"ჩვენ შეგვიძლია სააკაშვილის და მისი პარტიის წარმომადგენლების ჩანაწერი ამოვიღოთ, სადაც ზიზღის ენას არ იშურებენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შეგვიძლია სააკაშვილის და მისი პარტიის წარმომადგენლების ჩანაწერი ამოვიღოთ, სადაც ზიზღის ენას არ იშურებენ"

"მეორე ტურის შემდგომ ვითარება დასტაბილურდება და საზოგადოება დამშვიდდება - მომდევნო სამი წლის განმავლობაში გვაქვს პერიოდი, როდესაც ქვეყანას უნდა მივხედოთ", - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, 2024 წლამდე პოლიტიკური სპექტრი გადაიხედება, "ოპოზიცია მიხვდა, რომ საჭიროა ნელ-ნელა ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბება მოხდეს".

"ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ იყვნენ დღის წესრიგში, ნელ-ნელა უნდა განელდეს. ქვეყანას აბსოლუტურად სხვა მიზნები და გამოწვევები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ასეც მოხდება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა შეიგნოს, რომ საზოგადოებას წარსულში დაბრუნება არ სურს. არადა არც მალავენ და საჯაროდ ამბობენ, რომ სურთ, ისევ ის რეჟიმი არსეობდეს, რა რეჟიმშიც ხელისუფლებას ფლობდნენ. საზოგადოებას ერთსა და იმავე წრეზე სიარული მობეზრდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება შერიგების თაობაზე მესამე პრეზიდენტის გზავნილს, მაჭარაშვილის თქმით, "მიხეილ სააკაშვილს თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს".

"ჩვენ შეგვიძლია მისი და მისი პარტიის ნებისმიერი წარმომადგენლის ჩანაწერი ამოვიღოთ, სადაც ზიზღის ენას არ იშურებენ. მათ მხარდამჭერებსაც კი არ სჯერათ, რომ შერიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი", - აღნიშნა "ქართული ოცნების" დეპუტატმა.