"ჰგონია, რომ მეტი ელექტორალური მხარდაჭერა ექნება, რადგან რუსეთისკენ გადახრილ, შიშებით შეპყრობილ, რეტროგრადული ამომრჩეველთა გულებს მოიგებს" - კვირის პალიტრა

"ჰგონია, რომ მეტი ელექტორალური მხარდაჭერა ექნება, რადგან რუსეთისკენ გადახრილ, შიშებით შეპყრობილ, რეტროგრადული ამომრჩეველთა გულებს მოიგებს"

"ქართულ ოცნებას", აბსოლუტური რწმენა ჩამოუყალიბდა, რომ მისი ამომრჩეველი არის ხალხი, რომელიც სულაც არ არის კმაყოფილი საქართველოს აშშ-სთან მეტი ინტეგრაციით, არ არის ვაქცინაციის მომხრე, არ არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მომხრე. ამიტომ, "ქართული ოცნება" რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებს ამ თემებზე, ჰგონია, რომ მეტი ელექტორალური მხარდაჭერა ექნება, რადგან რუსეთისკენ გადახრილ, შიშებით შეპყრობილ, რეტროგრადული ამომრჩეველთა გულებს მოიგებს", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის ძალებს შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მოაწერეს ხელი. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მოცემული ხელშეკრულების შესახებ საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას საკმარის ინფორმაციას არ აწვდის.

"როდესაც მსგავსი ხელშეკრულება 2016 წელს, ჩემი მინისტრობის დროს გავაფორმეთ, იმ ხელშეკრულებაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ, რა პრინციპების დაცვით განხორციელდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკუთარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. სამწუხაროდ, ხელისუფლება დაზუსტებით არ გვეუბნება რაზეა საუბარი ხელშეკრულებაში. უფრო მეტი გავიგეთ ბატონი ოსტინის განცხადებებიდან, მაგრამ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ვერ დაჯდება რომელიმე სტუდიაში და 2 საათის განმავლობაში ამ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ეს არის ქართული მხარის გასაკეთებელი.

წარმოუდგენელია, ასეთი უმძიმესი საერთაშორისო კრიზისის, სკანდალების პირას მყოფი ხელისუფლება არ სარგებლობდეს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტით, თუნდაც ელექტორალური თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, "ნაციონალური მოძრაობა" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს ვიზიტი როგორ გაშუქდებოდა. ხომ შეგიძლიათ ზუსტად დაინახოთ კადრებით რა მოხდებოდა?" - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დამატებით განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭებინა ამ ვიზიტისთვის.

"ერთი ის, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც ეს ვიზიტი განხორციელდა, საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დიპლომატიური წარმომადგენლობა ნატო-ში დახურა და დაასრულა ამ სამხედრო ბლოკთან ურთიერთობის კიდევ ერთი ეტაპი. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კეთილმეზობლობით და კარგი მიზნებით არ არის გამოწვეული.

მეორე - საუბრები 3+3-ის ფორმატზე, რომელიც უკიდურესად სახიფათო და საშიშია საქართველოსთვის. ამ ფონზე ქვეყანაში ჩამოდის აშშ-ის თავდაცვის მდივანი. მას საქართველოში ძალიან კონკრეტული მიზანი, ამოცანა და გზავნილი ჰქონდა. ეს ვიზიტი ასევე განხორციელდა კიევსა და ბუქარესტში, რადგან უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხო ტერიტორიად უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.