"სააკაშვილის გათავისუფლება ხალხისთვის სულში ჩაფურთხებას ნიშნავს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გათავისუფლება ხალხისთვის სულში ჩაფურთხებას ნიშნავს"

"ჯალათი ციხეში!" - ამ მოწოდებით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სააკაშვილია მოთავსებული, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ჩატარდა. აქციაზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა.

"ამდენი სისხლი დაღვარა და ხედავთ, ისევ რა დღეში არიან?!"

თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა: - ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტერორისტივით შემოიპარა საქართველოში და დაკავებულია. იცით, რა მაინტერესებს? პირს, რომელიც დაკავებულია და მისჯილი არა აქვს სასჯელი, რა უფლებით ახვედრებენ ოჯახის წევრებს ან წერილებს აგზავნინებენ? სულხანის გამო მეც ვიყავი დაკავებული და სანამ არ მომისაჯეს, დარეკვის უფლებაც არ მომცეს. პარლამენტმა 190 კაცს მოგვანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი. მოვითხოვთ, ყველა ამ პოლიტპატიმარს სხვადასხვა ტელევიზიამ ეთერი დაუთმოს და თითოეული მათგანი მოჰყვეს, რის გამო იყვნენ დაკავებული და ყველა დაინახავს, ვინ იყო ნამდვილი პოლიტპატიმარი. მეც დამაკავეს იმის გამო, რომ ჩემს ძმას სარჩელი გამოეტანა სტრასბურგიდან და ის შედეგი არ დამდგარიყო, რომელიც დადგა - სულხანი გამართლდა და სტრასბურგმა მიანიჭა მას პოლიტპატიმრის სტატუსი, ევროსასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ სულხანი პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული. რატომღაც სულხან მოლაშვილზე არ უთქვამთ მელიას, ბარამიძეს და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს, პოლიტპატიმარიაო.

თანაგუნდელების გარდა, სააკაშვილზე რომელმა უცხოელმა ექსპერტმა, დამკვირვებელმა თუ მიშას ყოფილმა მეგობარმა თქვა, პოლიტპატიმარიაო? ვერც იტყვიან. პოლიტპატიმრები დავანახებთ ხალხს, ვის როგორ უსწორდებოდა მიშა სააკაშვილი. სულხანს ერთ დღეში აყიდვინეს აგარაკი და იმავე დღეს გადაიფორმა მთავრობამ. მიშამ რომ თქვა, მოლაშვილს აგარაკი აქვსო, ხომ უნდა გამართლებულიყო? ეს ყველაფერი ძალით გააკეთებინეს მის მეუღლეს, შეჰპირდნენ, მალე გამოვუშვებთო. მეუღლე ამბობდა, მინდოდა ჩემი ქმარი ოჯახთან ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ სულხანი მიკრძალავდა ამის გაკეთებასო. აყიდვინეს აგარაკი წავკისში, რომელიც იმავე დღეს მთავრობისთვის გადაგვაცემინეს. ეს დოკუმენტები დღესაც ხომ არსებობს? მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებამ აგარაკი სულხანის ოჯახს დაუბრუნა, დღესაც არ ვიცი, სად არის, არც წავსულვარ სანახავად, ბიბლიაზე დავიფიცებ. სააკაშვილის გათავისუფლება ხალხისთვის სულში ჩაფურთხებას ნიშნავს. ხალხი ნაწამებია, ამდენი სისხლი დაღვარა და ვერ ხედავთ, ისევ რა დღეში არიან? ბოდიშის მოხდაც არ უნდათ. ვერ გაიგეთ, რა თქვა გია ბუღაძემ? ვინც მიშას მხარეს არა ხართ, ყველას ჯოჯოხეთი გელოდებათო? ბუღაძე გასაგებია, მხარს დაუჭერდა - როცა მიშა იუსტიციის მინისტრი იყო, კონტროლის პალატამ შეამოწმა და არსებობს დოკუმენტი, რომ ბუღაძემ მინისტრის შესასვლელში ილია ჭავჭავაძის სურათი დახატა, რაშიც 250.000 ლარი აიღო. მერე ეს კედელი ჩამოინგრა და გაქრა ილიას სურათიც. ამას თუ ვინმე გააპროტესტებს, ვაჩვენებ საბუთს, რომ იუსტიციის სამინისტროს ბუღაძისთვის 250.000 ლარი აქვს გადახდილი. ისეთი ხალხია დაკავშირებული სააკაშვილთან, ვინც მის დროს აღზევებული იყო და ფულს შოულობდა. ახლა ბუღაძეს ვინ მისცემს ნახატში 250.000-ს? მხარს უჭერს, იმიტომ, რომ გაუთავდა ფული.

რა არ გაგვიკეთეს - სულხანის ვაჟსაც სცემეს, ლავიწის ძვალი ჩაუმტვრიეს და ბიჭს ორი ოპერაცია დასჭირდა, მერე სულხანს ციხეშიც შეუკერეს საქმე, ვითომ ექიმებს დაესხა თავს. როცა სულხანი პატრიარქმა შეაწყალებინა, მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე იყო. ჩვენი დევნა არ შეწყვეტილა, სულხანი რომ გარდაიცვალა, მერე დახურეს საქმე. მეც ციხეში მიკრეს თავი, რომელი ერთი მოვყვე, ოჯახის წევრებს დღედაღამ მანქანებით დაგვდევდნენ, არ გაგვახარეს.

"ნაციონალების" აქციაზე ის ხალხი იყო, ვინც მიშას დროს კომფორტულად ცხოვრობდა. 9 წელია ეს ხელისუფლებაა მოსული და ჩემზე ძალიან მასზე ვინმე თუა გაბრაზებული, არ ვიცი. დღესაც უმუშევარი ვარ და ზოგიერთი "ნაცმოს" აქტივისტი თანამდებობებზე ჰყავთ. ახლა არ არის იმის დრო, "ოცნებაზე" გაბრაზებული იყო, ჯობია, შეცდომები მივუტევოთ და ისევ ამათ დავუჭიროთ მხარი. ჩემზე მეტად განაწყენებული ამათ კაცი არ უნდა ჰყავდეთ, მაგრამ დღეს ამის დრო არაა, გვერდში უნდა დავუდგეთ ისევ ამათ, ისინი რომ არ დაბრუნდნენ და ისევ ხალხის წამება-ხოცვა არ დაიწყონ.

იმ აქციაზე ვინც იყვნენ, თავი-ბოლო, ეგაა "ნაცმოძრაობა". თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ძალისხმევა და ფული დახარჯეს ამ აქციის ჩასატარებლად. ვინც "ოცნებას" მხარს უჭერდა და დღეს მასზე განაწყენებულია, წყენა დავივიწყოთ და მხარი დავუჭიროთ, მერე იდაყვზე რომ არ ვიკბინოთ.

"ისეთი მტერი, როგორიც "ნაციონალური მოძრაობაა", საქართველოს არ ჰყოლია"

ია მეტრეველი, ბუტა რობაქიძის დედა: - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, სააკაშვილს და მის მომხრეებს ამ კრიმინალის პოლიტპატიმრად გასაღება რომ სურთ. რომელ პოლიტპატიმრობაზე აქვს პრეტენზია, ისეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი. რამდენ საქმეზე აქვს განაჩენი გამოტანილი და რამდენზე - არა, ეს ცალკე თემაა, კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. მთელი საქართველო გაანადგურა, 160 ბიჭი მარტო ქუჩაში ჰყავს დახვრეტილი. ისეთი დიდი მტერი, როგორიც "ნაცმოა", საქართველოს არ ჰყოლია. საუბედუროდ, დღემდე ხელს უშლიან ქვეყნის წინსვლას. იმ დღეს ველოდები, როდესაც ისინი პოლიტიკური ორბიტიდან გაქრებიან.

დიდი მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, ფულიც დაარიგეს. კარგად ვიცით მათი მეთოდები, თუმცა იქ არ იყო ხალხის ის რაოდენობა, რომელიც საქართველოს ბედს წყვეტს. ძალიან საწყენი და გასაკვირია, არჩევნების მეორე ტური რომ დაგვჭირდა. ჩემთვის ძალზე მტკივნეულია, 15-20 ლარზე რომ იყიდება ხალხი. ვთვლი, რომ "ნაციონალებმა" იმიტომ მიიღეს 30%, რომ 200 ათასი კაცი არ მისულა არჩევნებზე, ხალხს დაეზარა მისვლა, ჩათვალეს, "ოცნება" მაინც გასულიაო და არ მივიდა. ახლა იმედი მაქვს, მეორე ტურში დიდი პროცენტით დავამარცხებთ მათ და ეს ბოროტი ძალა ვერასდროს მობრუნდება.

როგორც ჩანს, მეხსიერება მაინც მოკლეა და ხალხს სჭირდება შეხსენება, რა გამოვიარეთ, რა ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით. რაც უნდა არ მოგწონდეს "ქართული ოცნება", ამ ხელისუფლების და მათი შედარება როგორ შეიძლება, ცასა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტერორში ვიყავით, ქუჩაში რომ გავიდოდით, შინ ცოცხლები მივიდოდით თუ არა, არ ვიცოდით. ეტყობა, ხალხს დაავიწყდა ეს ყველაფერი.

მიშას ისევ მიშისტები ნატრობენ. რაც უნდა მეწყინოს, მიშას მხარეს როგორ გადავალ? ხელისუფლებას მე იმაში ვადანაშაულებ, თავის დროზე რომ არ აგებინეს ყველაფერზე პასუხი. შერჩათ ბოროტება და ყველა უწყებაში არიან "ნაცები". ეს დიდი უბედურებაა. რაც შეეხება მიშას გათავისუფლებას, ეს იქნება ხალხის დაცინვა. ამას არ დავუშვებთ და ყველანი გარეთ გამოვალთ. კრიმინალს უნდა აგებინო პასუხი ისე, როგორც მას ეკუთვნის. გულდაწყვეტილი ვარ იმ ხალხზე, პეტიციას რომ აწერენ ხელს და მიშას გათავისუფლებას ითხოვენ. რომელ შეცოდებაზეა, ხალხო, ლაპარაკი?! რა, ინანიებს, შეწუხებულია, აღიარა რამე? ამათ მეორედ უნდათ მოსვლა და იმის მიღწევა, ვინც ცოცხალი დავრჩით, ისინიც დაგვწყვიტონ.

თანაგუნდელები ამბობენ, მიშას შეცდომები ჰქონდაო. შეცდომა ისაა, რისი გამოსწორებაც შეიძლება. გამოასწორონ შეცდომა, ჩემი შვილი დამიბრუნონ და მეც ვაპატიებ. სააკაშვილი პასუხს აგებს ყველაფერზე და არა მარტო ეგ, ყველამ უნდა აგოს პასუხი, რისი დიდი იმედიც მაქვს. მგონი, ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამათთან ლოიალურობა აღარ შეიძლება და ყველას პასუხი უნდა აგებინოს დანაშაულების სიმძიმის და ხარისხის მიხედვით.

"მიშას მალე ფოთის ფსიქიატრიულში გადაიყვანენ"

ვალერი გელაშვილი, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი: - "ნაცმოძრაობას" ურჩევნია, მიშა ისევ ციხეში იყოს, უფრო მეტ პიარს გაიკეთებენ.

ხედავთ, აქამდე თუ 26% ჰქონდათ, მისი დაჭერის შემდეგ 30%-ს ასცდნენ. მიშა ყველაზე დიდი, ნომერი პირველი კრიმინალია საქართველოში. მის გარეშე არაფერი კეთდებოდა, მასთან შეთანხმებით ხდებოდა ყველა უბედურება. მაგას რომ ჰკითხო, ჩემს სასტიკად ცემაშიც არ ურევია მისი ხელი. ოქრუაშვილმაც ხომ თქვა, ჯერ მე დამავალა და უარი ვთქვიო, მერე მერაბიშვილს მისცა დავალება და მან პირნათლად შეასრულაო. თქვენ გჯერათ, რომ მიშა პოლიტპატიმარია?

ხომ ამბობენ, პოლიტიკაში ყველაფერი დასაშვებიაო და ასეა ამ შემთხვევაშიც. მისი აქ ჩამოსვლა არეულობის შემოტანას ემსახურებოდა.

"ნაციონალებმა" ფული აკრიფეს და ისე ჩამოიყვანეს ხალხი რეგიონებიდან. საუბედუროდ, საქართველოში იმდენი გაჭირვებულია, 20 ლარის გულისთვის ყველა წამოვიდოდა, ისეთებიც, მიშა საერთოდ რომ არ აინტერესებთ. არავის არაფერი დავიწყებია, ყველამ კარგად იცის, რა ხდებოდა მისი რეჟიმის დროს. უბრალოდ, სოციალური ფონია ძალიან მძიმე - ზოგი უმუშევარია, ზოგს შია.

იმ რეჟიმის დროს 300 ათასი პირობით მსჯავრდებული იყო, ფული მიატანინეს, საპროცესოებით ხალხს სახლ-კარი გააყიდვინეს და პურის ფული არ დაუტოვეს. ასეთი ხალხი 100 ლარის გულისთვის აქციაზეც წავა და ყველაფერზეც. "ოცნება" იმაში შეცდა, საკმარისად რომ არ მოსთხოვეს პასუხი და არ დასაჯეს ის კრიმინალები. ვფიქრობ, ხელისუფლება ერიდებოდა, მეტი არ მოსვლოდა, "ნაცმოს" საკმარისად ჰყავდა და ჰყავს ლობისტები და, ალბათ, საერთაშორისო ურთიერთობების გაფუჭებასაც ერიდებოდნენ. ბოლოს გამოვიდა ისე, რომ "ნაცმო" შემორჩა მთავარ ოპოზიციურ ძალად. ჩვენი მენტალიტეტის ბრალიცაა, ყველას ლიდერობა უნდა, ვინც კი მოვიდა პოლიტიკაში, ყველამ პარტია შექმნა. როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი პარტია იყოს? არარსებულ სკამებს და თანამდებობებს ვერ იყოფენ, ჯერ საქმე არ გაუკეთებიათ და ქონებას იყოფენ, ვერც ერთობაზე თანხმდებიან.

ყველამ კარგად იცის მიშას საქმეები. მე ისიც ვიცი, რომ მიშა ლიტვაში ჰყავდათ ექსპერტიზაზე და მას შიზოფრენია, მანიაკური ფსიქოზი დაუდგინეს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მიშა ავადმყოფია? მარტო მისი ქცევით და ვიზუალით შეიძლება ადამიანმა დასკვნა გამოიტანოს, არ უნდა ამას ექსპერტობა.

ვიცი, მიშას ცოტა ხანში სადაც გადაიყვანენ - ფოთის ფსიქიატრიულში და დააწყნარებენ. რომც გაათავისუფლონ, გგონიათ, მიშა საქართველოში თავისუფლად იცხოვრებს? მისთვის კარგი იყო შორს ყოფილიყო, ან ციხეში, უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი იქნებოდა.

მას იმდენი მტერი ჰყავს და იმდენი გამწარებული, მე იმათთან შედარებით არაფერი ვარ. მაგ რუსეთის აგენტმა რუსეთს ქვეყნის 20% ჩააბარა და ამისთვის რამდენი გადაუხადეს, ეს მეორე საკითხია.

მე ვილნიუსში ვსაქმიანობდი. ჩემი გაზრდილი ყოფილი სპორტსმენები სპეცსამსახურებში მუშაობენ. შურისძიება რომ მნდომოდა, მიშა იქ ხშირად დადიოდა ქუჩებსა და რესტორნებში, მას ბელგიაშიც ვნახავდი და ყველგან, მაგრამ რევანშზე არც მიფიქრია, ამით თავს დავიმცირებდი. ახლა მიშა წყნარად უნდა იჯდეს ციხეში, მაგალითი მისცეს სხვა პატიმრებსაც და როცა იქნება, კარგად მოქცევისთვის გამოუშვებენ.

არ მოისვენა, იფართხალა და თვითონ შეყო თავი ხაფანგში. ახლა კეთილინებოს და იჯდეს, სადაც ზის. ხელისუფლებას რომც უნდოდეს, ვერ გაუშვებს. იჯდეს 2-3 წელი, მოინანიოს, ცოტა ეზო დაგავოს, ციხის ტუალეტები ხეხოს, სამაგალითო გახდება, იტყვიან, გამოსწორდაო და გამოუშვებენ.