"სააკაშვილს ვლადიმერ პუტინის სახით პირადი მტერი ჰყავს - ის, რაც სააკაშვილმა თქვა, სათქმელი იყო აუცილებლად" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ვლადიმერ პუტინის სახით პირადი მტერი ჰყავს - ის, რაც სააკაშვილმა თქვა, სათქმელი იყო აუცილებლად"

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მივიდა.

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და თუ ხელისუფლება მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიიღებს, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

"მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან, რასაც ახლა ვერ ვიტყვი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, მასაც აქვს თავისი სათქმელი ამიტომ, როდესაც მოვინახულებ, შემდეგ გეტყვით.

ეს არის პოლიტიკური დევნა, ხელისუფლება რაც არ უნდა გავაფრთხილოთ, ჭკუაზე არ არიან, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას, თუ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ აკეთებენ", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდოს, სანიკიძის განცხადებით, რაიმეს რჩევის უფლება არ აქვს, რადგან ეს მისი პოლიტიკური აქტია.

"მე არ მაქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს რამე ვურჩიო, ეს მისი მორალური და პოლიტიკური აქტია", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

"არ გამოვრიცხავ, რომ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში, ამიტომ ის, რაც თქვა სააკაშვილმა, სათქმელი იყო აუცილებლად", - ასე ეხმაურება გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც არხის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გატაცების სცენას დგამდა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის სახით პირადი მტერი ჰყავს.

"სააკაშვილს ჰყავს პირადი მტერი ვლადიმერ პუტინის სახით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი შიში და გულისყრები პუტინს აქვს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე აქედან, არ გამოვრიცხავ, რომ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული ამ საქმიანობაში, ამიტომ ის, რაც თქვა სააკაშვილმა, სათქმელი იყო აუცილებლად", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.