"მიტინგებით თუ მოხერხდა სააკაშვილის გათავისუფლება, ისედაც "კარგ მდგომარეობაშია" სამართალდამცავი სისტემა და უარესში ჩავარდება" - კვირის პალიტრა

"მიტინგებით თუ მოხერხდა სააკაშვილის გათავისუფლება, ისედაც "კარგ მდგომარეობაშია" სამართალდამცავი სისტემა და უარესში ჩავარდება"

გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ადრე იკრიბებოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხალხმრავლობა იმან განაპირობა, რომ ძირითადად საუბარი იყო სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ხშირად ისმოდა ფრაზა "მე არ მინდა ჩემი პრეზიდენტი" ციხეში იყოს.

"ეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური შეფასების საფუძველზე არ კეთდებოდა, ეს არის ზოგადი ფრაზა, რომ ხალხს არ უნდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში იყოს. ასევე არ იყო რევოლუციისკენ მოწოდება და ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ არჩევნები არის მოსაგები. ეს საკააშვილის წერილშიც იყო ნახსენები. ამდენად, მოსახლეობისთვის დისკომფორტი ამ შეკრებაში არ იყო. ბევრს, საბედნიეროდ, რევოლუცია არ უნდა. ამასთან, თავისი საარჩევნო პიარიც გამოუვიდათ. მათ გამოიყვანეს ისინი, ვინც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს, ხალხს შეახსენეს და მოუწოდეს მათი მხარდაჭერისკენ", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, მას არ ჰგონია, რომ ამ აქციის შედეგად სააკაშვილს გაათავისუფლებენ.

"მიტინგებით თუ მოხერხდა მისი გათავისუფლება, ისედაც "კარგ მდგომარეობაშია" სამართალდამცავი სისტემა და უარესში ჩავარდება. ყველა ტუსაღზე შეიკრიბება მიტინგები და მერე უნდა გამოუშვა - ეს პრინციპი არამგონია გამოდგეს. თუ უცხოეთი ჩაერევა, დამატებითი პრინციპები გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის დიდი დისკომფორტია სააკაშვილის ციხეში ყოფნა და ასეთი მიტინგებიც ამის ლუსტრაციაა, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ სირთულეებს შეხვდება, თუ დათმობაზე წავა. ძალიან ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ეხმარებიან და ერთმანეთით იმყარებენ პოზიციებს. ამ წისქვილზე თუ დაისხა წყალი, სამომავლოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებასაც" ამომრჩეველი დააკლდება და მესამე ალტერნატივის ძებნა გაგრძელდება", - განაცხადა საყვარელიძემ.