"ყველამ თავის 5%-იან ბარიერს მოუაროს" - კვირის პალიტრა

"ყველამ თავის 5%-იან ბარიერს მოუაროს"

"წლების წინ მივიღეთ კანონი, რომლის თანახმადაც კვალიფიციური სუბიექტები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამაზე რატომ არ ატყდა ერთი ამბავი?"

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე უმრავლესობის წინადადება ქრისტიან-დემოკრატებისა და "ახალი მემარჯვენეებისთვის" იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა, რომ უარი ვერ თქვეს. ისეთი რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას, რომ მისი ხელიდან გაშვება არ ღირდა? საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტის წევრთა რაოდენობა 190 კაცით განისაზღვრება (83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 - პროპორციული სისტემით), ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაც პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტდება ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან, საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 ათასი ლარით ფიზიკური პირებისათვის და 200 ათასი ლარის ოდენობით - იურიდიული პირებისათვის;

საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მლნ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად, მათ შორის - 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯებისთვის; კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აწარმოებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგს.

კანონის საფუძველზე ჩატარდება მედიამონიტორინგი, რომლის მიზანიც იქნება საარჩევნო კამპანიის გაშუქების შეფასება, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებებით, თითო წარმომადგენელზე 50 ლარის ოდენობით.

ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ თარგამაძესა და გამყრელიძეს პოლიტიკური გამჭრიახობა ეყოთ, ოპოზიციისთვის სასიკეთო ცვლილებებზე უარი არ ეთქვათ.

- ითქვა, რომ ხელისუფლების წინადადების რეალური საფუძველი ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა და "რვიანის" დაშლა იყო.

- დავით ბაქრაძის იდეას, შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც ახალ საარჩევნო კოდექსს დაწერდა, თექვსმეტი პარტია გამოეხმაურა. ყველა პარტიას ერთნაირი სტატუსი ჰქონდა და არავინ ყოფილა დამკვირვებლის როლში. რვა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, მოლაპარაკებებზე ერთნაირი პოზიციით წარმდგარიყო. მას შემდეგ, რაც ყველა პარტიამ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე გადავედით და მაშინ გამოჩნდა, რომ პარტიებისა და ხელისუფლების პოზიციები უცვლელად თუ დარჩებოდა, შეთანხმება ვერ მოხდებოდა.

ამიტომაც გადაიდგა ნაბიჯები კომპრომისისკენ. გაიხსენეთ, რა მოხდა შარშან კონსტიტუციაზე მსჯელობისას, ოპოზიციური პარტიებისგან ბრალდებების ნიაღვარი წამოვიდა, კონსტიტუციის პროექტი დაიწუნეს და ათასი რამ დააბრალეს საპარლამენტო ოპოზიციას. მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ძველს სჯობს და ეს დაადასტურეს უცხოელმა ექსპერტებმაც. ამავეს ვიტყვი ახალ საარჩევნო კოდექსზე. მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებას ახალი საარჩევნო კოდექსი სჯობს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გაბედული ნაბიჯი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდებოდნენ და ათასი რამ დაჰბრალდებოდათ. ამ პარტიებმა წარსულიდან რაღაც ისწავლეს და მიიღეს ის წინადადება, რაც ბევრად სჯობს იმას, რომ არაფერი შეცვლილიყო. საბოლოოდ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაინახავენ, რომ ეს სწორი ნაბიჯია.

- პარტიებისათვის მილიონის შეთავაზება ბინძურ წინადადებად და ოპოზიციის მოსყიდვად მოინათლა.

- ეს 5-6 წლის წინანდელი იდეაა, რომელსაც ახლა შეესხა ხორცი. ზოგიერთისაგან განსხვავებით მე კარგი პოლიტიკური მეხსიერება მაქვს. პოსტსაარჩევნო დაფინანსების იდეა დაიბადა ე.წ. სტრასბურგის შეთანხმებაზე, რომელშიც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია მონაწილეობდნენ. ეს იდეა წამოაყენა "რვიანმაც" და გავიზიარეთ. პრინციპი, რომ პარტია ხარჯავს ფულს და თუ ბარიერს გადალახავს, ის თანხას მიიღებს, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.

- როგორც ამბობენ, ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დააშანტაჟა ოპოზიცია, როდესაც მიუთითა, დაფინანსებას ის მიიღებს, ვინც ამ შეთანხმებას ხელს მოაწერსო.

-  დაფინანსებას მიიღებს ის, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახავს. ეს ევროპული ქვეყნების პრაქტიკაა, მაგრამ ზოგიერთი, საკუთარ თავს რომ ექსპერტს უწოდებს, აცხადებს, კორუფციული საარჩევნო კანონი მიიღესო.

რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის თანახმადაც კვალიფიციური სუბიექტები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამაზე რატომ არ ატყდა ერთი ამბავი? ის არ არის კორუფცია და 1 მილიონით საარჩევნო ხარჯების ანაზღაურება? ოპოზიციური რვიანი თვითონ ითხოვდა დაფინანსებას, დავეთანხმეთ და ახლა ამას რატომღაც მოქრთამვა და ბინძური წინადადება დაარქვეს.

- როგორც ოპოზიცია ამბობს, მხოლოდ  მილიონზე არ არის საქმე. კობა დავითაშვილმა მამუკა კაციტაძეს უთხრა, მილიონის გარდა თქვენ და ქრისტიან-დემოკრატებმა მიიღეთ ბარიერის გადალახვის გარანტია, გაყალბებულ რეიტინგებში მაღალი შედეგების დაპირება და სხვადასხვა ბიზნესიდან დაფინანსებისთვის მწვანე შუქიო.

- ჩვენს ქვეყანაში კვლევებს ძირითადად NDI და  IRI ატარებენ. დარწმუნებული ვარ, ეს ორგანიზაციები კვლევებს არ გააყალბებენ. ისინი კვლევებს სანდო ორგანიზაციებს უკვეთენ და მერწმუნეთ, "გელაპს" არ უღირს რეპუტაციის შელახვა.

ის, რომ ზოგიერთი კვლევებში მაღალ პროცენტებს ვერ იღებს, იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც ზის და კვლევის შედეგებს სადღაც წერს. კვლევას არავის სასიამოვნოდ არ გააყალბებენ. თანაც ეს კვლევები საქართველოს გარეთ მუშავდება. სწორედ ამის წყალობით ვიცით, რა უნდა საქართველოს ამომრჩეველს. მოსახლეობას დასაქმება და მეტი შემოსავალი სჭირდება და არა რაღაცის დანგრევა ან დამხობა. ოპოზიციასთან ერთად ჩვენ ხალხს შევთავაზეთ, თუ როგორ შეიძლება მომავალი უკეთესი გახდეს. ჩვენ ხალხს შევუქმენით პირობა, რითაც მათი არჩევანი დაცული იქნება. ახლა წინ გვაქვს ყველაზე რთული პროცედურა - ამ ცვლილებების კანონში ჩაწერა, რასაც თვე-ნახევარი მაინც დასჭირდება.

- ოპოზიციური "ექვსიანი" სამოქალაქო მოძრაობის დაწყებას აპირებს.

- პოლიტიკური პარტია არჩევნებში გამარჯვებისთვის უნდა ემზადებოდეს და არა რევოლუციისა და გადატრიალებისთვის. მე კარგად ვიცი "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი და სხვების რა მოგახსენოთ, ყველამ თავის 5%-იან ბარიერს მოუაროს. სხვისი პროცენტები ნაკლებად მაინტერესებს.

- დასასრულ მინდა გკითხოთ ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელზეც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ლაპარაკია მის ექსტრადიციაზეც.

- ვფიქრობ, პროკურატურას ჰქონდა საკმარისი სამხილები სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა ფარული ჩანაწერები, ნივთმტკიცებები და აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც შს სამინისტრომ გამოაქვეყნა.

- მიგაჩნიათ, რომ ფრანგული მხარე ოქრუაშვილს გადმოსცემს საქართველოს?

- გადმოცემაზე ჯერჯერობით არ არის ლაპარაკი.

- მაგრამ თქვენ მხარი დაუჭირეთ გურამ ჩახვაძის მოთხოვნას ოქრუაშვილის ექსტრადიციაზე.

- მე ჩახვაძის წინადადების პათოსს დავუჭირე მხარი, თუმცა ოქრუაშვილის ექსტრადიცია არ მომითხოვია.