"ხელისუფლებას მოუწევს სააკაშვილის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას მოუწევს სააკაშვილის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა"

"ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე ტვირთია ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა"

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხალხმრავალი აქციები ბიძინა ივანიშვილს შეაშინებს. მას რომ ხალხის აზრი არ აინტერესებს, ეს დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ის ყველას აზრს უგულებელყოფს. მისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა, რადგან შეიძლება პოტენციური საფრთხე იყოს ივანიშვილის ძალაუფლებისთვის. ამიტომ, ცხადია, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოცემულობა არ შეიცვალოს", - ამბობს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე.

რას მოასწავებს 14 ოქტომბერს გამართული ფართომასშტაბიანი აქცია, მოუწევს თუ არა ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ნინო კალანდაძეს ესაუბრა.

- ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი დააპატიმრა იმისთვის, რომ მომხდარიყო იმ 9 წლის დემონიზება. ამ რიტორიკით საზრდოობს "ქართული ოცნება". სააკაშვილის დაპატიმრება იყო სიმბოლო იმ მორევისა, რასაც მმართველი ძალა სთავაზობს ამომრჩეველს.

ამ აქციით მოსახლეობამ, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ მსოფლიოს დაანახა, რომ მისთვის მიუღებელია იმ წარსულის გაშავება, როცა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები იქმნებოდა. აქციაზე ბევრი მოქალაქე იყო, რომელთაც პრეტენზია აქვთ მაშინდელ ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამისა, გამოვიდნენ ქუჩაში და თქვეს, რომ თუ გვინდა ქართული სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა ვიჭერდეთ ყოფილ პრეზიდენტებს.

აქციაზე მისულმა ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, რომ ის რიტორიკა, რომელზეც "ქართული ოცნება" დგას, საფუძველგამოცლილია. საქართველოს მოსახლეობა ამას არ იზიარებს.

თუმცა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხალხმრავალი აქციები ბიძინა ივანიშვილს შეაშინებს. მას რომ ხალხის აზრი არ აინტერესებს, ეს დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ის ყველას აზრს უგულებელყოფს. მისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლების შენარჩუნება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა, რადგან შეიძლება პოტენციური საფრთხე იყოს ივანიშვილის ძალაუფლებისთვის. ამიტომ, ცხადია, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოცემულობა არ შეიცვალოს.

არ გვქონდეს ილუზია, რომ ამ ერთი აქციით რამე კარდინალურად შეიცვლება, მაგრამ მნიშვნელოვანია დაფიქსირებულიყო, რომ მოსახლეობას სურვილი აქვს სახელმწიფოში ცხოვრობდეს და არა ერთი პირის მართულ ქვეყანაში. დავრწმუნდით, რომ ქართველი ხალხი დამოუკიდებლად აზროვნებს და ამბობს, რაც არ მოსწონს. მაგალითად, არ მოსწონს, რომ ქვეყანაში იყვნენ პოლიტპატიმრები და ქვეყნის რეალურ განვითარებას პერსპექტივა წაერთვას.

- სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს. - ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ამის რისკი ძალიან კარგად იცის. სააკაშვილმა იცის, რომ რუსეთის გავლენის მქონე ხელისუფლების საპატიმროში ყოფნა უსაფრთხო არაა, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, ვინც პუტინისთვის პირდაპირი საფრთხეა. ამ რისკის თავზე აღება ნიშნავს, რომ როგორც უნდა წარიმართოს პროცესები, "ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო არ იქნება. ვფიქრობ, შიმშილობა უკიდურესი ზომაა, რაც ძალიან დააზიანებს მის ჯანმრთელობას და ეს პოლიტიკურ პროცესზე იქონიებს გავლენას. ეს არ არგებს არათუ "ქართულ ოცნებას", სახელმწიფოსაც.

- როგორ ფიქრობთ, მოუწევს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლება? - ვფიქრობ, მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა. მისთვის სააკაშვილი იმდენად დიდი საფრთხეა, ცხადია, საპირწონედ ძალიან დიდი ზეწოლაც უნდა იყოს. ნებისმიერი, მათ შორის ავტორიტარული ხელისუფლებისთვის, ძალიან მძიმე ტვირთია ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა, მით უმეტეს, თუ ის საერთაშორისო დონის პრეზიდენტია.

- იქნება კი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლა საპირწონედ დიდი? - იქნება, მით უმეტეს, პრეზიდენტის შიმშილობის ფონზე ეს ყოველდღიურად მზარდი იქნება.

- რა ვუყოთ იმ ბრალდებებს, რომლებიც სააკაშვილს წაუყენეს? ან რა პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ მათ, ვინც სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალდა? დღეს ისინი ხელმოწერებს აგროვებენ, რომ სააკაშვილი არ გათავისუფლდეს. - ხელმოწერებს "ქართული ოცნება" აგროვებს, რათა თავისი პოლიტიკა გაამართლოს. ფაქტი ერთია - სააკაშვილი რა დამნაშავეც უნდა იყოს, ეს უნდა ექვემდებარებოდეს დასაბუთებას. ამასთან, მის წინააღმდეგ მართლმსაჯულების პროცესს მინიმალური ნდობა უნდა ჰქონდეს, ჩვენი პროკურატურა და სასამართლო კი არ სარგებლობს არც ნაციონალური და არც საერთაშორისო ნდობით. ამიტომ ეს პოლიტიკური დევნაა. სამართლებრივ თემებზე საუბარი შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოში. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ჩვენ ასეთი სახელმწიფო არა გვაქვს.

ორი აზრი არ არსებობს - სააკაშვილი პოლიტპატიმარია, რადგან საფრთხეა ივანიშვილისთვის.

- არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდა, რათა როგორც თავის დროზე ივანიშვილი ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოს.... - ჩემი აზრით, ეს მოსაზრება სპეკულაციური და საფუძველს მოკლებულია. არანაირი ლოგიკით ეს არ დასტურდება. პატარ-პატარა პარტიები იმთავითვე ხელოვნურად შეიქმნა, რათა პლურალიზმის ილუზია შექმნილიყო. პარტიები, რომლებსაც 1%-იანი ნდობა აქვთ და მათთვის ხელოვნურად დაიწია ბარიერი, იმთავითვე განწირული იყვნენ. ისინი იმიტომ კი არ გაიკრიფნენ, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა, არამედ იმთავითვე არ არსებობდნენ. ამიტომ მესამე, თუ რაღაც ძალებზე საუბარი არარელევანტურია.

- რა მოხდება არჩევნების მეორე ტურზე? - ვფიქრობ, აქციები უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ მეორე ტურიც ისეთივე იქნება, როგორიც 2016 ან 2018 წლებში ჩატარდა. ეს იყო კლასიკური სპეცოპერაცია. ყველა არჩევნები გაყალბდა. ამიტომ არა მაქვს ილუზია, რომ მეორე ტური სამართლიან გარემოში ჩაივლის. იმედია, ოპოზიციას აქვს გეგმა, რომ იყოს საპროტესტო მუხტის მატარებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ დიდხანს გვეყოლება არალეგიტიმური ხელისუფლება.