"იქ, სადაც "ოცნება" და გახარია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ გახარიას წარმომადგენელს დავუჭერთ მხარს" - კვირის პალიტრა

"იქ, სადაც "ოცნება" და გახარია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ გახარიას წარმომადგენელს დავუჭერთ მხარს"

"თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნოდ შექმნილ კოალიციებში მონაწილეობას არ მივიღებდით. თუმცა ახალ ოპოზიციურ კოალიციას ვგულშემატკივრობთ და ჩვენს ამომრჩეველს მისი მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ", - ასე უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კითხვას, თუ რატომ არ არის მისი გუნდი ახალი კოალიციის შემადგენლობაში. მისივე თქმით, ჩრდილოვან კაბინეტში "სტრატეგია აღმაშენებელი" არათუ განზე არ დგას, არამედ კონსულტაციებშიც მონაწილეობს. რატომ აირჩია "სტრატეგია აღმაშენებელმა" ასეთი პოზიცია და რა გათვლები აქვს, ამ საკითხებზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- ჩვენ ვაცხადებთ, რომ მეორე ტურში მხარს ვუჭერთ ყველა დამოუკიდებელ და პარტიულ კანდიდატს, ვინც არ წარმოადგენს "ქართულ ოცნებას".

მეორე ტურში მონაწილეობას მივიღებთ ჩვენი კომისიის წევრებით, საარჩევნო შტაბებით და ვიქნებით ძალიან აქტიურები, რათა შევძლოთ ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზება საარჩევნო შტაბებთან.

- თუ კოალიციასთან მაინც თანამშრომლობთ და ჩრდილოვან კაბინეტთან კონსულტაციებსაც აწარმოებთ, მაშინ მით უფრო გაუგებარია, რატომ არ გსურთ თავადაც იყოთ წარმოდგენილი ამ გაერთიანებაში? - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლაა, მაგრამ ომი ამით არ მთავრდება. თვითმმართველობის მეორე ტურით ხელისუფლება ბოლომდე არ იცვლება, საპარლამენტო არჩევნები ჩასატარებელი გვაქვს. მეორე ტურის დასრულებამდე ყველაფრის წინასწარ თქმა არ მინდა, მაგრამ, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

- ანუ თუ ნიკა მელია თბილისის მერი ვერ გახდება, თქვენ არ გსურთ ოპოზიციური მარცხის თანაზიარი გახდეთ?

- არა, საქმე სულ სხვა რამეშია. ვფიქრობ, მეორე ტურის შემდეგ რა შედეგიც უნდა დადგეს, კიდევ უფრო მეტი სამუშაო იქნება სხვა ტიპის კოალიციების ჩამოსაყალიბებლად.

- ეს იქნება კოალიცია მინუს "ნაციონალური მოძრაობა"? - "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციაზე ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდშივე ვთქვით უარი. ახლაც იმავე აზრზე ვართ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ორი საკითხი: რაც შეიძლება მეტი მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბნებთან და ხმა მისცეს ოპოზიციისა და დამოუკიდებელ კანდიდატებს.

- ცოტა ხნის წინ თქვენი პარტიის ლიდერები, მაგალითად, სერგო ჩიხლაძე კატეგორიულად გამორიცხავდა გახარიასთან თანამშრომლობას. - გასაგებია, მაგრამ იქ, სადაც "ქართული ოცნება" და გახარია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ჩვენ გახარიას წარმომადგენელს დავუჭერთ მხარს.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ 30 ოქტომბრამდე ხელისუფლება და ოპოზიცია "დიდი შერკინებისთვის" ემზადება. თქვენი ვერსიით, რა შეიძლება მოხდეს? - რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როდესაც "ოცნება" ხალხის დაშინებას ცდილობს? დახარჯავენ დიდ ფულს და ბევრს ინდივიდუალურად დაამუშავებენ დაშინებისა და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით.

ხათუნა ბახტურიძე