"თუ "ოცნებას" არ აწყობდა აქ სააკაშვილი, შეეძლო ისევ არაჟნის კონტეინერით უკან გაებრუნებინა" - კვირის პალიტრა

"თუ "ოცნებას" არ აწყობდა აქ სააკაშვილი, შეეძლო ისევ არაჟნის კონტეინერით უკან გაებრუნებინა"

"ყოფილი მთავარსარდალი ქვეყანაში სამარცხვინოდ შემოძვრა"

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურია დანიშნული. არჩევნებამდე 10 დღით ადრე თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მერის მოადგილეობის, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატები დაასახელა. ამ გუნდში რამდენიმე უპარტიო წევრია, ხოლო დანარჩენები არიან "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "დროას", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი საქართველოს" წევრები. ნიკა მელიას ამ პრეზენტაციის შემდეგ გაიზრდება თუ არა ოპოზიციის შანსი და რას ემსახურება ეს ნაბიჯი, ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრება.

- ვინც თვალს ადევნებს წინასაარჩევნო კამპანიას, დაინახა, რომ ოპოზიციას, ფაქტობრივად, კამპანია არ ჰქონია, პატარა გამონაკლისების გარდა. 2 ოქტომბერს არჩევნების შედეგების ბოიკოტი უნდა დაწყებულიყო და გამოჩენილიყო მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ სხვაგვარად განვითარდა პროცესები, მანამდე სააკაშვილი დააკავეს. მისი მომხრეების ღირებულებადაცლილ განცხადებას, თითქოს მან ჩამოაქცია უსაფრთხოების სისტემა, მნიშვნელობა არა აქვს...

ნორმალური ქვეყნის, ნორმალური საზოგადოების მოქალაქეებს უნდა რცხვენოდეთ, რომ მათი ლიდერი, აღარ არის საუბარი ყოფილ მთავარსარდალზე, უკანონოდ შემოიჭრა ქვეყანაში. ამით მან შეურაცხყო ის ადამიანები, რომლებიც საზღვარს იცავენ. ყველაზე უარესი სცენარი დაგეგმა, რაც შეიძლებოდა მოეფიქრებინა.

გაცილებით მომგებიან სიტუაციაში იქნებოდა, თვითმფრინავით რომ ჩამოფრენილიყო მაშინ, როცა პოლიტიკურად აწყობდა, და სულ სხვა რეალობის წინაშე შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით. ვიცით მისი მომხრეების უნარი, არაფრისგან შეუძლიათ შექმნან თემა და თავად ქვეყანაც შეიძლებოდა გამოწვევის წინაშე დამდგარიყო, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა. არჩევნები ჩატარდა მშვიდად და ეს საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც აღიარა საკმაოდ პოზიტიური შეფასებით. ყბადაღებული რეფერენდუმი, 43 პროცენტი, დიდი მაჩვენებლით გადალახულია, კითხვები აღარ დარჩა.

როცა სხვა რესურსი აღარ დარჩათ, დაიწყეს ცრუსაარჩევნო კამპანია, რომლის დიდი ნაწილი პოპულისტური განცხადებებია. პოლიტიკოსებს, პარტიებს მთელი ამ სამი თვის განმავლობაში არ წარმოუდგენიათ პროგრამები. ამას ვიზამ, იმას ავაშენებო, ლოზუნგებით საქმე არ კეთდება. მთელი 3 თვე "ლელოს" ერთი პროგრამა არ გვინახავს და უცებ გამოვიდნენ, ბუტაფორია კაბინეტი შექმნეს და გამომცხვარი აქვთ ყბადაღებული მარშალის გეგმა. როცა "ლელომ" საპარლამენტო არჩევნებზე წარმოადგინა ეს გეგმა, ეს იყო 20-გვერდიანი ლოზუნგები და სადღეგრძელოები. როცა გეგმას არქმევ, თბილისის ბიუჯეტზე მორგებული უნდა იყოს. არ ვამბობ, ყოველი თეთრი გაწერილი უნდა იყოს-მეთქი. რაც უნდა ვეცადოთ, ნებისმიერ არჩეულ მერს, მელია იქნება თუ კალაძე, 2022 წელს მოუწევს იმ ბიუჯეტით ცხოვრება, რა ბიუჯეტიც აქვს დღეს თბილისის მერიას დამტკიცებული. ამ ბიუჯეტის ფარგლებში უნდა "იცეკვონ" კანდიდატებმა, ქამრებიდან ვერ ამოხტებიან.

როცა ასეთ პოპულისტურ დაპირებებს იძლევი, რას მოაკლებ თანხას, რომელ ბავშვთა ბაღს არ ააშენებ, რამდენ ავტობუსს არ შემოიყვან, რაც სჭირდება ქალაქის განვითარებას, რას არ გააკეთებ?! ასე რომ ვითარდებოდეს ეკონომიკა, რაც შემოდის, იმას ხალხში არიგებდნენ, მეორე დღეს ბიუჯეტი აღარ შეივსება. ეკონომიკის მამოძრავებელი ინფრასტრუქტურული პროექტებია. როდესაც ბიუჯეტის ჭარბად დახარჯვას აპირებ, ხომ უნდა იცოდე, ამას რა მოჰყვება? ქალაქის განვითარებას უზარმაზარი თანხა სჭირდება. "ნაცმოძრაობამ" და მისმა ყოფილმა მერმა ტროტუარებიც არ დაუტოვეს ქალაქს, რომ ნორმალური გაფართოების საშუალება იყოს. ყველგან მშენებლობები დაიწყეს. იცის ყველამ, რა ხდება ქალაქში, ესენი კი პოპულიზმით არიან დაკავებული. არ აფასებენ ამომრჩეველს, სპექტაკლებითა და პოპულისტური დაპირებებით აბრუებენ.

საკრებულო წაგებული აქვს ოპოზიციას, უმრავლესობას ფლობს "ოცნება" და საინტერესოა, რომელ კაბინეტს აყალიბებენ, თან როცა წინ მეორე ტურია. პირველ ადგილზე გასულ კალაძეს მელია 9-10 პროცენტით ჩამორჩებოდა. ეს ხმები მას შესაგროვებელი აქვს და თუ ამ კოალიციით ხმები მოიზიდა, ჯამში "ლელოს" ხარჯზე მაქსიმუმ 2,5 პროცენტი გამოდის. მესმის, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ ერთ დღეს მძიმე ბრალდებები წაუყენონ ერთმანეთს, მეორე დღეს კი ერთ ბანაკში იყვნენ, ნიშნავს, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ პოლიტიკური კულტურა, პრინციპები, არაფერს ვამბობ იდეოლოგიაზე.

ფაფა, გოგლიმოგლი, აჯაფსანდალი დავარქვათ ამ გაერთიანებას, რომლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მოღალატეს უწოდებდნენ იმის გამო, რომ სადღაც მემორიალთან პუტინის გვერდით იდგა და მასთან ხშირად ჩადიოდა. დღეს კი ერთად არიან, თუმცა ოდესღაც მაინც ერთად იყვნენ ყველანი, ხაზარაძის გარდა. რა კოალიციაზე ვლაპარაკობთ? "ნაციონალური მოძრაობა" მარტივ მამრავლებად დაიშალა და როცა სჭირდებათ, ერთიანდებიან. ახლა ეს სპექტაკლი დაგვიდგეს. ჩანს, რა მიზანიც აქვთ, როგორ გაინაწილეს თანამდებობები. მაგალითად, ბურჯანაძის პარტიას შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობა შეხვდა. არ ვიცი, ამას რა დავარქვა! ნინო ბურჯანაძე ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეა, ორჯერ დროებით პრეზიდენტის სავარძელში იჯდა და თავისი პარტიისთვის ვაჭრობს ქალაქის შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობას. ასევე ერგო ერთი რაიონის გამგებლის პოსტიც, ანალოგიურად არიან სხვებიც. შესყიდვების სამსახურის უფროსი უნდა იყოს კვალიფიციური ფინანსების სპეციალისტი და თბილისის მერის გუნდის წევრი. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ არავის შეეხებიან და მეორე მხრივ, სიები უკვე დაწერილი აქვთ. ამით არიან დაკავებული წინასაარჩევნოდ. როგორ შეიძლება ეს სერიოზულად შეაფასო? კიდევ ერთ დეტალს გავახსენებ საზოგადოებას - არსებობს სააკაშვილის ადრინდელი ვიდეოფირი, სადაც ის 43 პროცენტზე ლაპარაკობს და ამბობს, ამის აღება ევროპული სტანდარტიაო, დღეს კი 43 პროცენტზე ჰქონდათ გართულება, თუმცა "ოცნებამ" გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აჩვენა. 96 პროცენტი რომ აიღო თვითონ, ეს იყო ევროპა? როგორც კადიროვი იღებს 99 პროცენტს ხოლმე. ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტი, ხალხის დაცინვა და უპასუხისმგებლობაა. ოპოზიციის სერიოზულობას ვერ ვხედავ. წლებია ოპოზიციას ვეუბნები, რომ ოპოზიციურ ფლანგს ძირეული განახლება სჭირდება. "ნაცმოძრაობაში" ისევ ისინი არიან, ვინც მიუღებელია ხალხისთვის. სწორედ ასეთები უნდა შეცვალონ ახალი სახეებით. ხალხს იმ მდგომარეობამდე მიიყვანენ, რომ ქუჩაში გამოვა და ამ პარტიის აკრძალვას მოითხოვს. თუმცა ამის აზრს ვერ ვხედავ, პარტიას სახელს გადაარქმევენ და იგივე პოლიტიკოსები გამოვლენ სხვა პარტიის სახელით როგორც შევარდნაძის დროს - იმ მთავრობის ნახევარზე მეტი გადალაგდა მაშინ "ნაციონალურ მოძრაობაში". ხალხს არჩევანს არ უტოვებენ.

არაფერს ვამბობ ფანკლუბზე, იმ 25 პროცენტზე, რომელიც მას მხარს უჭერს. ამ არჩევნებზე იყო უამრავი შესაძლებლობა, ადექი და შემოხაზე სხვა, სხვას მიეცი შანსი, მაგრამ არ გამოდის. ის სხვა ვერ შემოდის, რადგან მედიის მთავარი სივრცე "ნაცმოძრაობას" უკავია და დანარჩენებს პატარა პროცენტი რჩებათ. ამ სივრცეს ინარჩუნებენ დიდძალი ფინანსური რესურსით, რომელიც მიტაცებული აქვთ ბიუჯეტის ხარჯზე, და აქვთ საკუთარი მედიასაშუალებები. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს მკაფიო არჩევანი, ოპოზიციისთვის დამანგრეველი შედეგი უნდა დადოს და აიძულოს ოპოზიცია დაიწყოს შიდა განახლება. ასე გაგრძელება არ შეიძლება.

- კოალიციის შექმნა ამომრჩევლის მოზიდვას ემსახურება? - ამას კოალიციას ვერ ვუწოდებ. პატივს არ სცემენ საზოგადოებას, უტიფრად იქცევიან. როგორ შეიძლება საზოგადოებას ისევ გიგი უგულავას სთავაზობდე, კაცს, რომელსაც დაუმტკიცდა დანაშაულები - 2 საქმეზე გასამართლდა და 28 მილიონი აქვს მითვისებული. იყო მეორე ბრალდებაც. რაც სუფთად გააკეთეს და შერჩათ, ეს კიდევ სხვა საქმეა. ის ისევ მოგყავს? ან აბსოლუტურად გამოუცდელ, ენჯეოდან მოსულ პირს აბარებ მთელი თბილისის სატრანსპორტო სამსახურს, მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტს, უზარმაზარ მეურნეობას? Aპირს, რომელსაც ტროლეიბუსების პარკზე წარმოდგენა არა აქვს. ასე დაინაწილეს სამსახურები. ეს იყო სპექტაკლი ამომრჩევლის გასამხნევებლად და იმ ელექტორატის მოსაზიდად, რომელიც ასე ღრმად არ იყურება ამ პროცესებში.

პოპულისტი არასოდეს არ უნდა მოიყვანო ხელისუფლებაში. სააკაშვილმა 96 პროცენტი რომ აიღო, იმ წელს მეც მივეცი ხმა და შედეგი ვნახეთ. იმ ერთ ხმაზე მეც ვიღებ პასუხისმგებლობას. თავიანთ ნამოქმედარს უარყოფენ, ცალკე პრობლემაა, ბოდიშის მოხდა რომ არ შეუძლიათ... მოქალაქეები ჩვენი ერთი ხმით ვწყვეტთ ჩვენს ბედს, შენ ხარ პასუხისმგებელი ერთი ხმით, ამიტომ უნდა გააკეთო სწორი არჩევანი.

- ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, სადაც ის გატაცებაზე საუბრობს. რისთვის სჭირდებოდა ამ ჩანაწერის გაკეთება? - მისი მომხრეები ამტკიცებენ, არ არის ავთენტურიო, თუმცა მოგვიანებით ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიების მასალებში ეს მასალა დევს. სხვა ვიდეოებს შევახსენებ მათ - ბათუმში რომ დასეირნობდა, ის რატომ იყო ავთენტური? იქნებ პირდაპირ იმ ბინაში დააკავეს და საერთოდ არ უსეირნია და არც ბათუმში და არც სხვაგან? ის ვიდეოები ხომ მოახვიეს თავზე მთელ ქვეყანას და თან დაცინვით, ჩამოშალა მთელი უსაფრთხოების სისტემაო, თითქოს ჩვენი მტერი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ჩამოშალა.

ყოფილი მთავარსარდალი ქვეყანაში სამარცხვინოდ შემოძვრა. მაგას ჯობდა აშკარად შემოსულიყო და იქ მოეწყო რაღაც პროვოკაცია. როგორც ითქვა, ვიდეო რეალურია და დევს საქმის მასალებში. კომიკურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე - შეიძლება მას მართლა ეშინოდა, რომ დააკავებდნენ და წინასწარ ჩაწერა ვიდეო, ან თუ ვერ მოახერხებდა შემოპარვას, ალბათ, სწრაფად რომ გაევრცელებინა. ვფიქრობ ეს გათვლა იყო. თან იცინის, საღეჭ რეზინს ღეჭავს, მასხარაობს, არასერიოზულია. რთული შესაფასებელია და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ვიდეო ექნება. მობილური ჩამოართვეს და, ალბათ, იქ იქნება ბევრი საინტერესო მასალა. რომ დააკავეს, რა გააკეთა, ვერაფერი, დაადეს ბორკილი და წაიყვანეს ციხეში. გამიტაცესო, ამბობ, თან იცინის და საღეჭ რეზინს ღეჭავს...

თუ 2 ოქტომბერს დადგებოდა ის შედეგი, რომელიც მისთვის მიუღებელი იქნებოდა და მის დაკავებას ვერ მოახერხებდნენ, შეიძლება მაშინ ეთქვა, რომ ვითომ გატაცებულია, რათა მომხდარიყო მისი მომხრეების მობილიზება.

- ბევრი ამბობს, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ აწყობს "ქართულ ოცნებას". მოუწევს ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა და მისი გათავისუფლება? - თუ "ქართულ ოცნებას" არ აწყობდა აქ სააკაშვილი, უპრობლემოდ შეეძლო ჩაესვა თვითმფრინავში ან ისევ არაჟნის კონტეინერში და უკან გაებრუნებინა. ეს არ იყო პრობლემა. პირდაპირ სადარბაზოსთან მიაყენებდნენ მანქანას და წაიყვანდნენ ისევ უკრაინაში. ძველი ხელისუფლებისთვის ხომ არ იყო მსგავსი ქმედებები პრობლემა, ხალხს საერთოდ აქრობდნენ. მაგრამ იმოქმედეს კანონის თანახმად და დღეს ის დაკავებულია. უნდა მოიხადოს სასჯელი. არა ვარ იმის მომხრე, რომ იმავენაირ საკანში უნდა იჯდეს, როგორიც მის პერიოდში იყო, და იგივე გაუკეთდეს, რასაც მისი მმართველობის დროს უკეთებდნენ ადამიანებს, მაგრამ მე იმის მომხრე ვარ, სასჯელი ყველამ კანონიერად მოიხადოს.

- ეკლესიის დისკრედიტაციის თემაა აქტუალური. ამ სკანდალის უკან ვინ დგას? - ვინც არის დაკავებული, ის. ხომ არ გგონიათ, მის გარეშე ხდება რამე? ის ტელევიზიები, რომელთა შენახვა ყოველწლიურად ამდენი მილიონი უჯდებათ კეზერაშვილსა და სხვებს, მათ "კასირებს". ვინ ხარ, რომ ეხები სამ მილიონზე მეტი ქართველი მართლმადიდებლის რწმენას და ეკლესიას? ასეთი ზიზღით როგორ საუბრობ და ამდენ სიძულვილს როგორ აფრქვევ?

- 30 ოქტომბერს მეორე ტურია. როგორ ფიქრობთ, მოვლენები როგორ განვითარდება? - ისევ იქნება დესტრუქციის მცდელობები, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ყველაფერი გაგრძელდება ისე, რა შედეგებიც დაიდება და როგორც შეაფასებს ამას საერთაშორისო საზოგადოებრიობა. კეთილინებონ და იმ შედეგს შეეგუონ, რა არჩევანსაც საზოგადოება გააკეთებს.

30 წელია ვუყურეთ ამ გოგლიმოგლს. წარსულში დაბრუნება არავის უნდა. საზოგადოებამ ოპოზიციას უნდა გამოვუცხადოთ პროტესტი. ჯანსაღი ოპოზიციის არსებობა აუცილებელია ხელისუფლების ტონუსში ყოფნისთვის, მაგრამ თუ საპირწონე ოპოზიცია არ არის, ხელისუფლება ჭაობში ეფლობა. კონკურენტული ოპოზიცია უნდა იყოს, ამის ნაცვლად კი ყოველი მეორე ადამიანი "ოცნებას" აძლევს ხმას, იმიტომ, რომ უკეთესი არ არის. თუ გვინდა იყოს უკეთესი, ერთ დღეს ხალხი უნდა გამოვიდეს და ოპოზიციას უთხრას, წადი სახლში, შემოუშვი სხვებიო.