"ეს არის ჩვენი საზოგადოების ისტორია, რომელიც ვერა და ვერ გაიზარდა და ჩალის ფასადაც იყიდება" - კვირის პალიტრა

"ეს არის ჩვენი საზოგადოების ისტორია, რომელიც ვერა და ვერ გაიზარდა და ჩალის ფასადაც იყიდება"

"ვინც იტყვის, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში,  უგუნურია"

არცთუ დიდი ხნის წინ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ "ტელეგრაფისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს "გაუმჯობესებული მიშა" სჭირდება და არა "ანტიმიშა". მან რუსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობაზეც ისაუბრა. საქართველოს ხელისუფლებაში უგულავა არ არის ერთადერთი, რომელიც რუსულ მედიასთან უფრო ენაწყლიანია, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას, რას ნიშნავს "გაუმჯობესებული მიშა" და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის და მარკეტინგის კვლევითი ინსტიტუტის "აი-პი-ემის" დირექტორს გოჩა ცქიტიშვილს საინტერესო მოსაზრებები აქვს.

- რას ნიშნავს "გაუმჯობესებული მიშა"? პრეზიდენტი უნდა იყოს სტაბილური თავის გზავნილებში, არ შეიძლება დღეს ერთს ეუბნებოდეს მომხმარებელს, ხვალ - მეორეს, ზეგ - მესამეს. ერთი მხრივ, ხალხს უნდა მისცეს ზუსტად ის, რასაც მისგან ითხოვენ, მეორე მხრივ კი განავითაროს ეს მოთხოვნილებები.

არსებობს ხალხის 40%, რომელსაც ახალი მოთხოვნილებები არ უჩნდება იმიტომ, რომ აკმაყოფილებს არჩევნების დროს უფასოდ მიღებული ერთი ტომარა ფქვილი, გვარჯილა, გზის დაგება თუ სახურავის შეკეთება. ეს არის გამორჩენაზე ორიენტირებული მასა. ხაზს ვუსვამ - ჩვენ გვყავს საქართველოში დაახლოებით 40% ხალხისა, რომელიც რეალურად წყვეტს არჩევნების ბედს. ე.ი. პრეზიდენტს, რომელიც რაღაც თვალსაზრისით არის ბრენდი, შანსიც არა აქვს, ამ გარყვნილ და გამორჩენაზე ორიენტირებულ მასას არ უპასუხოს. ეს 40% კარგად გრძნობდა თავს საბჭოთა პერიოდშიც, როცა ფული იოლად იშოვებოდა.

მათ არც ახლა აინტერესებთ, რუსეთის ჯარი ანადგურებს თუ არა ქართულ ჯარს ცხინვალთან. შესაბამისად, ყველა პრეზიდენტი, რომელიც დღეს არის ან მომავალში იქნება, ამ ზარმაცი, გაფუჭებული 40%-ის ტყვეობაში აღმოჩნდება. ცხადია, ეს 40% თუ სხვაგან დაიწყებს გადანაცვლებას, პრეზიდენტი, როგორც ბრენდი, დასამარდება. რასაკვირველია, ეს 40% არც მიშაზე ფიქრობს და არც ანტიმიშაზე. ის ყოველთვის ღონიერის მხარეს იკავებს. შეგახსენებთ, როცა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ამომრჩევლებს მხარდაჭერის სანაცვლოდ 300-300 ლარს დაჰპირდა, მისი სახლის კართან უზარმაზარი რიგი დადგა. არ ვამბობ, რომ ყველა იმ 40%-ს განეკუთვნებოდა. შეიძლება ვიღაც გასაჭირმა აიძულა, იქ მისულიყო.

მაგრამ უმრავლესობა სწორედ ზემოთ ხსენებულ 40%-დან იყო. ე.ი. როგორც გამოჩნდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს რაღაც ძალა ჰქონდა, მისმა რეიტინგმა ზრდა უმალ დაიწყო. ბოლოს კი, როცა სააკაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ეს 40% ისევ მიშას მხარეს გადაბარგდა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ამ ნაწილში დღეს სენტიმენტებიც არ არსებობს გარდაცვლილ პატარკაციშვილზე. სამწუხაროდ, ეს არის ისტორია არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ ჩვენი საზოგადოების შესახებ, რომელიც ვერა და ვერ გაიზარდა და ხშირად ჩალის ფასადაც იყიდება.

- საზოგადოების 60%-ის განწყობას როგორ აღწერთ?

- 60%-ში მხოლოდ 12%-ია ისეთი, რომელზეც დგას ქვეყანა. ეს მცირე ნაწილი ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად აქტიური ხალხია. მათ უკეთესი ქვეყანა სურთ, მაგრამ სარჩენად წამოკიდებული ჰყავთ დანარჩენი 48%. ამ 48%-ს სურს მუშაობა, მონაწილეობა დოვლათის შექმნაში, მაგრამ შესაძლებლობა არ ეძლევა. ე.ი. მას აქვს საქართველოსთვის გადამწყვეტი რესურსი და თუ მან იმუშავა, ქვეყანაც განვითარდება. დღეს მხოლოდ 12%-ს უწევს ყველა დანარჩენის რჩენა და, ბუნებრივია, ამისთვის რესურსი აღარ ჰყოფნის.

- პირად გამორჩენაზე ორიენტირებული 40%-ის ფსიქოლოგია გასაგებია, მაგრამ ვის მხარეს დადგება 60%?

- პირად სარგებლობაზე ორიენტირებული 40% ჯერჯერობით "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს დგას, მაგრამ საკმარისია რომელიმე პოლიტიკურ ბანაკში უფრო ძლიერი კანდიდატი გამოჩნდეს, რომ რეიტინგების სურათი ერთბაშად შეიცვლება. ზემოთ დასახელებული 12%-დან 8%-ის განწყობა 2008 წლის შემდეგ იყო "ანტიმიშას" შესაბამისი, მაგრამ ოპოზიციის 2009 წლის აპრილის უშედეგო აქციებმა ბევრი რამ შეცვალა. 12%-ის დიდი ნაწილი უფრო ქრისტიან-დემოკრატებისკენ გადაიხარა, მცირე ნაწილი კი ამჟამად "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. ქრისტიან-დემოკრატები სიმპათიას იმსახურებენ იმით, რომ არ ჩხუბობენ მაშინ, როცა ჩხუბი აუცილებელი არ არის და ა.შ. 48% კი მეტწილად სხვადასხვა პარტიაზე ნაწილდება. მთლიანობაში "ნაციონალურ მოძრაობას" (იმ 40%-ის ჩათვლით) აქვს 50-52%-იანი რეიტინგი, რომელიც, როგორც გითხარით, სტაბილური არ არის. თუმცა, ოპოზიციური ელექტორატის ინდიფერენტულობა და ვთქვათ, არჩევნებზე მიუსვლელობა განაპირობებს იმას, რომ ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" 72-75%-იანი გამარჯვებით მთავრდება.

- ე.ი. გიგი უგულავა, რომლის საპრეზიდენტო ამბიციაზე ბევრს ლაპარაკობენ, ე.წ. "გაფუჭებული" 40%-ის იმედზეა?

- ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა, როცა "ტელეგრაფთან" "გაუმჯობესებულ მიშაზე" ილაპარაკა, მე მხოლოდ საკუთარ ანალიზსა და მოსაზრებებს გთავაზობთ. თუმცა კვლავ გავიმეორებ, რომ არა მხოლოდ გიგი უგულავასთვის, არამედ ნებისმიერი კანდიდატისთვის ამ 40%-ის ხმები გადამწყვეტია.

- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია აღმოფხვრილია, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ზოგჯერ საწინააღმდეგო ინფორმაციასაც ვკითხულობთ, "ფრიდომ ჰაუსი" კი საქართველოში კორუფციის ხარისხს იმავე ინდექსით აფასებს, რომლითაც 2004 წლამდე არსებულ მდგომარეობას აფასებდა. ხომ ვერ აგვიხსნით, რასთან გვაქვს საქმე?

- ვინც იტყვის, რომ კორუფცია აღარ არის ქვეყანაში, ამ თემით სპეკულირებს ან უგუნურია. ყველა სახელმწიფოში არის კორუფცია. სისტემურად მის აღმოფხვრას სჭირდება კორუფციული ქსელის აღმოფხვრა, რაც იმას გულისხმობს, რომ აღარ უნდა იყოს ე. წ. ატკატის სისტემა, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებულია. მართალია, ჯერჯერობით ამ მხრივ აზერბაიჯანს ვერ ვუსწრებთ, მაგრამ სომხეთს ნამდვილად "ვეჭიდავებით".

ის, რაც აზერბაიჯანში ხდება, კატასტროფაა. მაგალითად, საგადასახადო ინსპექცია მიდის ბიზნესორგანიზაციაში და პირდაპირ ასახელებს თანხას, რომელიც "შავი ფულის" სახით უნდა გადაუხადონ... ჩვენ ხელს გვიშლის ისიც, რომ საზოგადოებაა თავად კორუფციული უნარ-ჩვევების მქონე. მას აღიზიანებს არა ზოგადად კორუფცია, არამედ კორუფციით გამდიდრებული ადამიანები. სწორედ ამ სინდრომის გამო ვერ მცირდება კორუფცია საქართველოში.

- დასასრულ, თქვენი აზრით, რას უკავშირდება მედიაჰოლდინგ "პალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში შემოსავლების სამსახურის შემოსვლა და საგადასახადო შემოწმება?

- "მედიაპალიტრას" საქმე კარგად აქვს აწყობილი, აქვს მაღალი რეიტინგი, რაზეც მეტყველებს არაერთი კვლევა. ბიზნესი ძალიან სწორად არის დაგეგმილი და, ბუნებრივია, მეც გიცხადებთ სოლიდარობას თუნდაც იმიტომ, რომ მსურს, ყველა კარგად აწყობილ ბიზნესს შეუფერხებლად მუშაობისა და გადასახადების გადახდის საშუალება ჰქონდეს. მთავარია, ნორმალურად ჩატარდეს შემოწმება, არ დაზარალდეს კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა, ვინმემ არ გაიტანოს რამე დოკუმენტი, რომელიც ყოველდღიურად ესაჭიროება კომპანიას და არ გაჭიანურდეს შემოწმება. ასე რომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა თუ დაკმაყოფილდება, ვფიქრობ, ამ შემოწმებით პრობლემა არ შეგექმნებათ.