წერილი ციხიდან - კვირის პალიტრა

წერილი ციხიდან

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის

პალატას და მის თავმჯდომარეს ქ-ნ მზია ლომთათიძეს;

ევროპის ადამიანის

უფლებათა სასამართლოს;

დიპკორპუსის წარმომადგენლებს; საქართველოს

სახალხო დამცველს,

ბ-ნ გიორგი ტუღუშს;

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს;

საქართველოს მთავარ პროკურორს;

ადგილობრივ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა

დამცველ სტრუქტურებს

უკანონო პატიმრისა

და განსასჯელის,

ცოტნე გამსახურდიას

განცხადება

მინდა გაცნობოთ, რომ როგორც წინა არაერთ განცხადებაში მოგახსენეთ, სად-ის სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია უკვე თითქმის ნახევარი წელიწადია არავითარ ზომებს არ იღებს ჩემი მკურნალობისათვის. პირიქით, მაისის მეორე ნახევრიდან ყოველნაირად ხელს მიშლიან მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების შემოტანაში, საჭირო სამედიცინო სპეციალისტების შემოყვანაში, მართმევენ ყაჩაღურად ჩემს კუთვნილ წამლებსა და სამკურნალო აპარატურას.

დაწესებულების ადმინისტრაცია ვინმე ვ. ცხვედიანის, ზ. გრიგალაშვილის, ლ. ხარებაძისა და სხვათა მეთაურობით ყოველნაირად მიშლის ხელს, ეძებს ფორმალურ თუ არაფორმალურ, კანონიერ თუ უკანონო მიზეზებს, ხელოვნურად წელავს ჩემი მკურნალობის დაწყებას მაშინ, როდესაც ოპერატიული სამედიცინო ჩარევაა საჭირო. მეტიც, ნაცვლად მკურნალობისა, წართმეული მაქვს აბსოლუტურად ყველა უფლება და შეგნებულად მამყოფებენ ყოვლად არაადამიანურ პირობებში, რაც ჩემი შიმშილობის მიზეზი გახლავთ. რაოდენ ცინიკურია, რომ ამავე დროს უტიფრად აცხადებენ, თითქოს მე ვამბობ უარს სამედიცინო მომსახურებაზე!!! მაშინ, როდესაც სწორედ მკურნალობის მოთხოვნით ვშიმშილობ.

გარდა ზემოთქმულისა, დღეს, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, მოეხდინათ სასამართლოზე ჩემი ტრანსპორტირება რეანიმობილის საშუალებით (ვინაიდან დაავადებათა გამო ვერ ვახერხებ დაჯდომას და თანაც, დღეს ჩემი შიმშილობის 23-ე დღეა) მათ ისევ სად-ის სპეცმანქანით, ე.წ. რკინის ყუთით მომიყვანეს, რაც ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის წამების ტოლფასია.

KvirisPalitra.Geვფიქრობ, აშკარაა სად-ის ხელმძღვანელობის განზრახვა, მაქციოს ინვალიდად და ამ გზით მოახდინოს ჩემზე ზეწოლა, თუ გადამიხადოს სამაგიერო იმ წარსული და ამჟამინდელი პროტესტისათვის, რომელსაც მე მათი არაადამიანური, დანაშაულებრივი ქმედებების წინააღმდეგ გამოვთქვამ.

საერთოდ, პატიმრების მიმართ ციხის სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციას დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც ნაცისტებს - საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებისადმი. ამგვარი დამოკიდებულება კიდევ უფრო, განსაკუთრებით სასტიკი გახდა შარშან, დეკემბრის ბოლოს ჯალათისა და სისხლის სამართლის დამნაშავის (მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული პატიმართა ცემა-წამების გამო, რომელთა გამოძიებასაც საქართველოს პროკურატურა შეგნებულად, ჩვეულებისამებრ აჭიანურებს), ვინმე ვ. ცხვედიანის დაწესებულების დირექტორად დაწინაურების შემდეგ.

უკაცრავად საზოგადოებასა და სასამართლოსთან, მაგრამ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო იძულებული ვარ დავტოვო პროცესი, რადგან მიუხედავად დიდი სურვილისა, ნამდვილად ვერ შევძლებ მასზე დასწრებას. გთხოვთ გადადოთ სხდომა, მომცეთ გონივრული ვადა აუცილებელი რეაბილიტაციისათვის და მიაღწიოთ ჩემი კანონიერი უფლებების - ადეკვატური მკურნალობის, კვების და ა.შ. - უზრუნველყოფას. სხვანაირად არაფერსა აქვს აზრი, ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობა დღითი დღე უფრო მძიმდება და თუ ასე გაგრძელდა, მომავალში მით უმეტეს ვერ შევძლებ სასამართლო განხილვაში მონაწილეობას.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

P.S. სხვათა შორის, როგორც ადრე მოგახსენეთ, სად-ის გენინსპექცია, პროკურატურა თუ სხვა კომპეტენტური ორგანოები აბსოლუტურ გულგრილობას და უმოქმედობას იჩენენ დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ არაადამიანურ ქმედებებთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც კარგად ვლინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ სიცოცხლის უფლების უპატივცემულობა, რომელზეც ევროსასამართლო ს. გირგვლიანის საქმეზე მის გადაწყვეტილებაში საუბრობდა.

ადამიანის სიცოცხლე აქ გროშად არ უღირთ. მედიკამენტებისა და სრულფასოვანი გამოკვლევების არარსებობის გამო პატიმრებს ძირითადად არაადეკვატური მკურნალობა უტარდებათ, რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს ან გამაყუჩებლებით შემოიფარგლება. პატიმარი უნდა დასჯერდეს, რასაც აძლევენ და თუ პროტესტის გამოხატვა გაბედა, მას `გადაუკეტავენ ყველაფერს" (როგორც თავად უწოდებენ), აქცევენ არაადამიანურ პირობებში და ასე ახდენენ მასზე ზეწოლას.

ზოგ შემთხვევაში, პროტესტის გამომხატველ პატიმარს სასტიკად სცემენ, ხშირად სიკვდილამდე, შემდეგ კი მისი გარდაცვალება ავადმყოფობას მიეწერება და ასე `აპრავებენ" სიკვდილის ფაქტს. სწორედ ასე შემოაკვდა ცემის დროს აქაური რეჟიმის თანამშრომელს, არაადამიანურობით გამორჩეულ ვინმე ალექსანდრე თოლორდავას, რომელიც ამავე დროს ვ. ცხვედიანის პირადი მეგობარი გახლავთ, ავადმყოფი პატიმარი პეტრიაშვილი ა./წლის დასაწყისში.

დიდი მადლობა პირადად თქვენ და საერთოდ, მედიასახლ `პალიტრას" თანადგომისათვის, ყოველივე იმისათვის, რასაც თქვენ პატიმრების გაუსაძლისი ყოფის გასაუმჯობესებლად და ამ ჯოჯოხეთის გასაშუქებლად აკეთებთ.

22.06.11 ცოტნე გამსახურდია