"მშვიდად იყავით, მიშას არაფერი მოუვა" - კვირის პალიტრა

"მშვიდად იყავით, მიშას არაფერი მოუვა"

ჯანდაცვის სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნა კონსილიუმი. ექიმები მის ჯანმრთელობაზე მსჯელობენ.  როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხანგრძლივი შიმშილობის დროს არსებობს სიკვდილის დიდი რისკი, უმეტესად, ინფექციის ან გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის გამო. პენიტენციურ დაწესებულებაში ამბობენ, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს მუდმივად აკვირდება სამედიცინო პერსონალი.

მირიან ნიკოლაძე, იურისტი: - დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილის იძულებითი მკურნალობა დაუშვებელია. სამედიცინო დახმარება, თუნდაც ხელოვნური კვება, დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი. შიმშილობის დაწყებისას და მერეც სამედიცინო პერსონალი მოშიმშილეს რეგულარულად უხსნის საფრთხეს, რაც შეიძლება მის ჯანმრთელობას მიაყენოს შიმშილობამ. ექიმი ადგენს შესაბამის ოქმს, რათა დარწმუნდეს, რომ მოშიმშილემ გააცნობიერა მიღებული ინფორმაცია... შიმშილობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 საათისა მოშიმშილეს უტარდება ზოგადი სამედიცინო შემოწმება. ამასთანავე, ექიმი აფასებს მოშიმშილის ფსიქიკურ მდგომარეობას, რათა განსაზღვროს, აქვს თუ არა მას ფსიქიკური აშლილობის ისეთი ნიშნები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას...

ექიმი ვალდებულია, ყოველდღიურად განცალკევებით გაესაუბროს მოშიმშილეს და დაადგინოს, უნდა თუ არა ბრალდებულს/მსჯავრდებულს შიმშილობის გაგრძელება და რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, როცა მას აღარ ექნება გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ექიმი მოშიმშილის მიმართ ადმინისტრაციის არასათანადო მოპყრობის ან ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ან/და სახალხო დამცველსა და მასთან მომუშავე სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს...

თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწესებულებაში მისი დატოვება შეუძლებელია, ექიმის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაიყვანენ დეპარტამენტის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში... მოშიმშილეს მიეწოდება საუზმე, სადილი და ვახშამი დადგენილი ნორმების მიხედვით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებით...

დადგენილებაში წერია, რომ მედპერსონალს შეუძლია იძულებით ჩაერიოს, თუკი დადგინდება, რომ სიკვდილი გარდაუვალი იქნება. ასეთ შემთხვევაში სასჯელაღსრულების სისტემას შეუძლია მისი ხელოვნურ კვებაზე გადაყვანაც და სათანადო სამედიცინო მომსახურებაც, ასე რომ, მშვიდად იყავით, არავის არაფერი მოუვა.

- სამართლებრივად შესაძლებელია სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა?

- მოდი, ამ საკითხის მორალური და იურიდიული მხარეები განვიხილოთ. მე "ნაციონალებთან" არასოდეს დავდგები, რადგან ესენი შინაური მტრები არიან, მაგრამ "ოცნებამ" თავისი არასწორი პოლიტიკით, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ცინიზმით იმდენი ქნა, ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. მე ვიცნობ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებიც სააკაშვილის დროს ან თვითონ აწამეს და ტანჯეს, ან - მათი ოჯახის წევრი, მაგრამ იმ მიტინგზე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიშას აგინებენ, ისეთი პროტესტი გაუჩნდათ "ოცნების" მიმართ, რომ იქ დადგნენ. ეს არის მორალური მხარე. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, შეწყალების გარდა, არ არსებობს იურიდიული ფორმა, რომ ადამიანს, რომელსაც სამი ინსტანციის გამოტანილი განაჩენი აქვს, რაღაც შეუცვალო. ეს წარმოუდგენელია.

"ვაპატიე, მაპატიე" სახელმწიფო მოხელის ტერმინოლოგიაში არ უნდა იყოს. ვინ ვის შეუნდო, არავის აინტერესებს. სახელმწიფოში არის კანონი და მე, როგორც მოქალაქე, სახელმწიფოსგან ამ კანონის შესრულებას ვითხოვ! სამართლიანობის აღდგენას კი არ ვითხოვ, არამედ კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი პირის დასჯას, სანაცვლოდ კი, მეცხრე წელია, ვიღებ "ოცნების" სიებს, სადაც კანდიდატებად არიან კუდ-ის, სოდ-ის, "ნაცმოძრაობის" შტაბების სისხლისმსმელები! რაც ხდება, ამას "ოცნება" იმსახურებს.