"ჩვენ 30 ოქტომბერს არა აქცია, არამედ გამარჯვება დავაანონსეთ. ეს ორი სულ სხვადასხვა რამეა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ 30 ოქტომბერს არა აქცია, არამედ გამარჯვება დავაანონსეთ. ეს ორი სულ სხვადასხვა რამეა"

ჩვენ 30 ოქტომბერს არა აქცია, არამედ გამარჯვება დავაანონსეთ. ეს ორი სულ სხვადასხვა რამეა. გამარჯვების შემდეგ აქცია ძალიან ადეკვატური და უპრიანი იქნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში და 5 დიდ ქალაქში არჩევნებს მოიგებს.

"რაც უფრო მეტ ოლქში მოვიგებთ, უკეთესია. თბილისში და თუნდაც 5 მსხვილ ქალაქში გამარჯვება, იმ პირობებში, როცა მილიარდერის "შავი ფული", სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლითაც ცოცხიანი და ყავარჯნიანი ხალხი ჰყავს მობილიზებული და ხელფასს აძლევენ, [უკვე იქნება გამარჯვება].

კარგად ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი გაყალბების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციასთან "ქოცებმა“ ვერ გაიმარჯვეს, 60/40-ზეა გამარჯვება, ბუნებრივია, გვაქვს გამარჯვების კარგი და დიდი შანსი უმეტეს ქალაქებში. 5 მთავარ ქალაქში თუ გავიმარჯვებ თბილისის ჩათვლით, რა თქმა უნდა, საკმარისი იქნება. საპროტესტო აქცია თვითმიზანი არ არის. ნიკა მელიამ თქვა, რომ გამარჯვების აქციას ჩავატარებთ. გამარჯვებას ვიზეიმებთ მშვიდობიანად“, - განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ "ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში“, ბარამიძე ამბობს: "ვინმე ჭკუათმყოფელი გგონიათ, რომ სააკაშვილის გამოშვებას აქციის ფორმით ფიქრობდეს?“

"აქციები ციხესთან, სხვადასხვა ქალაქებში და სხვადასხვა ფორმით, ყოველდღიურ რეჟიმშია, მაგრამ ვინმე ჭკუათმყოფელი გგონიათ, რომ სააკაშვილის გამოშვებას აქციის ფორმით ფიქრობდეს? სულელი არავინ არ არის და ნურც თქვენ მოგვაყენებთ შეურაცხყოფას, რომ ჩვენ ასე გვეგონა და ამის ილუზიები გვქონდა. აქციით რომ გვგონებოდა, გუშინდელ აქციაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არის, ამის ილუზიები ჩვენ არ გვქონდა.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ყოველწუთიერი ამოცანაა ჩვენი, ქართველი ხალხის, უკრაინის მთავრობის, ჩვენი მეგობრების და უკვე სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ. აქ არ არის ერთი და ორი ფაქტორი", - განაცხადა ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"