"სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს" - კვირის პალიტრა

"სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს"

"ვხედავთ და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება", - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ქართველი კოლეგა, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები რამდენად არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, ლოიდ ოსტინმა უპასუხა, რომ საქართველო აგრძელებს პროგრესს თავდაცვის სფეროში და აშშ მხარს უჭერს მას დემოკრატიული განვითარების გზაზე.

"საქართველო აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმის სფეროში. დღეს შესანიშნავ ლიდერებთან გვქონდა შეხვედრა. გვქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გვესაუბრა მათთან, განგვეხილა მთელი რიგი სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი,რომელსაც ახლა ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, რომ წვლილი შევიტანოთ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში, დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში. ასევე იმაში, რომ საქართველომ უკეთ შეძლოს თავის დაცვა და აგრესიის შეკავება.

რაც შეეხება მხარდაჭერას, აშშ მუდმივად, დამოუკიდებლობის დღიდან უჭერდა მხარს დემოკრატიის გზაზე მის ძალისხმევას. ვხედავთ და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება",- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის უმაღლესი პირი საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოვიდა. ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. ლოიდ ოსტინი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ვიზიტის დასასრულს ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

"3+3 ფორმატზე საუბრისას, ვიტყოდი, რომ სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს", - როგორც ოსტინმა აღნიშნა, სჯობს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ითანამშრომლონ და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა.

3+3 ფორმატზე აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"