"სააკაშვილს უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ, დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ, დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი"

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს კონსილიუმის მიმართ უნდობლობის საფუძველი, რომელმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს. ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც დღეს ყოფილი პრეზიდენტი მოინახულა.

"განსაკუთრებულ, რაღაც დრამატულ ცვლილებებს ეს კონსილიუმი ვერ შეიტანს, თავისთავად ცხადია. ვნახოთ, შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად სანდო იყო ეს ყველაფერი. თუმცა ამ ეტაპზე, უნდობლობის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ექიმები უკვე შესულები არიან ციხეში და მალე იქნება კონსილიუმი.

"ძალიან დიდი მადლობა სააკაშვილისგან ყველას მხარდაჭერისთვის და ასეთი გაშუქებისთვის, მედიას ვგულისხმობ, გასაგებია, რომელსაც. ძალიან ბევრი იხალისა მანაც და მეც იმაზე, რასაც "ქართული ოცნება" კლიპების სახით ავრცელებს. დღეს, რასაც საუბრობენ "ქართული ოცნების" ლიდერები, მისი აზრით და ჩემი აზრითაც, ეს არის დამარცხების უტყუარი ინდიკაცია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, უკვე ეტყობა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, რამდენადაც შევატყვე, უჭირს გადაადგილება. თუმცა, აბსოლუტურად, ჩემთვის პარადოქსულად, მისი მსჯელობა აბსოლუტურად უპრობლემოა, არავითარი ცვლილება არ ეტყობა მსჯელობას, აზროვნებას და კომუნიკაციას. რაც მთავარია, ოპტიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხშია, ბევრად მეტად, ვიდრე გარეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება. თუმცა, ვვარაუდობ, რომ 3-4 დღეში ალბათ დადგება ჰოსპიტალიზაციის საკითხი. ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მისი პოზიცია იცით, როგორიც არის, მაგრამ არ მგონია იმ ვითარებაში, თუ ჰოსპიტალიზაცია იქნება საჭირო, კომუნიკაცია მასთან შესაძლებელი იყოს. ეს ალბათ, იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა მას არ ექნება. ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ყველა ერთად, მისი ოჯახი, ადვოკატები და ა.შ. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ამ ქვეყანას, უპირობოდ", - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, სააკაშვილს მოსმენილი ჰქონდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმად სააკაშვილი "ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტია, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ".

"სვამს მხოლოდ წყალს და ჩაის. თუ სიმულიანტობს ვინმე ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლების სიმულაცია "ქართული ოცნების" მიერ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე მას პასუხს არ გავცემ. ერთადერთი, რასაც ვიტყვი, ისევ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ჯერ კიდევ არის დრო, რომ გონს მოეგონ", - აცხადებს გვარამია.

"ინტერპრესნიუსი"