"საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები­ რომ ყოფილიყვნენ, რუსეთი ომს ვერც ერთს ვერ გაუბედავდა" - კვირის პალიტრა

"საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები­ რომ ყოფილიყვნენ, რუსეთი ომს ვერც ერთს ვერ გაუბედავდა"

რუსეთი ნატოში მისიის მუშაობას აჩერებს. ბრიუსელში მდებარე შტაბბინაში რუსეთის წარმომადგენლები მუშაობას მოსკოვის გადაწყვეტილებით იმის გამო წყვეტენ, რომ გასულ თვეში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის მისიის 8 წარმომადგენელს ფარულ სადაზვერვო საქმიანობაში დასდო ბრალი და ქვეყნიდან გააძევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მისია ფუნქციონირებას 1-ლი ნოემბრიდან შეწყვეტს. ამავე დღეს ჩამოერთმევათ აკრედიტაცია ნატოს სამხედრო მისიის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მოსკოვში მუშაობენ. პირველი რუსი დიპლომატი არ აკონკრეტებს, რა პირობებით შეიძლება მისიების აღდგენა. რუსი პოლიტოლოგი, ფონდ "პერსპექტივის" პრეზიდენტი ლეონიდ გოზმანი გვესაუბრება, თუ რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს პროცესები:

- რა შეიძლება მოხდეს ნატოსა და რუსეთს შორის, ამაზე პასუხს ამგვარად გაგცემთ: მე არასდროს მომიხმარია ნარკოტიკი, მაგრამ მისაუბრია ნარკომანებთან და ვიცი განცდები, რომელთაც ის იწვევს. ღრუბლებში დაფრინავენ, რეალობას ვერ აღიქვამენ, მირაჟში არიან, რაღაც დროის შემდეგ ადეკვატურები ხდებიან, მაგრამ მაინც იმავეს განაგრძობენ, რეალობასა და მირაჟს ერთმანეთში ურევენ. ნისლში არიან და ცდილობენ ამ დამღუპველ კოშმარში სხვებიც ჩაითრიონ. ამას აკეთებენ ან ტკბილი ენით, ან შანტაჟით. ასეა ჩვენი ხელისუფლებაც - ჯანსაღი ცხოვრების გზას კი მიჰყვება, მაგრამ ნარკომანივითაა, მის გარშემო ბუნდოვანებაა, მსოფლიოში არსებულ რეალობას სრულიად მოწყვეტილია. ამის მაგალითია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევის განცხადება, თუ ნატოსგან რუსეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, რუსეთი მზად არის ალიანსს ძალისმიერი პასუხი გასცესო.

ვინ დაემუქრა რუსეთის სუვერენიტეტს ან რომელი ტერიტორიის წართმევას უპირებს "აგრესიული ნატოს ბლოკი?" საინტერესოა, რა ძალით აპირებენ ნატოსთვის წინააღმდეგობის გაწევას... საღად მოაზროვნე როგორ დაიჯერებს, რომ ნატოს ჯარისკაცები რუსეთში შემოჭრას გეგმავდნენ... ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელს ჰგავს, მაგრამ პუტინსა და მის გუნდს აქვთ მედია, რომელიც ტვინების გამორეცხვაზე მუშაობს და ვინც კრემლის მედიას უყურებს, სჯერა კიდეც, რომ ნატო თავდასხმას გვიპირებს. ამიტომ სძულთ და მოაღალატეს ეძახიან ყველას, ვისაც თურმე დასავლეთი მართავს და ამიტომ აპირებენ ცვლილებებს. ანუ საკითხი ასე დგას - პუტინი რომ არ იყოს, რუსეთს ნატო დაესხმებოდა თავს.

ამ საგარეო საფრთხის მოგერიებაზეა სახელმწიფო რესურსი გადართული და ამიტომ შეიქმნა ეკონომიკური პრობლემები. "დასავლეთი სანქციებით ჩვენს დასუსტებას ცდილობს, რათა საბოლოოდ დაგვამარცხოს" - ამ ნარატივით იკვებება რუსი ხალხის დიდი უმრავლესობა. საბჭოთა კავშირი ენატრებათ და ამ საქმეში სტალინის ღირსეულ მემკვიდრედ პუტინს აღიქვამენ.

ახლა რუსეთში "კოვიდი" მძვინვარებს, ადგილობრივი შტამის გამო ვითარება უმართავი გახდა და პრეზიდენტის გუნდს რამეზე ყურადღების გადატანა სჭირდება. ამასთან, იციან, თუ რა ძალა აქვს კრემლისტურ მედიას და შედეგიც არის - რუსი საზოგადოების საშუალო ფენას სძულს ნატო.

- გამოდის, პუტინი ამჯერადაც გარეშე მტრის ძებნაშია? - დიახ, ეს რეჟიმი გარე მტრის გარეშე ვერ იარსებებს. აქამდე ამ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებდა უკრაინა, უფრო ადრე - საქართველო, მაგრამ ამ ბოლო დროს რუსმა პოლიტელიტამ გააცნობიერა, რომ ამ ქვეყნის ხალხი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას არ დაუშვებს. მხოლოდ უკრაინა კი რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლების გასამყარებლად, რეიტინგის შესანარჩუნებლად, საკმარისი აღარ არის. როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ლუგანსკსა და დონეცკში შევიდნენ, მაშინ ხალხში სხვა პათოსი იყო, ახლა ეს რეგიონები უსახელურო ჩემოდანივით არავის სჭირდება. პუტინს ახალი მტერი სჭირდება და "ო-ერ-ტეს", "ერ-ტე-ერისა" და "სპუტნიკის" ელექტორატისთვის (არც ისე ცოტაა) ნატო შესანიშნავი ვარიანტია. პრაგმატიკოსია და იცის, მისი "ბაზა" რას მოიცავს, თორემ ამდენი ხანია ლატვია ნერვებს უშლის და, ბოლოს და ბოლოს, ომს რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის საბაბით დაუწყებდა, მაგრამ აცნობიერებს იქ ნატოს შეიარაღებული ძალების ფაქტორს და ხვდება, რას მოუტანს სამხედრო ალიანსთან პირდაპირი აგრესია. სირიის ომმა აჩვენა, რომ რეიტინგის დასაჭერად ნებისმიერი "მტერი" არ გამოდგება. იმ ომს არ ჰქონია ისეთი ეფექტი, შედეგი და "მორალური ახსნა", როგორიც თუნდაც დონბასისა და ყირიმის ანექსიას მოჰყვა. მაგალითად, პუტინის ტელევიზიები საზოგადოებას უყვებოდნენ, თუ როგორ უკრძალავდა უკრაინის ხელისუფლება რუსულენოვან მოსახლეობას მშობლიურ ენაზე საუბარს, რომ ახალგაზრდებს დედების თვალწინ ხოცავდნენ. ეს ხალხს სჯეროდა. ახლაც სჯერა. პუტინმა სტალინის იდეა - "საბჭოთა ჯარისკაცი განმათავისუფლებელია" რუსეთის იმპერიალისტურ იდეებს მშვენივრად მოარგო.

მის რეჟიმს ომის დაწყება შეუძლია ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს, მაგალითად, ბელარუსში, ყაზახეთში და პუტინის რეჟიმი თავის რუსულენოვან მოქალაქეებს "დაიცავს". თუმცა ამ უკანასკნელების დაცვას ვერ რისკავს ესტონეთსა და ლატვიაში, რადგან იცის, რომ იქ ნატოს შეეჯახება. ასე რომ, თუ საქართველო და უკრაინა მას ნატოში შეასწრებენ, დიდი სიხარულით მოგილოცავთ - ვინაიდან თქვენ დაცული იქნებით.

საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები რომ ყოფილიყვნენ, რუსეთი ომს ვერც ერთს ვერ გაუბედავდა. ასე რომ, თუ პუტინის ლოგიკას მივყვებით, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი ამაზე წავიდეს.

მაგრამ ჩეხოვის სცენარსაც ნუ გამორიცხავთ - თუ პირველ მოქმედებაში თოფი ჩამოკიდებულია, ბოლო მოქმედებაში უნდა გაისროლოს. ამ თვალსაზრისით კი ვითარება უკიდურესად საგანგაშოა.

პუტინი, თავისი მხრივ, სავსებით სამართლიანად წერს, რომ ყველამ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა და დასავლეთთან კონფლიქტის მიზეზებზე ისაუბრონ, მაგრამ საინტერესოა, რას უწოდებს შეცდომებს - ეს არის ნატოს გაფართოებაზე საუბარი... აშკარაა, რომ საქართველო და უკრაინა სამხედრო ალიანსის გარეშე რუსეთისგან მუდმივად რყევასა და ჯანჯღარში იქნებიან, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე. მარტივი ლოგიკაა - ქვეყანა, რომლის საგარეო უსაფრთხოება მყიფეა, სტაბილურად ვერასდროს განვითარდება. ამას ემსახურება პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებაც, დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო განვითარება რუსეთისთვის საფრთხეა, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრიო. ეს განცხადება სასაცილო კი არა, უკიდურესად სარკასტულია, 2014 წლიდან ომი აქვს ამ ქვეყანასთან, ტერიტორიები წაართვა და თურმე კიდევ საფრთხეა რუსეთისთვის.

ბევრი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ომი 2014 წელს დაიწყო, სინამდვილეში კი ომი 1992 წელს მოლდოვაში დაიწყო, მერე 2008 წელს საქართველოს ესროლა, თუმცა სინამდვილეში თავის თავს უფრო ესროლა, რადგან საქართველომ მიღებული დარტყმისგან გამოძრომა, "გამოჯანმრთელება", ასე თუ ისე, შეძლო. ჩვენ კი ვერა, რადგან ისევ "განმათავისუფლებელი ოპერაციების" დაგეგმვაზე ვართ ორიენტირებული. ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ჰუმანიტარული კრიზისია. იქ კრიმინალი მძვინვარებს, ერთმანეთს ხოცავენ, მაგრამ მენტალური ამბიციები ხომ დაკმაყოფილებული აქვთ, "დამოუკიდებლები" არიან, "რუსეთმა აღიარა". ისინი ვერასდროს შედგებიან სახელმწიფოებად, სხვა თუ არაფერი, მათი განვითარება რუსეთის ხელისუფლებას არ აწყობს.

- სხვა თემაზეც გკითხავთ... უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და შიმშილობს. ზოგჯერ მას ნავალნისაც ადარებენ. რას ფიქრობთ ამაზე? - მე ისე კარგად არ ვიცნობ პროცესებს, რომ ვიმსჯელო, მალე გაათავისუფლებენ მას თუ არა... ვიცი, რომ ხალხი სააკაშვილის დაბრუნების წინააღმდეგია, მაგრამ მისი ნაბიჯი, ნამდვილად იმსახურებს ქებას. ის უკრაინაში საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფიგურაა, სამშობლოში კი მისი დაპატიმრება გარდაუვალი იყო. სააკაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია იმისთვის, რათა გაეთვალა, რომ სასიკვდილო რისკზე მიდიოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად წააგავს ნავალნის.

გაამართლა თუ არა ნავალნის ნაბიჯებმა, ეს უკვე სხვა საკითხია: ნავალნი რუსეთში იბრძვის, სახელმწიფოში, რომელსაც არავის წინაშე არა აქვს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში. ამდენი ხანია პუტინს მთელი მსოფლიო მოუწოდებს მისი გათავისუფლებისკენ. ნავალნის ადამიანის უფლებათა დამცველის უმაღლესი ჯილდო - სახაროვის პრემია მიენიჭა, რისთვისაც მადლობელი ვარ. მადლიერი ვარ ევროპარლამენტის პატივისცემისა და მკაფიო პოზიციისთვის - ევროპა მხარს უჭერს იმ რუსეთს, რომელსაც სურს მისი ქვეყანა აგრესორი არ იყოს, სხვისი თავისუფლებისთვის იბრძვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც სხვის თავისუფლებას ანადგურებს... საქართველო სხვა მდგომარეობაშია -

ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, ანგარიში უნდა გაუწიოს იმ საზოგადოებას, რომელმაც სააკაშვილის გუნდი გადაირჩია და მის გუნდზე ცუდი მოგონებები აქვს. მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ ქართულ მართლმსაჯულებასთან სტრატეგიულ პარტნიორებს კითხვები აქვთ და სააკაშვილის სამართლებრივ პროცესებს პოლიტიკური ელფერი ექნება.

ასეა თუ ისე, საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი და პოტენციალი რეგიონში წამყვანი, დემოკრატიული სახელმწიფო იყოს.

რუსეთი არასდროს გაუშვებს იმის შანსს, რომ საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა მოუჭრას. ეს პუტინის გუნდის პრიორიტეტია. 90-იან წლებში სწორედ რუსეთი ურიგებდა პასპორტებს აფხაზებსა და ოსებს, რაც 2008 წლის ომის წინა პირობა იყო, ნიადაგს იმზადებდა. არც ახლა გაუჭირდება პროვოკაციის დაგეგმვა, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი რეალობაა. იქ დასავლეთის ყველაზე საიმედო საყრდენად საქართველო რჩება. იმედია, საქართველოში არსებობს პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების გუნდი, რომელიც სპეცსამსახურებთან ერთად კრემლის ნაბიჯებს შეისწავლის და პრევენციულ გეგმებზეც მუშაობს. საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის ამ ძალზე რთულ ვითარებაში გამოსავალი არის საიმედო ფარი - ნატო.

მე ახლა ნიუ-იორკიდან ან ბერლინიდან რომ გესაუბრებოდეთ, გეტყოდით, რომ არსად გეჩქარებათ, მშვიდად იმუშავეთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციაზე, შესაძლოა ერთ დღეს პუტინის ხელისუფლება შეიცვალოს და საქართველოც და უკრაინაც სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან-მეთქი, მაგრამ მოსკოვში ვცხოვრობ და ვიცი, რაც ხდება ჩემ გარშემო - მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინი, რომ ახლა დასავლეთის სანქციები ეკონომიკას დაასუსტებს და პუტინის რეჟიმი დაინგრევა, არ ჭრის. იმიტომ, რომ მეზობლად ცხოვრობენ, ქუჩებში დადიან და მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სიცივეში ისხდნენ, იშიმშილონ, არ ჰქონდეთ მედიკამენტები, მაგრამ მაინც სჯეროდეთ პუტინის კეთილშობილების და მის რეჟიმს უჭერდნენ მხარს, იმიტომ, რომ ის თურმე მსოფლიოში ძალაუფლებისთვის იბრძვის და ეს არის უმთავრესი. მათი დემიურგი პუტინი თურმე რუსეთის დიდებისთვის აკეთებს ყველაფერს...

- რუსული მედია რუსეთში "კოვიდ-19"-ის ახალი ვარიანტის გავრცელებაზეც საუბრობს... - არ გამიკვირდება, თუ ეს სპეცსამსახურების შემუშავებული მეთოდია იმის გასაბათილებლად, თუ რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო ვირუსის მართვას - თურმე ახალმა შტამმა იფეთქა... არსებობს უარესი ვარიანტი - ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ხანს რუსეთში დღე-ღამეში 35 ათას კაცზე მეტია ინფიცირებული, არაოფიციალურით, ორ-სამჯერ მეტი. ყოველდღიურად რამდენიმე ასეული კაცი იღუპება. ადამიანის გაქრობა აქ აპრობირებული მეთოდია. ასეთი კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი ივლისის შემდეგ არ ყოფილა. "სპუტნიკით" აცრას ბევრი თავს არიდებს, იმიტომ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ცნობს. ამიტომ ხალხმა გამოსავალი იპოვა - ახლა რუსეთში ძალზე აქტუალურია "ვაქცინაციის ტურები" ევროპაში, რათა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამტკიცებული ვაქცინით აიცრას. ვისაც ამის შესაძლებლობა არა აქვს, ან "სპუტნიკით" იცრება, ან ვაქცინაციის ყალბ ცნობას აკეთებს. საფრთხის მასშტაბი, ალბათ, ადვილად მისახვედრია.