"სუს-ის დაფინანსება 2 მლნ ლარით იზრდება - ანუ, უფრო მეტად მოგვისმენენ" - კვირის პალიტრა

"სუს-ის დაფინანსება 2 მლნ ლარით იზრდება - ანუ, უფრო მეტად მოგვისმენენ"

"ამ ბიუჯეტს უმუშევრობის ზრდის ბიუჯეტს დავარქმევდი - სუს-ის დაფინანსება იზრდება 2 მილიონი ლარით, ეს იმას ნიშნავს, უფრო მეტად მოგვისმენენ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ვაშაძის თქმით, ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული არ არის და თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

"არც ერთი რეფორმა არ არის გათვალისწინებული, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს, ეკონომიკურ ვითარებას გააუმჯობესებს, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით უკეთეს გარემოს შექმნის. წლიდან წლამდე ფული იხარჯება არაფერში. 18 მილიარდნახევარი ლარი უნდათ დახარჯონ იმაში, რომ ხელფასები გადაიხადონ, გაანაწილონ ეს თანხები უწყებებს შორის ყოველგვარი გეგმის გარეშე. სუს-ის დაფინანსება იზრდება 2 მილიონი ლარით, იცით ეს რას ნიშნავს? რომ უფრო მეტად მოგვისმენენ. სასწავლო ცენტრის აშენებისთვის უნდათ, რა უნდა ასწავლოს სუს-მა ადამიანებს, ვისაც ამ ცენტრში მიიყვანენ. ასწავლიან როგორ მოგვისმინონ, გვითვალთვალონ,"- განაცხადა ვაშაძემ.