"3+3-ის ფორმატი კრემლის ფანჯრებიდან იკითხება როგორც 3+5" - კვირის პალიტრა

"3+3-ის ფორმატი კრემლის ფანჯრებიდან იკითხება როგორც 3+5"

"რუსეთი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს საზღვრის დელიმიტაციისკენ მოუწოდებს", - გასულ კვირას ასეთი განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძის შეფასებით, რუსეთი მუდმივად ცდილობს საქართველოს პრობლემები გამოიყენოს და მსგავსი განცხადებებით ვითარება უფრო გაამწვავოს.

- ეს განცხადება კრემლის რეფლექსია. მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებენ და აცხადებენ, თითქოს დასავლეთის სანქციები მათზე არ ასახულა, სინამდვილეში ძალიან მწვავე ეკონომიკური კრიზისი აქვთ. რუსეთში ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ რუსული რეპრესიული მანქანა ერთიანად შეცვლილია. "როსგვარდიის" დანაყოფის რეფორმა პანდემიის დროს მმართველ ელიტას იმისთვის დასჭირდა, რომ მოსახლეობის ნება დაეთრგუნა. ოპოზიციაზე წნეხი ნემცოვის მკვლელობით დაიწყო და ნავალნის დევნით გრძელდება. კრემლში ცდილობენ აქცენტი იმაზე გადაიტანონ, რაზეც ნებისმიერი ხელისუფლების დროს ხალხის დაკვეთაა - ეს არის სუპერძალა. ისინი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ნარატივით იკვებებიან. პირველად პუტინის რიტორიკაც ეს იყო, რუსეთი ფეხზე უნდა დავაყენოთო!..

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ხელისუფლების ასეთი განცხადებები ყურადღების საგარეო პოლიტიკაზე გადატანასაც ემსახურება? - ნაწილობრივ. სურთ მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი აქტორია. შესაბამისად, რუსეთი საქართველოს შესახებ იმავე შინაარსის განცხადებებს აკეთებს. რუსული დიპლომატიისგან ეს ახალი არ არის. კრემლი პოლიტიკას არ ცვლის - ჯერ აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა, 2015 წელს განაახლა სტრატეგია და გამოაცხადა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობის ინტენსიფიკაცია გვაქვსო. ამიტომ ქართულ მხარეს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ რუსეთი დეოკუპაციისთვის რამეს გააკეთებდა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ამ საქმისთვის არ გვცალია, მუდმივად შიდა პროცესებით ვართ დაკავებული, ქვეყანაში მუდმივად რყევებია, რაზეც ყველა პოლიტიკურ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით კი მმართველ ძალას. ამდენი წელია ხელისუფლებაში არიან და ქვეყნის განვითარებას დიდად არაფერი ეტყობა. ამიტომაც სარგებლობს რუსეთი ჩვენი სისუსტით, დაბნეულობით. მისგან მომავალი საფრთხე არსად წასულა და არც წავა, სანამ ჩვენ არ ვაჩვენებთ, რამდენად ადეკვატური ვართ მის პირისპირ. კრემლს სამხრეთი კავკასია, განსაკუთრებით კი საქართველო, ყოველთვის აინტერესებდა და დღესაც ასეა. ამიტომაც ცდილობს ჩვენს დასუსტებას, რათა თავის ორბიტაზე გვატრიალოს. შეეცდება ქართული პოლიტიკური ელიტა რამე ფორმით აიძულოს იმ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუებას, რასაც სთავაზობს - 2008 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი აღიარა და ამით ჩვენთან კონფლიქტი თითქოს ამოწურა. სამართლებრივად ეს რეგიონები ოკუპირებულია, თუმცა რუსეთი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში სამი კი არა, ხუთი სახელმწიფოა. 3+3-ის ფორმატი, რომელზეც ახლა ასე აქტიურად საუბრობენ, კრემლის ფანჯრებიდან იკითხება როგორც 3+5 და როგორ ვაპირებთ მასთან სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობას, როგორი რეგიონული და გეოპოლიტიკური ფორმატიც უნდა არსებობდეს?! არც თურქეთს და არც აზერბაიჯანს არასოდეს გამოუთქვამთ იმპერატიული მოთხოვნა, რომ საქართველომ ამ ფორმატში რუსეთთან ერთად უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასე რომ, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ამ პროცესში რამე ფორმით უნდა ვიყოთ ჩართული, დასაბუთებასა და ლოგიკას მოკლებულია.

რუსეთი მუდმივად გვადევნებს თვალყურს და ხედავს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება, ქვეყანა ინსტიტუციურად დასუსტებულია, საზოგადოება პოლარიზებული. მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა არაერთ სფეროში იმედი გაუცრუა მოსახლეობას, ეკონომიკური რეცესიის შეჩერება ვერ შეძლო.

ამ ყველაფრის კვალდაკვალ ძალას იკრებს რადიკალური ოპოზიცია, ექსპრეზიდენტის დაბრუნებამ ახალი სული შთაბერა მას და იმ კრიტიკული მასის კონსოლიდაცია მოხდა, რომელსაც ცვლილებები სურს. არადა, დიდი დრო ჰქონდათ ვითარების ისე შესაცვლელად, რომ მოსახლეობას "ნაციონალებისა" და მისი ლიდერისკენ არც გაეხედათ, მაგრამ გასულ კვირას თავისუფლების მოედანზე შეკრებილი რამდენიმე ათასი კაცი ისევ "მიშა, მიშას" გაჰყვიროდა...

ასე რომ, ახლა, როდესაც საქართველოს სამხედრო პოტენციალი ომში დამარცხებულ სომხეთსაც კი ჩამორჩება, დასავლეთზე დამაბნეველ განცხადებებს ვაკეთებთ და რუსეთი, ჩვენი სტრატეგიული მეტოქე, ყველა ბერკეტს გამოყენებს და შეეცდება მუდმივად შიდარყევებზე გადართული საქართველო ტერიტორიების დაკარგვას შეაგუოს. რუსეთი ხედავს იმასაც, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ისეთი ინტენსიური ურთიერთობა აღარ აქვს, ვინაიდან ქართველმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის დახმარება აღარ გვჭირდება, რადგან "ეკონომიკა დუღს".

- ამ ვითარებაში რა ბერკეტი რჩება საქართველოს საფრთხის თავიდან ასაცილებლად? - საერთაშორისო საზოგადოებრიობის გასაგონად კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ მარტივი ჭეშმარიტება: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ მხარეები უარს ამბობენ კონფლიქტის გადაწყვეტისთვის ძალის გამოყენებაზე - ძალის გამოუყენებლობაზე საქართველოსაც და რუსეთსაც საერთაშორისო ვალდებულება აქვთ აღებული და ახალი დოკუმენტის გაფორმება აღარ გვჭირდება. ამაზე ყველა ტრიბუნიდან უნდა ვსაუბრობდეთ. ყველას უნდა ვახსენებდეთ, რომ ჟენევის ფორმატში რუსული მხარისა და მისი პატარა პროტეჟეების, აფხაზებისა და ოსების ლიდერების შემოთავაზებულ მარაზმში არ ვმონაწილეობთ. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ახსოვთ, როგორ მისცა მაიკ პომპეოს სიტყვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომ ანაკლიის პროექტი ბოლომდე მივიდოდა, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. საქართველოში სიტყვის ფასი უნდა ვიცოდეთ. რომ არ ვიცით, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაშინ, როდესაც პრემიერმა გიორგი გახარიამ დასავლეთს საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობა მისცა, მაგრამ შემდეგ ვითომ მაჟორიტარები აჯანყდნენ და ეს პროექტი ჩავარდა. ცალკე საკითხია მმართველი გუნდის შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა. თუ ის ხალხი არ გვჭირდებოდა, რას ვაწვალეთ?! ასეთი შემთხვევები პარტნიორების ნდობას დაგვიკარგავს და ქვეყნის პრესტიჟიც შეილახება.

სამხრეთ კავკასიის რეალობის გათვალისწინებით უნდა ვეცადოთ თანამშრომლობის მექანიზმების განმტკიცებას, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში ჩვენი როლის გაზრდას, ნატოსთან კომუნიკაციის უფრო ინტენსიფიკაციას. სხვა შემთხვევაში რუსეთი ვაჭრობას გააგრძელებს - ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის გარდა, მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას... კრემლს კარგად ესმის, რომ საქართველოში "საზღვრის დელიმიტაციის" საკითხს არ განიხილავენ, მაგრამ რუსული დიპლომატიის ლოგიკით, რაც მეტს მოითხოვენ, სასურველის მიღების მეტი შანსი ექნებათ.

არა მაქვს იმედი, რომ ამ საფრთხეებს შესაბამისად ვაცნობიერებთ. ადეკვატური ნაბიჯების ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება აბსტრაქტულ თემებზე საუბრობს, 3+3 ფორმატში ჩართვა რთულია, მაგრამ გეოპოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩენაც რთულიაო, ამას ამბობს მაშინ, როცა ამ ფორმატში მთავარი აქტორი ოკუპანტი სახელმწიფოა.

რუსეთთან საქართველოს სამშვიდობო შეთანხმებაც კი არა აქვს დადებული. ვიღაცები წლების განმავლობაში მითური ყარსის ხელშეკრულებით კვებავდნენ საზოგადოებას, შეთანხმებას ვადა გასდის და მალე აჭარაში თურქული არმია შემოვაო. ხელისუფლებას ერთხელაც არ უთქვამს, ხალხო, სისულელეა, ყარსის ხელშეკრულება ოსმალეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო და ახლა არც ერთი აღარ არსებობსო. შესაბამისად, საფრთხეც აღარ არსებობს. ამ საფრთხობელა არგუმენტს ანტითურქული ძალები კარგად ამუშავებენ მაშინ, როდესაც რუსეთთან ისევ საომარ მდგომარეობაში ვართ.