"თუკი ოპოზიციამ შეძლო დიდ ქალაქებში კონტროლის შენარჩუნება ან აღება, ეს შეიძლება გახდეს სააკაშვილის გათავისუფლების ხელშემწყობი ფაქტორი" - კვირის პალიტრა

"თუკი ოპოზიციამ შეძლო დიდ ქალაქებში კონტროლის შენარჩუნება ან აღება, ეს შეიძლება გახდეს სააკაშვილის გათავისუფლების ხელშემწყობი ფაქტორი"

"შესაძლებლობაა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში იყოს ერთი პოლიტიკური პარტია, ადგილებზე მართავდეს და ადგილობრივ თვითმმართველობებში წარმოდგენილი იყოს სხვა პოლიტიკური პარტია ან პარტიათა კოალიცია. ამ ისტორიული შანსის ამოძირკვა უნდა "ქართულ ოცნებას", რომელიც 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურის დანიშვნამ შექმნა", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა.

როგორც მან არჩევნების მეორე ტურში ოპონენტების გამარჯვების რისკის დაზღვევასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, მამუკა მდინარაძის ფრაზა სრულად აცდენაშია დემოკრატიის იმ ხედვასთან შედარებით, რა ხედვაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს და მის ქვეყანას აქვს.

"საფუძველი, რაც მეორე ტურის შემდეგ ამ ქვეყანაში უნდა ჩაიყაროს, ეს არის რეალური ევროპული და ამერიკული დემოკრატია, როდესაც შესაძლებლობაა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში იყოს ერთი პოლიტიკური პარტია, ადგილებზე მართავდეს და ადგილობრივ თვითმმართველობებში წარმოდგენილი იყოს სხვა პოლიტიკური პარტია ან პარტიათა კოალიცია. ამის ამოძირკვა უნდა, ამ ისტორიული შანსის, რომელიც ამ მოცემულობამ შექმნა, 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურის დანიშვნამ. "ქართულ ოცნებას" ისტორიული მოცემულობის ამოძირკვა უნდა.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების გზას, მე მიმაჩნია, რომ მეორე ტურის შედეგები ამ თვალსაზრისით იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. თუკი ოპოზიციამ შეძლო დიდ ქალაქებში კონტროლის შენარჩუნება ან აღება, იქ სადაც საკრებულოები არის აპრიორი ოპოზიციური და გავიდნენ ოპოზიციონერი მერები, ასეთ შემთხვევაში, ეს შეიძლება გახდეს ხელშემწყობი ფაქტორი სააკაშვილის გათავისუფლების", - განაცხადა ლაგაზიძემ.