"გონივრული ეჭვია, რომ ციხეში რეალურად სხვა რაღაც მოხდა და ხანძრის თემა ყურადღების გადატანისთვის იყო გამოყენებული" - კვირის პალიტრა

"გონივრული ეჭვია, რომ ციხეში რეალურად სხვა რაღაც მოხდა და ხანძრის თემა ყურადღების გადატანისთვის იყო გამოყენებული"

"გონივრული ეჭვია, რომ ციხეში რეალურად სხვა რაღაც მოხდა და ხანძრის თემა ყურადღების გადატანისთვის იქნა გამოყენებული", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანრის გაჩენას და 2 პატიმრის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

მან სახალხო დამცველს მოუწოდა, ამ საკითხით დაინტერესდეს.

"გუშინდელი ხანძრის თემა ციხეში ბურუსით არის მოცული. არანაირი ინტერაქცია არ ჰქონდა ციხის ადმინისტრაციას და შესაბამის უწყებებს, რეალურად რა მოხდა, დღეს საზოგადოებამ გაიგო, რომ ორი პირია გარდაცვლილი. ეს ბურუსით მოცული საქმე გამოძიებული უნდა იყოს დაუყონებლივ დამოუკიდებელი სუბიექტების მიერ, სახალხო დამცველს მოვუწოდებ, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში შიგნიდან კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გავიგებთ,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

"გუშინდელი აქცია იქნება საფუძველი სხვა კონკრეტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას", - როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქცია ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გუშინდელ აქციაზე და აღნიშნა, რომ როცა "ქართული ოცნება" კრებს თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს, მაშინ 100 000- მდე აღწევს ხოლმე მათი რაოდენობა და როცა ოპოზიცია შეკრებს ხოლმე, ამბობენ, რომ 10-12 000- ია. ბეჟაშვილის თქმით, ეს ლოგიკა, რამდენად მართებულია, საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა, მათი ინფორმაციით, აქციაზე 50 000- ზე მეტი ადამიანი იყო.

"გუშინდელმა აქციამ ყველას კარგად დაანახა ის განწყობები, რომელიც არის საზოგადოებაში - მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, მის მიმართ ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება თუ სხვა. ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს ვადაში დატოვოს საპატიმრო და რეალურად დაიწყოს ქვეყანაში სამოქალაქო შერიგების და ქვეყნის განვითარების პროცესი," - განაცხადა ბეჟაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"