სააკაშვილმა ვერ მიპასუხა, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო აფხაზეთის საკითხი - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა ვერ მიპასუხა, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო აფხაზეთის საკითხი

"ექვსიანად" გარდაქმნილი ოპოზიციური ერთობა ბრძოლის გაგრძელებას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აპირებს. ირაკლი ალასანიამ ყოფილი კოლეგების გადაწყვეტილება მისთვის უჩვეულოდ მწვავედ შეაფასა, ჩვენი ყოფილი კოლეგები კალვერას ბანდას შეუერთდნენო.

- ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, თუ რა იყო მათი მოტივაცია. არც გიორგი თარგამაძესა და არც დათო გამყრელიძეს ჯერ არ შევხვედრივარ. თუმც მიმაჩნია, რომ უკიდურესად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს მოლაპარაკებები ჩვენი ნებისყოფის სიმტკიცის გამოცდა იყო. "რვიანს" რომ ერთიანობა შეენარჩუნებინა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში საარჩევნო სისტემაზეც და სიების დადგენის წესზეც ბევრად არსებით ცვლილებებს მივაღწევდით, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. ახლა "ექვსიანი" აგრძელებს დაწყებულ საქმეს. რაც მისაღები და მაქსიმალური აღმოჩნდა ჩვენი კოლეგებისთვის, ჩვენთვის მინიმალურია და ამიტომ ვაპირებთ ხალხთან ერთად უფრო მეტი დავათმობინოთ ხელისუფლებას.

ტელევიზიებმა პოლიტიკური ძალები დაბალანსებულად რომ უნდა გააშუქონ და ორივე მხარე წარმოადგინონ, ეს ჩვეულებრივი რამ არის; პოლიცია და უშიშროების სამსახურის სტრუქტურები რომ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არ უნდა იყვნენ მომართულნი და პოლიტიკური მოტივით ხალხს არ იჭერდნენ, ეს ისედაც უნდა იყოს და როგორ შეიძლება ეს დათმობად მიიღოს საზოგადოებამ? ამიტომაც არ მივიჩნიეთ ეს წინადადება პოლიტიკური ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების საფუძვლად.

გარდა ამისა, მიუღებელი იყო ხელისუფლების მანერა და ულტიმატუმის ენა, ან ხელს მოაწერთ, ან მაინც ჩვენსას გავაკეთებთო. ამას უნდა დავუპირისპირდეთ და პარტნიორად გავიხადოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ყველა პროფესიისა და თაობის საქართველოს მოქალაქე. ჩვენ გავხდებით შესანიშნავი შვიდეული, რომლის მეშვიდე წევრი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

- რა ფორმით წარმოგიდგენიათ მოქალაქეების ამ პროცესში ჩართვა?

- სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თემატური პარტნიორობა გვექნება მედიის საკითხებზე,  პატიმრებისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. მომავალ კვირას შეიქმნება ცალკე ჯგუფი, რომელიც უმუშევრობისა და სოციალური უსამართლობის საკითხებზე იმუშავებს. იმუშავებს თუნდაც მერიის გადაწყვეტილებაზე, რომლის გადაწყვეტილებით დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიისას უნდა მიებას. სექტემბრიდან, როცა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დაიწყება, ხალხმა თავისი დამოკიდებულება მასშტაბურად უნდა გამოხატოს, თუნდაც დემონსტრაციებით.

ეს იქნება მოკლევადიანი დემონსტრაციები კონკრეტულ თემებზე. ამისთვის უფრო კრეატიულად უნდა გამოვიყენოთ სოციალური მედიის საშუალებები და ახალგაზრდებთანაც სრულიად ახლებური მიდგომით ვიმუშაოთ. საქართველოს უნდა დავანახოთ ევროპულ ოჯახში მისი ადგილი, გამყარებული ისტორიითა და მომავლით. სააკაშვილის შვიდწლიანმა მმართველობამ თაობებს შორის კავშირი გაწყვიტა. უფროსი თაობა, ფაქტობრივად, გარიყულია ქვეყნის მშენებლობისგან.

საქართველოს ევროპული მომავალი - სწორედ ეს შეიძლება გახდეს საზოგადოების თანხმობის საგანი, განსხვავებით სააკაშვილის შეტრიალებული საგარეო პოლიტიკისაგან, რომელიც საქართველოს სინგაპურიზაციისაკენ არის მიმართული. ყველა თაობა უნდა მონაწილეობდეს ახალი საქართველოს აშენებაში.

- აქამდე ამბობდით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა მოლაპარაკებაში უკეთესობისკენ შეცვლიდა საარჩევნო გარემოს, მაგრამ დავით გამყრელიძემ განაცხადა, ვერც ერთი გავლენიანი ფიგურა ვერ ჩამოვიყვანეთ საქართველოში, რომ ხელისუფლებაზე გავლენა მოეხდინაო.

- აშშ-ში მაკკეინზე, ბაიდენსა და ჰილარი კლინტონზე გავლენიანი ვინ არის? ისინი მუდამ ლაპარაკობდნენ სამართლიან საარჩევნო გარემოზე. საქართველოში ჩამოვიდნენ კონგრესმენები, რომელთაც განაცხადეს, ოპოზიციის წინადადებები მნიშვნელოვანიაო. კონგრესმენებამდე საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტეინბეკიც.

ხელისუფლებისთვის პრობლემა "რვიანის" ერთსულოვნება იყო, რაც ქრისტიან-დემოკრატებმა და "ახლებმა" დაარღვიეს. ეს ჩემთვის მიუღებელია.

- ხელისუფლებასა და ზოგიერთ ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ ხალხს საარჩევნო სისტემა კი არა, ყოფითი და სოციალური პრობლემები აღელვებს. თუ ასეა, ნაკლებად  პერსპექტიული ჩანს თქვენი განზრახვა, მოქალაქეები ჩართოთ საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლაში.

- ვერ მივაყენებ ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფას და ვერ ვიტყვი, რომ მას საკუთარი პოლიტიკური უფლებები არ აინტერესებს. არა მგონია, პური და სანახაობა იყოს მისთვის მთავარი.

- ამბობენ, რომ "ექვსიანი" შეიძლება ერთ ბლოკად ჩამოყალიბდეს.

- პოლიტიკური რეალობისა და გარემოებების ლოგიკა გვკარნახობს, რომ იმ ექვსმა პარტიამ, რომლებიც სააკაშვილის ულტიმატუმებს არ ვეგუებით, ინტეგრირებულად ვიმოქმედოთ ხალხის მხარდაჭერით. მაგრამ ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, რა ტიპის იქნება ინტეგრაცია.

- სამართლიანად მიგაჩნიათ თუ არა ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება?

-  ოქრუაშვილი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირად შურისძიებას აყენებს. ის გამონაკლისი არ არის, სააკაშვილის პოლიტიკური გუნდიც ასეთია. ამიტომ სააკაშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირება თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განხეთქილებად მიმაჩნია და ამ თემაზე უფრო ღრმა შეფასებას აღარ გავაკეთებ.

- როგორც ვიცი, თქვენც მოგიხდათ ოქრუაშვილთან დაპირისპირებაც.

- ჩვენი დაპირისპირების თემა კოდორი გახდა. თუმცა, ამას უფრო სააკაშვილთან კონფლიქტს დავარქმევდი. მაშინ სააკაშვილი და ოქრუაშვილი ერთი და იგივე იყვნენ. როდესაც აფხაზეთის სტრუქტურების ხელმძღვანელად დავინიშნე, კოდორში ჩვენი მოსახლეობის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებელი მე ვიყავი. იმისათვის, რომ ხეობას თავდაცვისუნარიანობა  შეენარჩუნებინა, აუცილებლად მიმაჩნდა რაზმ "მონადირის"  არსებობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისაგან იყო დაკომპლექტებული. ამ ხალხს მხარდაჭერა სჭირდებოდა თბილისიდან, მაგრამ სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ხელის ერთი მოსმით მოინდომეს "მონადირის" გაუქმება, ამ ხალხის დატოვება სამსახურისა და იარაღის გარეშე. სააკაშვილს ვუთხარი, რომ აუცილებელი იყო რაზმის შენარჩუნება და გადაყვანა მკაცრ სუბორდინაციაში, დაქვემდებარება საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ან თავდაცვის სამინისტროსთვის. რაზმის დაშლა ჩვენს მოწინააღმდეგეს საშუალებას მისცემს, კოდორზე იოლად მიიტანოს იერიში-მეთქი. "მონადირე" რომ დაგვეტოვებინა, კოდორი იმდენად აუღებელია, მისი დაცვა და შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა. არ დაგიმალავთ, სააკაშვილთან  განვიხილე ეს საკითხი და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს ქვეყანას სინამდვილეში არ ჰყავდა ლიდერი. სააკაშვილმა ვერ მიპასუხა, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. ამ ნიადაგზე შეგვექმნა აზრთა სხვადასხვაობა, რაც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იყო მეორე ფაქტორიც: სააკაშვილის მოქმედებებიდან გამომდინარე, პრობლემა შემექმნა აფხაზებთან მოლაპარაკების დროს.

- კონკრეტულად, რაში შეგიშალათ ხელი სააკაშვილმა?

- აფხაზებთან მოლაპარაკებისას დაისვა საკითხი, რა გვაღელვებდა ორივე მხარეს ყველაზე მეტად. მათ თქვეს, გაუწონასწორებელი სააკაშვილის სამხედრო რიტორიკიდან გამომდინარე ვშიშობთ, რომ ისევ დაიწყებს  კონფლიქტს. ამიტომ მყარი გარანტია გვჭირდება, რომ ომი არ დაიწყებაო. ვუთხარი, მეც არ მსურს ომის განახლება და მაფიქრებს მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაცია   კოდორის მიმართულებით, რომელიც შეიძლება მოაწყოთ-მეთქი. გაჩნდა მოსაზრება, რომ  ორივე მხარეს მოეწერა ხელი კონფლიქტის განუახლებლობაზე. გარდა ამისა, დევნილების უფლებების დაცვისა და მათი დაბრუნების საკითხებიც დავსვი. ეს ორი თემა გავაერთიანეთ და შევქმენით დეკლარაცია (რომელიც მერე უთუოდ დაგვჭირდება აფხაზებთან მოლაპარაკებისას), სადაც მხარეები ვიღებდით ვალდებულებას, რომ არ  მივმართავდით ძალადობას. აფხაზური მხარე აღიარებდა  დევნილთა დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლებას. ეს იყო უდიდესი მიღწევა. ჩვენ ამ დოკუმენტების პარაფირებაც მოვახდინეთ, მაგრამ პროცესი შეჩერდა. ამის გამო სააკაშვილთან კონფლიქტი მომივიდა. ორმა ფაქტორმა ("მონადირის" დაშლამ და აფხაზებთან მოლაპარაკების ჩიხში შეყვანამ) მაფიქრებინა, რომ ხელისუფლებიდან წავსულიყავი.  მაგრამ სწორედ იმ დროს მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილის პირით შემომითვალა, კარგი იქნებოდა, თუ დევნილთა პრობლემებზე მუშაობას გაეროში გააგრძელებდიო და დავთანხმდი.

აფხაზებთან მოლაპარაკების შანსი მეორედაც იყო, როდესაც ნიუ-იორკიდან სოხუმში ჩავიტანე ეს დოკუმენტი, რომელიც უფრო გავაუმჯობესეთ და დავუტოვე სააკაშვილს. მითხრა, ხელს მოვაწერო, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა, რამაც გააათმაგა კონფლიქტის განახლების შანსი.

- ცოტა ხნის წინ მამუკა არეშიძემ განაცხადა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა დაარეგულირებს ჩვენ შორის ურთიერთობასო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- პოლიტიკური სტატუსის საკითხი მოლაპარაკების საგნად მაშინ უნდა იქცეს, როდესაც ორივე საზოგადოება ერთმანეთისკენ ნდობის ნაბიჯებს გადადგამს. ვიდრე ამ საკითხებს შევეხებით, ქართველებმა და აფხაზებმა ახლიდან უნდა დავინახოთ ერთმანეთი იმიტომ, რომ ომმა ძალიან გაგვაუცხოვა. აუცილებელია სახალხო დიპლომატიისა და ინფასტრუქტურულ-ეკონომიკური პროექტების ამოქმედება, რაც მეტად დაახლოებს ჩვენს ხალხებს. როდესაც ორ საზოგადოებას შორის ნდობა აღდგება, მერე განვიხილოთ პოლიტიკური საკითხები. ჩვენ ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოებრივ საზღვრებში მოგვიწევს პოლიტიკურ თანაცხოვრებაზე შეთანხმება. როგორი იქნება სტატუსი, აფხაზეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს, მაგრამ ვიმეორებ, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ერთიან  სახელმწიფოებრივ საზღვრებში...

...აფხაზებმა და რუსებმა ომი რომ  დაიწყეს, პრეზიდენტი შევარდნაძე  სოხუმში ჩავიდა და ქართველებს მოუწოდა, ვისაც შეგიძლიათ, ჩამოდით, ერთად დავდგეთო. მაშინ 19 წლის ვიყავი. მე და მამა სოხუმში წავედით, მე უბრალო მოხალისედ, მამა კი ჟიული შარტავას ეხმარებოდა... ის აფხაზეთში იბრძოდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია წლების მერე აფხაზებთან მოლაპარაკების მაგიდას მივჯდომოდი. თუმც ეს იოლი არ ყოფილა. 2005 წელს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რომ დამნიშნეს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენ შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენა.

(სპეციალურად საიტისთვის)