"სიმართლე გითხრათ, ამდენ დათმობასაც არ ველოდი" - კვირის პალიტრა

"სიმართლე გითხრათ, ამდენ დათმობასაც არ ველოდი"

"ვისაც ეს პოლიტიკურ კორუფციად მიაჩნია, შეუძლია ეს ფული არ აიღოს"

"ირაკლისა და მის პარტიას, ჩემი აზრით, გამოცდილება აკლიათ და ჯობს ყველა გზა თვითონ მოსინჯონ"

"გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგრამ დანაშაულია, როდესაც ეს ხდება დაშანტაჟების, გამოძალვისა და სასურველი განწყობის მოსაპოვებლად"

როდესაც დავით გამყრელიძესთან ინტერვიუზე მივდიოდი, ვვარაუდობდი, რომ კოლეგებისაგან "მოღალატედ" და "გაყიდულად" შერაცხილი "ახლების" ლიდერი უგუნებოდ დამხვდებოდა, მაგრამ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. დავით გამყრელიძე გახარებული დამხვდა, შვილიშვილი, პატარა დავით გამყრელიძე შემეძინაო.

- ატლანტის ოკეანის თავზე ვიყავი, როდესაც ჩემი შვილიშვილი მოევლინა ქვეყანას. ეს ამბავი რომ გავიგე, სიხარულის ცრემლები წამომივიდა. რამდენიმე წუთის წინ ვნახე სამშობიაროში უმცროსი დავით გამყრელიძე, პატარა და უსუსური, რომ ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ის იყო ჩემი ცხოვრების აზრი, ყველაფერი, რისთვისაც ვიღვწი. ამან კიდევ ერთხელ დამაფიქრა პასუხისმგებლობაზე, რომ შთამომავლობას მეტ-ნაკლებად დალაგებული სახელმწიფო დავუტოვოთ.

- ამიტომ გადადგით სარისკო ნაბიჯი, რასაც თქვენი კოლეგების საყვედურები მოჰყვა?

- ძალიან იჩქარეს ჩემმა კოლეგებმაც და საზოგადოების წარმომადგენლებმაც. ემოცია პოლიტიკოსისათვის არცთუ კარგი მეგობარია. წლების წინ "ახალმა მემარჯვენეებმა"  ხუთი მანდატით უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე. ეს ემოციურობის ბრალი იყო და საზოგადოებამაც მოგვიწონა, მაგრამ ორი თვის შემდეგ იმავე საზოგადოებამ ლამის ჩვენ დაგვდო ბრალი აგვისტოს ომის დაწყებაში. ამან დამარწმუნა, რომ ემოცია სწრაფად გადის და რჩება შედეგი, რომელიც ღრმა კვალს ტოვებს პოლიტიკოსის ავტორიტეტსა და პარტიის რეიტინგზე. ამიტომაც, როდესაც ხელისუფლების წინადადება მივიღეთ, გააზრებული გვქონდა, რა ნაბიჯსაც ვდგამდით.

"ახალი მემარჯვენეები" პირველად არ მივდივართ დინების საწინააღმდეგოდ. 2003 წელსაც, როდესაც მთელი საზოგადოება რევოლუციის მხარეს იყო, ჩვენ აზვირთებული დინების საწინააღმდეგოდ სვლა დავიწყეთ. ახლა მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები აკეთებენ შეფასებებს, თორემ საზოგადოებას არ აინტერესებს საარჩევნო გარემო, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და არც ოპოზიციაში ამის გამო დაპირისპირება. მათი ინტერესის საგანი სამუშაო ადგილები, შემოსავალი და სოციალური პრობლემებია. როდესაც განსხვავებულ ნაბიჯს დგამ, ზოგს მოსწონს, ზოგს არა. მაგრამ ფაქტია, ერთფეროვან ნაცრისფერ მასაში ჩაკარგვის შემდეგ "ახალმა მემარჯვენეებმა" მედიისა და პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს.

ოპოზიციის მიდგომამ, ხელისუფლებას ან ყველაფერი დავათმობინოთ, თუ არა და არაფერი გვინდაო, წლების განმავლობაში სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა. ჩვენი პარტია შექმნის დღიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. არ დამავიწყდება 2003 წელს ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართული მიტინგი.

- მახსოვს, როდესაც ხალხის თვალწინ ჩაჰკიდეთ ერთმანეთს  ხელი.

- იმ მიტინგმაც არაფერი მოიტანა, რადგან ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით ძირითადი ოპოზიციური ძალები. მაშინაც საარჩევნო კანონმდებლობასა და კომისიების ფორმირებას ვითხოვდით. ამას მოჰყვა ბეიკერის ვიზიტი, მაგრამ მისმა ჩარევამაც ვერაფერი შეცვალა. ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდგომაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ვიბრძოდით. პარლამენტის შენობაში ვიშიმშილეთ კიდეც. თუმცა ხალხს მხოლოდ პლედები დაამახსოვრდა. მაშინაც ასეთი პოზიცია გვქონდა - ყველაფერი ან არაფერი. ხელისუფლის წინადადებას (100 დეპუტატი პროპორციულად, 50 კი მაჟორიტარული წესით აგვერჩია) ხმა არ მივეცით. ხელისუფლებამ უკან წაიღო წინადადება და პარლამენტში უარესი ვარიანტი გავიდა. ახლაც ვიდექით საფრთხის წინაშე, რომ ცხრათვიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულებულიყო.

- "რვიანის" წევრები ამბობდნენ, რადგან ამ დიალოგში საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ, უთუოდ შედეგიანი იქნებაო.

- 2003 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბეიკერი ჩამოვიდა და ვერაფერი შეცვალა. "რვიანის" წევრებმა ახლაც ვცადეთ მაღალი რანგის პოლიტიკოსების ჩამოყვანა საარჩევნო გარემოს შესაცვლელად, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ "რვიანში" გაჩნდა სხვა ინიციატივები: ქუჩაში გავსულიყავით, გადავკეთებულიყავით სამოქალაქო მოძრაობად, არჩევნების გარდა ადამიანების უფლებებზეც დაგვეწყო მსჯელობა... "რვიანში" მყოფ ლიდერებს დაავიწყდათ, რომ ჩვენი გაერთიანების მთავარი თემა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იყო.  კოლეგებს ვუთხარით, ხელისუფლებას თქვენ თუ არა, ჩვენ შევხვდებით-მეთქი. სიმართლე გითხრათ, ამდენ დათმობასაც არ ველოდი ხელისუფლებისგან.

რა თქმა უნდა, სჯობდა ბიომეტრია, მაგრამ, სამაგიეროდ, ისევ ძველი სიები არ გვრჩება - სიების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სამინისტრო და ცესკო კი არა, სპეციალური კომისია იქნება, სადაც უმრავლესობაში იქნება ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. კომისიის თავმჯდომარეც ოპოზიციის წევრი იქნება.შანსი ჩნდება, რომ სიები ბევრად მოწესრიგებული გახდეს, ცვლილებას მივაღწიეთ საარჩევნო სისტემაშიც. ჩვენ ვითხოვდით, 100 დეპუტატი პროპორციულად (პარტიული სიით) არჩეულიყო, 50 კი მაჟორიტარულად. საპასუხოდ შემოგვთავაზეს - 107 დეპუტატი პროპორციულად ავირჩიოთ, 83 კი მაჟორიტარული წესით.

- მაგრამ ეს რეფერენდუმის შედეგების უგულებელყოფად შეფასდა.

- ეს კონსტიტუციონალისტების მსჯელობის საგანია. ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები ძალიან გაერთნენ ამ რეფერენდუმის ადვოკატობით და ისე არ მოხდეს, ხელისუფლებამ ეს მიზეზად მოიდოს, თავისი წინადადება უკან წაიღოს. ოპოზიციურ სპექტრში ორი გამოკვეთილი სტრატეგიაა: მყისიერი შედეგის მიღწევა, ანუ რევოლუციური გზა, რომელიც ძალზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, და მეორე - ეტაპობრივი ცვლილებები კომპრომისის გზით. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ.

- ამ გზას აკრიტიკებენ არჩევნების მომხრე "ექვსიანელები". ალასანია ამბობს, რომ თქვენ კალვერას ბანდას შეუერთდით.

- ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ირაკლისა და მის პარტიას, ჩემი აზრით, გამოცდილება აკლიათ და ჯობს ყველა გზა თვითონ მოსინჯონ.

- "ექვსიანი" აცხადებს, "რვიანი" რომ შეგვენარჩუნებინა, ხელისუფლება მეტს დათმობდა, ჩვენი კოლეგები ხელისუფლების ულტიმატუმს დაემორჩილნენო.

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ წამოაყენა ულტიმატუმი და ეს შეგნებულად გააკეთა. თუ უარს ვიტყოდით, სათქმელიც ექნებოდა, ჩვენი წინადადება ოპოზიციამ არ მიიღოო. ერჩივნა, ყველას უარი ეთქვა, მაგრამ საბოლოოდ დათმო და შემოგვთავაზა კომპრომისული ვერსია.

უხერხულია, როდესაც ოპოზიციონერები ლაპარაკობენ პოლიტიკურ კორუფციაზე, რადგან სწორედ ოპოზიციური "რვიანი" ვითხოვდით ხელისუფლებისაგან საარჩევნო დაფინანსებას 2 მილიონით, თუმც 1 მილიონს მივაღწიეთ. ამაში სათაკილო არაფერია. ხელისუფლებას აქამდე უფულოდ, ჟანგბადის გარეშე ჰყავდა ოპოზიცია დატოვებული. თავი დავანებოთ ამ თემით სპეკულაციას.

თუ პარტიებისთვის არ შეიძლება ფულის მიღება, რატომ იღებს 17 პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსებას? რესპუბლიკური პარტია დაახლოებით 200 ათას ლარს იღებს წელიწადში. თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო კამპანია ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, მათ 800 ათასი ლარი გამოუდით. 1 მილიონი კი ერთჯერადი დაფინანსებაა იმ პარტიებისთვის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.  ამის ალტერნატივა რა არის, სხვა ქვეყნებში ვიშოვოთ ფული? ვისაც ეს პოლიტიკურ კორუფციად მიაჩნია, შეუძლია ეს ფული არ აიღოს.

- არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ხელისუფლებამ მოგატყუოთ?

- როგორ არა. ჯერ საკმაოდ რთული გზა გვაქვს გასავლელი.

- კობა დავითაშვილი ირწმუნება, ბარიერის გადალახვის გარანტიაც მიიღესო.

- ამ გარანტიას ვინმე რომ იძლეოდეს, დიდი სიამოვნებით მივიღებდი, მაგრამ ხელისუფლების ნდობა როგორც შეიძლება, ჩემზე კარგად კობამ იცის.

- "ახლები" ყოველთვის ბიზნესის დამცველები იყავით. რამდენიმე დღის წინ "მედიაპალიტრაში" საგადასახადო შემოწმების მეორე ეტაპი დაიწყო. ასევე მკაცრად ამოწმებენ ჩვენი ჰოლდინგის ტვირთებს საბაჟოზე. რას მიაწერთ ამას?

- სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი უფრო მაწუხებს, ვიდრე საარჩევნო გარემოს გამო მითქმა-მოთქმა. "მედიაპალიტრას" არ განვიხილავ როგორც მხოლოდ მედიასაშუალებას, ეს არის წარმატებული ბიზნესი, რომელმაც რამდენიმე ასეული კაცი დაასაქმა. გაზეთი "კვირის პალიტრა" არის ყველაზე დაბალანსებული და პოპულარული მედიასაშუალება. ძალას იკრებს თქვენი ინტერნეტტელევიზია და რადიოც. ხელისუფლება კი არ თაკილობს და უტევს ასეთ თვალსაჩინო მედიაჰოლდინგს.

თავისუფალი მეწარმეობის გარეშე როგორი საარჩევნო კოდექსიც უნდა მივიღოთ, ჩვენს ქვეყანას არ ექნება განვითარების პერსპექტივა. ყველა ორგანიზაცია უნდა შემოწმდეს, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგრამ დანაშაულია, როდესაც ეს ხდება დაშანტაჟების, გამოძალვისა და სასურველი განწყობის მოსაპოვებლად.

"მედიაპალიტრის" შემოწმებას თვალყურს ვადევნებთ და გავაგრძელებთ მის მონიტორინგს. უცხოელებთან ყველა შეხვედრაზე ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ხდება "მედიაპალიტრასა" და საზოგადოდ, ბიზნესში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მედია და ბიზნესი დაცული იყოს.