ასეა და მორჩა! - კვირის პალიტრა

ასეა და მორჩა!

პალიკო კუბლაშვილი ლეგენდარული კაცია - ჭრის და კერავს საქართველოს ისტორიას. აქამდე მეგონა, ამის უფლება მხოლოდ მიშას ჰქონდა. ისიც მეგონა, რომ 2003 წელს რეფერენდუმი ჩავატარეთ დეპუტატების რაოდენობის შემცირების თობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი მეგონა. გამოვიდა პალიკო და ჩემი ილუზიები ქარს გაატანა.

თქვა, რომ 2003 წელს ქვეყანა ტერიტორიებწართმეული იყო, ამიტომ რეფერენდუმი ვერ ჩატარდებოდა და ის, რაც ჩატარდა, გაუგებრობა იყოო. ამით პალიკომ თქვა შემდეგი: სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება, რეფერენდუმს ვერ ჩავატარებთო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაწილში ჩატარებული არჩევნებიც საეჭვო უნდა გახდეს. აბა, რა!..

თუ რეფერენდუმს ვერ ვატარებთ, ანუ ვერ ვიგებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის აზრს, მაშინ გაუმთლიანებელ საქართველოში ჩატარებული არჩევნები რაღატომაა ლეგიტიმური? გარდა ამისა, შეიძლება დავასკვნათ მეორეც:

შევარდნაძის დანაშაულთა ნუსხას კიდევ ერთი მიემატა. ამ კაცს საკუთარი მმართველობის მიწურულს ბიუჯეტიდან თანხები გაუფლანგავს - ჩაუტარებია უკანონო რეფერენდუმი, რომელსაც, თურმე, არანაირი ძალა არ ჰქონია. მართალია, მისი შედეგების გაუქმება პოსტრევოლუციურ ციებ-ცხელებაში დაავიწყდათ, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და პალიკომაც შეიტანა სინათლე ბნელში!..

ეს ამბავი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ადრე ადამიანები ტყეში, ნახევრად ველურ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. მერე საჭიროებამ (მტაცებლებისაგან თავდაცვამ, ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვამ და მისთ.) ისინი ჯგუფებად - ტომებად შეკრა. დასხდნენ პალიკოს პონტში ჭკვიანი ველური კაცები და ქალები და მოილაპარაკეს -  რაღაც წესები შემოვიღოთო. მერე, როცა დამწერლობა გამოიგონეს, ეს წესები დაწერეს კიდეც, მაგალითად, ეგვიპტეში ქვაზეც კი ამოკვეთეს. დარაჯად პალიკოს პონტში ბრძენი ხალხი მიუჩინეს.

როცა რაღაც სადავო იყო, ფარაონი (ნუ, მიშას პონტში ვინც იყო მაშინ) დაუძახებდა ქურუმს და ჰკითხავდა, აბა, კანონში როგორააო. ქურუმიც წაიკითხავდა იეროგლიფებს და ეტყოდა - ასე და ასეაო. იყვნენ ფარაონები, რომლებსაც ფეხებზე ეკიდათ კანონები,  მაგრამ ცივილიზაციამ თავისი ქნა და კანონებისადმი პატივისცემა საყოველთაო რამ გახდა. ასე განსაჯეთ, ერის ცივილიზებულობის საზომად წესის და კანონის დაცვა მიიჩნიეს.

ქართველებიც არ ჩამოვრჩებოდით დანარჩენ მსოფლიოს. ვიცოდით, რომ ჯერ„წესია საქმე და შემდეგ საქმეა საქმე. უწესოდ რომ საქმე არ გამოვა, ამას კარგად ვხვდებოდით. მაგრამ აი, პალიკოს სხვაგვარად მიაჩნია... მას მიაჩნია, რომ რაც მიშას მოუნდება, ისაა წესი; რომ წესი არის მიშას სურვილი! ასეთი ქვეყნები ადრეც არსებობდა. მაგალითად, საფრანგეთი იყო ასეთი ლუი მეთოთხმეტის დროს. ამ წყობას, როცა ფარაონის, მეფის, შაჰინშაჰის სურვილი არის კანონი - აბსოლუტური მონარქია ჰქვია. ისე, კაცმა რომ თქვას, მე არა ვარ წინააღმდეგი საქართველოში მიშას მონარქიის დამყარებისა. არა მგონია, ბევრი რამ შეიცვალოს.

უბრალოდ, ყველას ზუსტად გვეცოდინება, უნდა გავჩერდეთ ამ ქვეყანაში თუ უნდა დავახვიოთ აქედან. მიშას აბსოლუტური მონარქიის გამოცხადების შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, რომ მონარქის ნებაა კანონი; რომ თუ მიშა საღამოს კარგად ვერ გაერთო, შეიძლება დილით გადასახადები გაზარდონ, ან ვიღაცები დაიჭირონ. ვანოს აღარ დასჭირდება ავტომატების ჩადება, იტყვიან, რომ მონარქის ნება ასეთია და მორჩა!

ბევრ ხარჯსაც ავცდებით. მაგ., პარლამენტი აღარ დაგვჭირდება (ისედაც აქეთ მიდის საქმე), აღარ დაგვჭირდება სასამართლოც - მტყუან-მართალს მონარქის დანიშნული ყადები გაარჩევენ. მოკლედ, ქვეყნის პოლიტიკურ წყობას დაერქმევა ის, რაც არის ახლა რეალურად - აბსოლუტური მონარქია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა!

შალვა რამიშვილი