"ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში "ოცნების" ლურჯი დროშების ნაცვლად თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება" - კვირის პალიტრა

"ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში "ოცნების" ლურჯი დროშების ნაცვლად თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება"

გამარჯვების მერე გელით რუსთავში. მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარები, მათ შორის, ბათუმელებმაც გააღოთ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე,- ასე მიმართა ციხიდან წერილით მესამე პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

სააკაშვილმა მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

"ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემ მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი თბილისში იყო 14 ოქტომბერს. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს. მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც კი ვერ გაბედა ჩემი მიყვანა და სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ.

ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს ნიშნავს, რომ ბათუმში "ოცნების" ლურჯი დროშების ნაცვლად თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესო მერი ბათუმის ისტორიაში. მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი. ხოლო გამარჯვების მერე გელით რუსთავში. მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის, ბათუმელებმაც გააღოთ. არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე! არცერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით, ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმში. გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ამ წუთებში, ბათუმში, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სლოგანით - "ბრძოლა გამარჯვებამდე".

"ინტერპრესნიუსი"