"როცა ხელისუფლება "ნაცმოძრაობის" დასრულებაზე საუბრობს, ის ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობის და ცხოვრების უფლება არა აქვთ" - კვირის პალიტრა

"როცა ხელისუფლება "ნაცმოძრაობის" დასრულებაზე საუბრობს, ის ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობის და ცხოვრების უფლება არა აქვთ"

"როდესაც ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებაზე საუბრობს, ის რეალურად ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობისა და ცხოვრების უფლება არა აქვთ", - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" საზოგადოებას სიძულვილის ენის გარდა, ვერაფერს სთავაზობს.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას დაასრულებს, ის ემუქრება არა ამ პოლიტიკური ძალის ლიდერებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერას უცხადებენ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ის იმასაც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის განცხადება, რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ნიშნით დიფერენციაცია დასრულდეს.

"თუ არ მოვძებნეთ გზა იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, პოლიტიკური მართლმასჯულება, ვერ შევძლებთ, რომ ქვეყანა წავიდეს წინ", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.