"არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" დაიწყებს სააკაშვილის გათავისუფლების გზებზე ფიქრს, ამაში დარწმუნებული ვარ" - კვირის პალიტრა

"არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" დაიწყებს სააკაშვილის გათავისუფლების გზებზე ფიქრს, ამაში დარწმუნებული ვარ"

"მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ, ისევე როგორც "ოცნების" მიმართ, მიმაჩნია, რომ ახლა კოალიცია, რომელიც წარმოადგინა მელიამ, არის უკეთესი რეალობა"

"კოალიციური მმართველობა არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ გზაზე. მოგვწონს ეს თუ არა, უნდა ვისწავლოთ მართვა -კომპრომისული გადაწყვეტილებების გზით", - ამბობს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია და მეორე ტურის წინ ოპოზიციას ამ გადადგმულ ნაბიჯს უწონებს. გაიზრდება თუ არა ნიკა მელიას შანსები მეორე ტურში და რა ბედი ეწევა ციხეში მყოფ სააკაშვილს, ამ და სხვა საკითხებზე ეკა ბესელია გვესაუბრება.

- ქალბატონო ეკა, მეორე ტურამდე ცოტა დრო რჩება, რას შეცვლის კოალიციურ მმართველობის მოდელზე საუბარი მეორე ტურის წინ?

- მიმაჩნია, რომ კოალიციური მმართველობის მოდელი არის გარდაუვალი აუცილებლობა. ამ ვითარებაში უკეთესი გამოსავალი, რომ პოლიტიკურ კრიზისს დააღწიოს ქვეყანამ თავი და მოიძებნოს კონსესუსის გზით გადაწყვეტილებების მიღების ახალი ფორმატი, უბრალოდ არ არსებობს. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ერთპარტიული მმართველობა როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის", არ უნდა დავუშვათ. იმ ვითარებაში, როდესაც ორივე პარტია ახერხებს ამომრჩევლის სხვადასხვა ფორმით მობილიზებას, შეუძლებელია რომელიმე მესამე ძალამ დამოუკიდებლად შეძლოს უმრავლესობის მოპოვება, ამიტომ საჭიროა კოალიციური მმართველობის მოდელი მოიძებნოს. ნამდვილად მგონია, რომ ეს მეორე ტურის წინ კარგი ნაბიჯი, კარგი გადაწყვეტილება იყო. მხარს ვუჭერ ასეთი გზით იაროს ოპოზიციამ. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ისევე როგორც "ქართული ოცნების" მიმართ, მიმაჩნია, რომ ახლა კოალიცია, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიამ არის უკეთესი რეალობა, ვიდრე დარჩეს ის, რაც არის. ახლა არსებულს მართლა ყველაფერი სკობს, რადგან უკიდურესი ვითარება შექმნა მმართველმა პარტიამ.

- მელიამ სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატებიც დაასახელა, მათ რიცხვში ჭარბობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეს არ არის ცუდი? - არ არიან მარტო "ნაციონალები", იქ არის ყველა პარტია, ვიცე-მერების პოზიციებზე ვნახეთ სხვადასხვა პარტიის ლიდერი. ბევრია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი, ამიტომაც უმრავლესობა ვერ ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", მას უნდა აბალანსებდეს სხვა პარტიები. ზოგადად განსხვავებულობაში მომწიფებული გადაწყვეტილება გაცილებით მეტად აზღვევს შეცდომებს.

- ოპოზიციის ეს ნაბიჯი მეორე ტურში ნიკა მელიას ამომრჩევლების რიცხვს გაზრდის? - რა თქმა უნდა გაზრდის. ის მობილიზებას აკეთებს საკუთარ ამომრჩევლების, ასევე პატარა პარტიების და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამომრჩევლის მობილიზება.

- თქვენი აზრით, გიორგი გახარიას და ანა დოლიძის მხარდამჭერები ხმას ვის მიცემენ? - მგონი ეს ის ხმებია, რომელიც "ქართული ოცნებისკენ" არ წავა. შეიძლება ეს ხმები ავტომატურად არ წასულიყო "ნაციონალური მოძრაობისკენ", მაგრამ როდესაც ამომრჩეველი დაინახავს, რომ მარტო ნიკა მელია არ არის იქ, მარტო ხუთი ნომერი არ არის, აქ არიან სხვა პარტიები, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, მეტი მოტივაცია ექნებათ, რომ ხმა კოალიციას მისცენ. ამით გაიზრდება მელიას შანსები.

- მიხეილ სააკაშვილის ვიდეო გაავრცელა "იმედმა", რომელიც სავარაუდოდ მისი საქართველოში ჩამოსვლის დროს არის გადაღებული, იქ საუბარია გატაცების სცენარზე, ამ ვიდეოზე რას იტყვით? - არ ვიცი რომელ ვიდეოზე საუბრობთ, "იმედის" სიუჟეტებს არ ვუყურებ და მათ ფაბრიკაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან მაქვს ნდობა დაკარგული ამ ტელევიზიის მიმართ, 2 წელია იქ არ მივსულვარ და კომენტარი არ გამიკეთებია, არც ვუყურებ. არადა ბევრი მაქვს ტელეკომპანია "იმედის"გადარჩენისთვის ნაბრძოლი. არ მჯერა მე ასეთი ფაბრიკაციების, მეთოდი იგივეა, როგორც წინა ხელისუფლება, იქცეოდა ისე იქცევიან ესენიც.

- სააკაშვილი ციხეშია გამოკეტილი, რა მოლოდინი გაქვთ, მოუწევს მას ციხეში სასჯელის მოხდა, თუ გაათავისუფლებენ პატიმრობიდან? - არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" დაიწყებს სააკაშვილის გათავისუფლების გზებზე ფიქრს, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ვერ გაუძლებენ იმ წნეხს, რაც მოყვება მის პატიმრობას. არ ვაპირებ წინასწარმეტყველებას იმაზე, რა გზას აირჩევენ, მაგრამ გზის გამონახვა მათთვის არ არის პრობლემა, თუნდაც ახალი კანონი შეიმნან, ან მოიგონონ ახალი გზა გადასცენ უკრაინას. თავიდან მოიშორონ ეს პრობლემა. იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ უნდათ ამ პრობლემიდან თავის დაღწევა და სააკაშვილს დიდხანს არ გააჩერებენ ციხეში. შეშინებულ ხელისუფლებას არ აწყობს, პოლიტიკური ბომბი ჰქონდეთ ქვეყნაში და სააკაშვილი ციხეში ჰყავდეს.

- მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თავად იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მას ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, თუმცა ამაზე მსჯავრდადებული უარს ამბობს, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს და ჩვეულებრივ კლინიკაში გადაიყვანს? - ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანის თემა არ უნდა იყოს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და ის უნდა იყოს განხილული ადამიანის უფლებების ჭრილში, ეს არის სტანდარტი. ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ძალიან მაღალი რისკის შემცველია, რადგან შესაძლოა თავად პატიმრების მხრიდან იყოს გარკვეული აგრესია. წესით თავად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისი იქ გაადაყვანა. ასეთი საქმების გაჭიანურება არ შეიძლება, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ჩაატაროს სასამართლო. პარადოქსია როგორ სასამართლოს ახვედრებს მას ხელისუფლება? ეს არის კურიოზი და ტრაგედია "ქართული ოცნებისთვის", რომ 9 წლის წინანდელი სასამართლო, მიშას დროინდელი სასამართლო დაახვედრა "ოცნებამ" ისევ სააკაშვილს. ის მოსამართლეები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ყავდა მოყვანილი, "ოცნებამ" დააწინაურა, დაასაჩუქრა და დასაჩუქრებულები დაახვედრა მას. აქ არის ტოლობის ნიშანი და ამის მერე რაც არ უნდა ილაპარაკონ, ადამიანის უფლებების სტანდარტი არის ფიქცია.

- ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების მარშრუტი, მართალია ხელისუფლება აამბობს, რომ ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა, მაგრამ ბევრი კითხვა ჩნდება, უშიშროების საქმიანობას ამ კუთხით როგორ შეაფასებთ?

- გამოჩნდა სისუსტე, არაკოორდინირებულობა, არაინფორმირებულობა, უპასუხისმგებლობა. ამდენი ტყუილი, რაც უთხრეს საკუთარ ხალხს, არ შეიძლება. ქვეყანაში სამი დღე დადიოდეს ძებნილი პრეზიდენტი და არ იცოდე და სისულელეებს ელაპარაკებოდე ხალხს, ძალიან სირცხვილია.

(სპეციალურად საიტისთვის)