"შერლოკ ჰოლმსებმა" ტყვიები ფანჯრის რაფაზე "აღმოაჩინეს" - კვირის პალიტრა

"შერლოკ ჰოლმსებმა" ტყვიები ფანჯრის რაფაზე "აღმოაჩინეს"

"შეიძლება კაცმა მწამებელს მოსთხოვოს ადვოკატი?"

"ქართული პარტიის" წევრებზე უპრეცედენტო ზეწოლაა, უდანაშაულო მოქალაქეებს არა მარტო აპატიმრებენ, არამედ აწამებენ კიდეც", - აცხადებს სოზარ სუბარი.

- "ზილითა" და ორასი სპეცრაზმელით რევოლუციის მოწყობის ბრალდების შემდეგ არა მხოლოდ პარტიის აქტივისტები, არამედ  ისინიც დაიჭირეს, რომლებსაც პარტიასთან კავშირი არ ჰქონიათ. მათი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ერთ დროს ოქრუაშვილს იცნობდნენ,  კლასელები ან მეგობრები იყვნენ. დააკავეს ქიბარ ხალვაშის ყოფილი მძღოლი თუ დაცვის წევრი, რომლის ვინაობაც კარგად ვერ გავარკვიეთ, და მიშა ქარელის ყოფილი მძღოლი.

შავ სიაში აღმოჩნდა გოჩა ჩიხრაძეც, რომელსაც რომ ვერ მიაკვლიეს, მისი ძმა და მამა დააკავეს, ორივეს სცემეს. მათ სახლში იატაკი ყოფილა ჩამტვრეული და იქ ჩაუდვიათ ავტომატი. ქართველმა "შერლოკ ჰოლმსებმა" ტყვიები და  საფანტი  პირდაპირ ფანჯრის რაფაზეც "აღმოაჩინეს". რომელი მშობელი შეინახავს საფანტს და ტყვიებს ბავშვების ხელმისაწვდომ ადგილზე? გოჩა ჩიხრაძე 48 საათი დაკარგული იყო. ბოლოს ნაწამები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვნახეთ.

სახალხო დამცველმა მოახერხა მისი ნახვა, მაგრამ მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, პარტიის მიერ დაქირავებული ადვოკატის აყვანაზე და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა. ეს ხომ არაადეკვატურია? შეიძლება კაცმა მწამებელს მოსთხოვოს ადვოკატი?

რამდენიმე პირმაც თქვა უარი ოჯახის თუ პარტიის დაქირავებული ადვოკატების მომსახურებაზე. ესეც ზეწოლაზე მიუთითებს.

დააკავეს კახაბერ ტერაშვილი და მისი ძმა ლევანი, რომელიც ჩვენი პარტიის წევრი იყო. იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ დამალვა არ უცდია. სამართალდამცავები ღამის 2 საათზე შეცვივდნენ მის სახლში და  ვედროში ჩადებული ავტომატი "აღმოუჩინეს". ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ ლევანს იარაღი ჰქონდა, საკითხავია, რატომ არ გადამალა?

ჯობს პოლიტიკურმა პარტიებმა, ლეიბორისტების მსგავსად, დაგმონ სახელისუფლებო ტერორი და ძალადობა, რადგან ეს კარგს არავის მოუტანს!