებიდან ვიღაცას მიაჩნია, რომ მიშა ციხეში უნდა იჯდეს, ვიღაც ნეიტრალურია და ამ დროს ოქროს დრო იკარგება. მაგრამ დღეს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი დღიდან უნდა შეიცვალოს დღის წესრიგი და დაიწყოს ამ თემებზე აპელირება. ჯერ კიდევ არის დრო ამისთვის, მიშას გათავისუფლების გარდა, ამ თემებზეც თუ გახსნეს კანდიდატებმა საუბარი და დისკუსია, თუ ხელისუფლება ამხილეს უუნარობაში, ხშირ შემთხვევაში - დანაშაულებრივ უმოქმედებაში თუ - ქმედებაში, მაშინ რაღაც ინტრიგა იქნება. გარდა ამისა, ამ სიმრავლემ აჩვენა, რომ თუ ხელისუფლება შეეცდება მამაძაღლობას მეორე ტურში და ტრადიციული მეთოდების გამოიყენებას, მაშინ ხელისუფლებას მაღალი სერიოზული ბაჟის გადახდა მოუწევს და მაღალი რისკის ზონაში შევა. დღევანდელი დღე მშვიდობიანად დასრულდა და გამომდინარე იქიდან, რომ ძალის დემონსტრირება ნამდვილად მოხდა, შეიძლება სასარგებლოც იყოს. თუ, რა თქმა უნდა, სხვა თემების გაშლასაც ვნახავთ მომავალი ორი კვირის განმავლობაში.

- ბატონო გია, მუდმივად გვესმის ის ბრალდებები, რაც მიხეილ სააკაშვილის მისამართით ისმის. ვისმენთ კონკრეტულ სულისშემძვრელ ამბებს მათგან, ვისაც შეეხო ეს რეჟიმი, ამის ფონზე ამდენი ადამიანი რომ მას ისევ მხარს უჭერს, ამას რითი ხსნით? - ამას ვხსნი იმით, რომ მას ჰყავს თავისი მხარდამჭერი და ცოტა ნამდვილად არ ჰყავს. თან ჰყავს აქტიური და დაუზარელი ამომრჩეველი - ამის ხაზგასმა ხდება და აბსურდულია თუნდაც ის, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებს ადამიანი, რომელიც ამ საქმის თანამონაწილეც თვითონაც არის. გაგახსენებთ, ის გაასამართლეს გირგვლიანის საქმის გამო, იმისთვის, რომ მან ამნისტიით მკვლელები გამოუშვა, მაგრამ მას რომ შეძლებოდა ამ ხალხის ამნისტირება, ამის საფუძველი შექმნა მურუსიძემ, რომელმაც მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანებს ჩამოაკლო სასჯელები და მხოლოდ ამის შედეგად აღმოჩნდნენ ისინი ამნისტიის სივრცეში. ერთი თანამზრახველი მეორე თანამზრახველს იმ დანაშაულის გამო ასამართლებს - ეს ხომ აბსურდია. მიხეილ სააკაშვილის ბრალდება პირადად ბიძინა ივანიშვილმა ფარსად აქცია იმით, რომ ამ დანაშაულის თანამონაწილე გახადა მართლმსაჯულების განმახორციელებელი. გახსოვთ, ალბათ, ის პირადად ლობირებდა მურუსიძეს და ამბობდა, რომ ახლა ის ანგელოზიაო.

- "ნაციონალური მორაობის" ლიდერებიც ამბობენ, რომ არ ენდობიან დღევანდელ სასამართლოს. თვლიან, რომ ის არის პოლიტიზირებული, თუმცა ფაქტია, მურუსიძეც და სხვებიც ამ სასამართლო სისტემაში მათი მოყვანილია, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ენდობოდნენ, ახლა არ ენდობიან. - სამწუხაროდ, ორივე ძალა არის კომპომეტირებული, ეს მოცემულობაა დღეს. ბიძინა ივანიშვილს ხომ ახალი არაფერი შეუქმნია, არაფერი მოუგონია. როგორც აღმოჩნდა, იმიტომ კი არ ებრძოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი დამკვიდრებული სისტემა არ მოსწონდა, იმიტომ ებრძოდა, რომ ეს სისტემა წაერთმია მისთვის და თვითონ ემართა და მან ეს გააკეთა. მას ეგონა, რომ მიშას ჰყავდა "მერსედესი", წაართვა ეს "მერსედესი", მართვა ვერ ისწავლა, მაგრამ პირველ ეტაპზე ისწავლა დაქოქვა, დაპიპინება, მაგრამ გადმოიბარა. ეს გააკეთა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი და მთავარი მოტივი, რატომაც წამოვედი ხელისუფლებიდან. დავინახე მისი ამოცანა. არა სისტემური ცვლილებები იყო, არამედ მისი ამოცანა იყო - ძალაუფლება.

- ბოლო დღეებია, ისმის, რომ დიდი შერიგების დროა. სასულიერო პირებიც კი მოუწოდებენ ამისკენ ორივე მხარეს, ამას როგორ უყურებთ? - დიდი შერიგების დრო დიდი ხანია დადგა, მაგრამ ამ რიტორიკის არ მჯერა, თუ ეს ორი ძალა ერთმანეთის პირისპირ დავტოვეთ, რაიმე ტიპის შერიგება მოხდება. სულ იქნება დაპირისპირება, ვენდეტა და ა.შ. ხელოვნურად არ ხდება შერიგება. შერიგება ხდება ემპათიის, მონანიების საფუძველზე. დანაშაულის ფიგურანტს ჩემ მიმართ ჩადენილი დანაშაული რომ ვაპატიო, მინიმუმ, მჭირდება, მან ბოდიში მომიხადოს და გულწრფელად მოინანიოს. ამას ხომ არავინ აპირებს, ორივე მხარე ერთმანეთის დანაშაულზე ლაპარაკობს და თავის თავში იმავე დანაშაულს ვერ ხედავენ. იცით, ბევრი ადამიანი რატომ ეწინააღმდეგება ამ პროცესს და რატომ რჩება "ქართული ოცნების" მხარდამჭერად? იმიტომ, რომ ვერ იღებენ "ნაციონალური მოძრაობისგან" სასამართლო სისტემაზე, ადამიანის უფლებებზე და სხვა საკითხებზე კრიტიკას. ამ ადამიანებს კარგად ახსოვთ ის წარსული. დღეს, როცა "ნაცმოძრაობა" აპელირებს იმ დანაშაულზე, რასაც თვითონაც ჩადიოდა, ეს, რა თქმა უნდა, მათდამი ნდობას არ იწვევს. სიტყვიერად ამბობენ, შეცდომებიც იყოო, მაგრამ დიდი მონანიება მათ ნათქვამში არ იგრძნობა, ამიტომ არის, რომ ბევრი ამომრჩეველი არ იღებს "ნაცმოძრაობისგან" ამ არგუმენტებს. მართლა ძალიან ბევრი უსამართლობაა დღეს, მაგრამ როცა ამ უსამართლობაზე ლაპარაკობს "ნაცმოძრაობა", რთული მოსასმენია. ხომ არ შეიძლება ერთი ქურდი მეორისკენ იშვერდეს ხელს. მთავარი მოწინააღმდეგე იყოს თვითონ ქურდი, თუნდაც - წარსულში, ეს არადამაჯერებელია. ხელისუფალი კი ამბობს, ის ჩემზე უარესიაო და ამ მანკიერ წრეში ვრჩებით, სამწუხაროდ. ისეთი ძალა, რომელიც სუფთა ფურცლიდან დაიწყებს და არ იქნება კომპრომეტირებული, ვერ გაძლიერდა, სამწუხაროდ.

- დიდი მოლოდინი იყო, რომ შეიქმნებოდა კოალიციური მთავრობა, სააკაშვილის საქართველოში გამოჩენამ სხვა პარტიები გვერდზე მიაჩოჩა? - მისმა ჩამოსვლამ, ფაქტობრივად, დააზარალა პოლიტიკური პროცესი. ჩვენ აშკარად მივდიოდით მულტიპარტიულისკენ, ევროპაში დამახასიათებელია ეს და ევროპისკენ, მაგრამ მიშას ჩამოსვლამ ისევ შუაზე გაკრიფა ხმები, რაც, თითქოს, ერთი შეხედვით, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობდა ყოველთვის, ორივე ახდენდა მობილიზებას და მერე "ქართული ოცნების" სამობილიზაციო რესურსი უფრო მეტი აღმოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ცოტა სხვანაირი პროცესი დაიწყო. როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ" ჩაანგრია უკვე ის ფსკერი, რომლის იქითაც ცუდსა და უარეს შორის არის არჩევანი გასაკეთებელი და ჯერ კიდევ საკითხავია, რომელია უარესი, ახლა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გარკვეული მწირი უპირატესობაც კი დაკარგა "ქართულმა ოცნებამ" რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა. მათ არანაირი მორალური უპირატესობა არ აქვთ, ყველანაირი დანაშაული გაიმეორეს და ზოგიერთში გადასწრეს კიდეც "ნაციონალურ მოძრაობას". ეს არის პრობლემა. ერთადერთი, ცოცხების თემა დარჩა და მათი ფანტაზია ამ ცოცხებს ვერ გასცდა. დღეს ვნახეთ, რომ ქუჩაში ცოცხებით იდგნენ, ესეც იყო ორგანიზებული, ამას ლაპარაკი არ უნდა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერია უბნის ძველი ბიჭები, ისინი მობილიზებულნი არიან, რომლებსაც აქვთ გამორჩენის ინტერესი. ნორმალური მოქალაქე ძალიან ცოტაა დღეს "ოცნების" მხარდამჭერი. მაგრამ ადამიანები კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებსაც ექნებოდათ იმედი, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ექნებოდათ მეტი კეთილდღეობა და მეტი თავისუფლება, ასეთები აღარ ჰყავთ. "ნაცმოძრაობის" ელექტორატი კი მოტივირებულია, ამაშია საქმე. რაოდენობრივად რომ გადავხედოთ არჩევნების შედეგებს და ყველაფერი ბუღალტრულად დავთვალოთ, გამოვა რომ "ქართული ოცნების" შანსები არის უფრი მაღალი, მაგრამ პოლიტიკაში მარტო არითმეტიკულად ვერ ვითვლით, იმიტომ, რომ აქ მოტივაციას და ემოციას თავისი წონა აქვს და ამ წონის გაზომვა ძალიან ძნელია.

- გვესმის ხელისუფლებისგან, რომ სააკაშვილს ციხეში ყოფნა მოუწევს, არანაირ კომპრომისზე არ წავლენ და რომ სასჯელი აუცილებლად უნდა მოიხადოს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხომ არ მოუწევს ამ ხელისუფლებას? - მე ვერანაირ მოლოდინზე ვერ ვისაუბრებ, გუშინ რაც ვნახეთ, თუნდაც აქედან გამომდინარე, უბრალოდ, წარმოუდგენელია მიშა სააკაშვილი იჯდეს ციხეში. არც აპირებს ხელისუფლება ამას. ხელისუფლებას მშვენივრად ესმის, რომ ციხეში სააკაშვილი არის დიდი თავის ტკივილი და მუდმივი არასტაბილურობა. 30 ოქტომბრამდე ამას არ აღიარებენ, მაგრამ 30 ოქტომბრის შემდეგ, თუ მშვიდობიანად დაასრულეს პროცესი და სტაბილურობა ხელისუფლების შეინარჩუნეს, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიშორონ თავიდან ან უკრაინში გადაისროლონ, უკრაინა მოიფიქრებს რაღაცას და მოსთხოვს გადაცემას, გვეტყვიან რაღაცას ან მორიგ ზღაპარს მოგვიყვებიან. მათ არაფერში სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილი ციხეში და მისი მოცილება მათი ამოცანაა, მაგრამ ეს რომ გააკეთონ 30 ოქტომბრამდე, მშვენივრად იციან, ისინი ამ არჩევნებს პირწმინდად წააგებენ და იმ ამომრჩევლებსაც დაკარგავენ, რაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. ამიტომ 30 ოქტომბრამდე იძახებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩაჯდეს ციხეშიო, მაგრამ მერე სხვა პროცესები წავა. აქამდე რომ მივიდეთ, ჯერ ხელისუფლებას მოსაგები აქვს არჩევნები. თუ წააგო ხელისუფლებამ იგივე თბილისის მერის არჩევნები, ეს ცალსახად ცვლილებების დასაწყისი იქნება, იმიტომ, რომ თბილისის მერი, დღევანდელი კონსტიტუციით, ლეგიტიმაციით არის ყველაზე წონადი ფიგურა. თუ ნიკა მელიას აირჩევენ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ამის შემდეგ ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება?!

- ანუ თვლით, რომ ამ აქციის შემდეგ ნიკა მელიას შანსები გაიზარდა? - შანსი არითმეტიკულად არ გაზრდილა.

- ცნობილია, გიორგი გახარია არ უჭერს მხარს, სავარაუდოდ, მისი ხმები არ წავა "ნაციონალური მოძრაობისკენ"... - ასეთ დროს პოლიტიკური ლიდერები არ წყვეტენ ამომრჩევლის განწყობას. გიორგი გახარიამ მშვენივრად იცის, რომ არ მოიქცევა გახარიას ამომრჩეველი ასე და ამიტომაც ნეიტრალიტეტს დაიცავს, არ მოუწოდებს არავის მხარდაჭერისკენ. ეს სწორი გზავნილია. მას ჰყავს იმ ტიპის ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს არც ბრბო "ქართული ოცნების" სახით, მაგრამ არც "ნაციონალურ მოძრაობას" დაუბრუნდება. ის ან არ წავა საერთოდ არჩევნებზე, ან თუ წავა, არჩევნებზე ხმას მისცემს იმას, ვისაც ჩათვლის, რომ ის უკეთესად გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რაც მას აქვს. ეს პრობლემებია უკანონო მშენებლობები, ავარიული სახლები. თუ გახსოვთ, ორი თვის წინ ბახტრიონზე კინაღამ კორპუსი წამოიღო, იცით, რამდენი ასეთი საშიში კორპუსია დღეს თბილისში? ამიტომ ნიკა მელიას სჭირდება აპელირება იმ თემებზე, რაც აწუხებს გიორგი გახარიას, ანა დოლიძის, "ლელოს" ამომრჩეველს და სხვას. თვითონ უნდა გააკეთოს მან ეს საქმე.

ფორმალურ მოწოდებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ხალხს არ ჰყავს ფანატიკური ამომრჩეველი, რომელიც მოწოდებას გაყვება, მათ საქმის გადაჭრის რეალური გზები უნდა დაანახო. ფანატიკური ამომრჩეველი ჰყავს, რაღაც რაოდენობა, "ქართულ ოცნებას" და მიხეილ სააკაშვილს. მიხეილ სააკაშვილი რომ ეტყვის, გადახტით ხრამშიო, გადახტებიან. გახარიას ამომრჩეველი კი თვითონ აკეთებს არჩევანს, კარნახის გარეშე. აქვე ორი სიტყვა მინდა ვთქვა "ქართული ოცნების" მომხრეებზე, რომლებიც იქადნებიან, რომ გამოვლენ და დაანახებენ თავის სიმრავლეს. მე მინდა, არასასიამოვნო სიმართლე გითხრათ - რეალურად თქვენ ხართ ცოტა. მიშას მოწინააღმდეგეებს, რომლის ხარჯზე და იმედზეც ბაქიბუქობთ, თქვენც აღარ მოსწონხართ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ისევ მიშასადმი მათ სიძულვილზე ააგოთ ყველაფერი და ცხვრებივით მორეკოთ ეს ხალხი, მაგრამ არის ერთი პრობლემა: როგორც წესი, ნებისმიერი აქციას სულს ბერავს არა მხოლოდ წარსულის უარყოფა, არამედ - მომავლის რწმენა. რა ვუყოთ იმას, რომ ეს რწმენა თქვენში აღარ არსებობს. იმდენად არ არსებობს, რომ ბიძინას "ვოტსაპის" შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული.

(სპეციალურად საიტისთვის)