"კეთილისმზრახველების რჩევები, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ ქვეყნიდან გაიყვანონ, ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპაროთ, ამას გვთავაზობენ ალბათ" - კვირის პალიტრა

"კეთილისმზრახველების რჩევები, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ ქვეყნიდან გაიყვანონ, ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპაროთ, ამას გვთავაზობენ ალბათ"

კეთილისმზრახველების რჩევები, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ ქვეყნიდან გაიყვანონ, ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპაროთ, ამას გვთავაზობენ ალბათ, არ ვიცი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა დავითულიანი „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მოსაზრებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, უმჯობესია ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებაა იშიმშილოს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მოვალეობაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი.

უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულდეს, თუმცა, როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პირნათლად, ბოლომდე მოიხდის სასჯელს საპატიმროში.

"ეს სააკაშვილის უფლებაა, არავინ აძალებს, რომ იშიმშილოს და არავინ უზღუდავს საკვების მიწოდებას. მისი, როგორც პატიმრის, უფლებაა იშიმშილოს, ჩვენ ვიზრუნებთ მის ჯანმრთელობაზე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაუმძიმდეს. იმედია, რომ ის კარგად იქნება, რომ პატიოსნად მოიხადოს მისი სასჯელი.

სიმართლე გითხრათ, თავი მე მგონი საერთოდ არ გვტკივა ამ ნაწილში. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას, ეს არის იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისი კონსულტანტების გადასაწყვეტი, უკეთ როგორ უზრუნველყოფენ ერთი მხრივ, დამნაშავის მხრიდან სასჯელის მოხდას, მეორე მხრივ, მისი ჯანმრთელობის კონტროლს. ეს არის იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი.

კეთილისმზრახველების რჩევები, რომ ქვეყნიდან გაიყვანონ, ბარემ გვირაბს გავუთხრით და გავაპაროთ. ამას გვთავაზობენ ალბათ, არ ვიცი. იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტს ექიმებთან ერთად, რა იქნება უკეთესი იმისთვის, რომ არ დაემუქროს საფრთხე და რისკის ქვეშ არ შევიდეს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მან პირნათლად მოიხადოს სასჯელი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის ინიციატივით "გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია გამოვიდა.

"მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა, ყოველთვის ლეგიტიმურია, მე მეტსაც ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ კლინიკაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ეს კარგი საშუალება იქნება ხელისუფლებისთვის, მღელვარება, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობის შესაძლო დამძიმებას მოჰყვეს, თავიდან აიცილოს.

"ინტერპრესნიუსი"