"სააკაშვილი მოტყუვდა, ვიღაცამ შეაცდინა, ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა, ვისაც ენდობოდა..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი მოტყუვდა, ვიღაცამ შეაცდინა, ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა, ვისაც ენდობოდა..."

"ჩვენ ახლა დენთის კასრზე ვსხედვართ და პატარა ნაპერწკალი გვჭირდება. მიუხედავად იმისა, 14 ოქტომბრის მიტინგს მოტივაცია აკლდა, შემიძლია გითხრათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე იგრძნობოდა. საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ქვეყანაში საშინელება ხდება, ადამიანები ერთმანეთს გადაკიდებული არიან პოლიტიკური ნიშნით... დღევანდელი სიტუაცია 90-იან წლებს მაგონებს", - ასე აფასებს ბოლოდროინდელ მოვლენებს ანალიტიკოსი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე.

რამდენად შესაძლებელია დაპირისპირების საფრთხე რევოლუციაში გადაიზარდოს, ვის აძლევს ხელს 90-იანი წლების დაბრუნება და სად შეიძლება იყოს გამოსავალი, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- მე მახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგები 2000-იან წლებში, მაშინ ბევრად ძლიერი და ემოციური მუხტი იყო. ასეთი რამ ახლა არ იგრძნობოდა. უფრო მეტიც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დეზორიენტირებული იყო, კარგად არც იცოდნენ, რისთვის შეიკრიბნენ, არც ხვალინდელი დღის პერსპექტივა იგრძნობოდა, მაგრამ დაპირისპირების საფრთხე ძალიან რეალურია და ხელშესახები.

- ამ დაპირისპირებაში ერთ მხარეს დგანან მმართველი გუნდი და მისი მხარდამჭერები, მეორე მხარეს კი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე ჩამოართვა ქვეყნის მართვის მანდატი. რამ განაპირობა ერთხელ უკვე დისკრედიტირებული ძალის იმ დონემდე გაძლიერება, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლის შესაძლებლობა მიეცა? - კოაბიტაციის მახინჯმა ფორმამ, რომელიც დაუშვა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. კოაბიტაციის თანმხლები პროცესი იყო "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვება და ამ პოლიტიკური ორგანიზაციიდან წევრების პორტირება. მოქალაქეს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უკანონოდ ჩასვეს ციხეში, ქონება წაართვეს ან სხვა ღირსების შემლახავი რამ დამართეს, და დღეს ცდილობს სამართლიანობის აღდგენას, პროკურატურაში მისულს ისევ ის პროკურორი ხვდება, რომელმაც თავის დროზე უკანონო განაჩენი გამოუტანა; ან ნოტარიულ კანტორაში მიდის და, ისევ ის ნოტარიუსი ხვდება, რომელმაც მისი ქონება შუაღამისას სხვას გადაუფორმა. სანამ ამ კუთხით არ აღდგება სამართლიანობა, მანამდე პროცესი არ დაწყნარდება.

- თქვენი კოლეგა ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, "ქართულმა ოცნებამ" კოაბიტაციის ასეთი ფორმა იმიტომ დაუშვა, რომ სპარინგპარტნიორად დისკრედიტირებული ძალა დაეტოვებინა და ამ ფორმით შეენარჩუნებინა ძალაუფლება.

- ეს ანალიტიკოსები ხელისუფლების შეცვლის დროს მაგრად იყვნენ შეშინებული და ძალიან გაუხარდათ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" კოაბიტაციის გზა აირჩია, ახლა დგანან და თამამად განსჯიან მმართველ გუნდს. ამ კოაბიტაციის გამო მმართველი გუნდი მეც არაერთხელ გამიკრიტიკებია, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებიდანაც იმის გამო წამოვედი, რომ სამართლიანობის აღდგენას არ დაადგა საშველი.

მე ვიცი, რა ტიპის ზეწოლა იყო დასავლეთიდან "ქართულ ოცნებაზე" იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეზღუდულიყო "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მე ამიტომ ვახსენებ ხშირად კოაბიტაციის მახინჯ ფორმას, თორემ კოაბიტაცია თავისთავად გარდაუვალი იყო. სხვათა შორის, კულუარული შეხვედრებისას ჩვენ ხშირად ვსაყვედურობთ დასავლელ პარტნიორებს, ახლა რომ ცდილობთ სამოქალაქო დაპირისპირების ჩაცხრობას, ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ, როდესაც ტანსაცმელშემოხეულები ითხოვდით "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეუხებლობას-მეთქი. კონგრესმენები შახინი და რიში მართალს ამბობენ, ნამდვილად კატეგორიულად მოსთხოვეს სააკაშვილს ხელისუფლების გადაბარება, მაგრამ "ქართული ოცნებისგანაც" მოითხოვდნენ, რომ ლოიალურები ყოფილიყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულების მიმართ. სხვათა შორის, დიმიტრი შაშკინმა რაღაც მომენტში ქვეყანა სიტუაციის არევას გადაარჩინა, თორემ ძმები ახალაიები დემარშს აპირებდნენ. შაშკინმა ეს ამბავი ამერიკის ელჩს შეატყობინა, იმან მიშას დაურეკა და ატყდა ერთი ამბავი. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ მინდა საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა გარდაუვალი იყო კოაბიტაცია, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. ასეთი ტოტალური შენდობა არ შეიძლება, მით უფრო მაშინ, როდესაც დამნაშავე დანაშაულს ვერ იაზრებს და უფრო მეტიც, სიტუაციას ამძაფრებს.

- მაშინ როდესაც სააკაშვილი ციხეშია, მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ, დასავლეთი კი გამადიდებელი შუშით გვაკვირდება, ხელისუფლებას რა გამოსავალი აქვს? - ხელისუფლებას პრინციპულობა მართებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილი დამნაშავე რეჟიმის სახეა. თუ შენიშნეთ, მიტინგზე ჩამოყვანილ მოქალაქეებში ერთგვარი პროპაგანდისტული გზავნილი იყო გავრცელებული. მათი ერთი ნაწილი ამბობდა, რომ სააკაშვილს არავითარი დანაშაული არა აქვს ჩადენილი. ამათზე არაფერს ვამბობ, მაგრამ მე მხედველობაში მყავს ის ნაწილი (მათ შორის არის გიული ალასანიაც), რომელიც ამბობს, რომ დანაშაული ჩაიდინეს მეორე-მესამე რგოლებში და ამის შესახებ სააკაშვილმა არაფერი იცოდა. ვერ ხვდებიან, რომ ამ ლოგიკით სააკაშვილის დისკრედიტაციას ახდენენ?! გამოდის, ტელეიმედში რომ 500 სპეცრაზმელი შევარდა, სააკაშვილმა არ იცოდა. ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება, სტალინზე რომ ამბობდნენ, რეპრესიებზე არაფერი იცოდაო.

- თქვენი აზრით, რას აპირებს სააკაშვილი, არის თუ არა მის გეგმაში რევოლუცია? - სააკაშვილს რევოლუცია, უფრო სწორად, რევანში ძალიანაც უნდა, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მოტყუვდა, საქართველოში რომ ჩამოვიდა. მართალია, მისი თანაგუნდებელი ცდილობენ სააკაშვილის მცდარი ნაბიჯი გაამართლონ და ჰეროიკული ფორმა შესძინონ, მაგრამ სინამდვილეში მოტყუვდა, ვიღაცამ შეაცდინა. ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა, ვისაც ენდობოდა.

- საინტერესოა, რამდენად აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" რევოლუციის რესურსი? - მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებში იმ ენერგეტიკულ რესურსს ვერ ვხედავ, რაც რევოლუციის მოსაწყობად არის საჭირო, მაინც მგონია, რომ ძალიან დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყანას აქ არეული სიტუაცია სჭირდება. საქართველო ისევ ხდება საკვანძო ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, მიუხედავად იმისა, გვივარგა თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია. დასავლეთისთვის საქართველო ერთადერთი ბლოკპოსტია სამხრეთ კავკასიაში დასაბრუნებლად. მე ძალიან ნიშანდობლივად მომეჩვენა ის, რომ რუსეთის ტელეარხი "როსია" გადასცემს თბილისში მიმდინარე აქციას და სკრინი მოდის "მთავარი არხისგან". ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. მე, რა თქმა უნდა, ხელს ვერ დავადებ "მთავარ არხს", რომ რუსეთის დაკვეთით მუშაობს, მაგრამ ეს უჩვეულო ფორმა ეჭვს ნამდვილად აჩენს.

- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ, სააკაშვილის საქმეში პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, მაგრამ იმასაც ამბობთ, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების პრინციპულობა სიტუაციას უფრო არ დაძაბავს და მტრულად განწყობილი ქვეყნისთვის სასურველი სცენარი ხომ არ განვითარდება? - ხელისუფლება იმის არის, რომ თავისი ძალა აჩვენოს, მუდმივი კუდის ქიცინით ფონს ვერ გავა. რა შეიძლება გამოვიდეს აქედან? უკრაინა ძალიან აქტიურობს ამ საკითხში და არ გამოვრიცხავ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინაში. ეს უკანონო იქნება, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გამართლებული იქნება. პირადად მე ვითარებიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

ხათუნა ბახტურიძე