"მელიას სურს დაფაროს, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია" - კვირის პალიტრა

"მელიას სურს დაფაროს, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია"

"ასეთი შენიღბვით დიდად განსხვავებული შედეგი არ იქნება"

არჩევნების მეორე ტურის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერით ჩრდილოვანი კაბინეტი დაეკომპლექტებინა, პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე უჩვეულოს უწოდებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს არის მელიას ცდა, ერთიანი ოპოზიციის სახელით შენიღბოს "ნაცმოძრაობა". შესაძლებელია თუ არა მელიას მცდელობამ გაამართლოს და რა სარგებელს ნახავენ ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც მელიას კაბინეტში აღმოჩნდნენ, ამ საკითხებზე რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

- ეს უჩვეულო გადაწყვეტილებაა. უჩვეულო არა იმით, რომ მელიამ ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა, არამედ იმიტომ, რომ ეს კაბინეტი შედგენილია ოპოზიციონერი ლიდერებისგან. ერთი პოლიტიკოსი ლიდერი არ აკეთებს ხოლმე სხვა პოლიტიკოსი ლიდერების ნაზავს. ახლა სწორედ ასეთი სურათი მივიღეთ - მელიამ კაბინეტში სამუშაოდ სხვა პარტიების ლიდერები მიიწვია. ყოველივე ამას ისეთი წვეულების იერი აქვს, სადაც მასპინძელი მელიაა. ოპოზიციის ასეთი თავმოყრა ნიშნავს, რომ მელიას სურს მთელი ოპოზიციური ხმები თვითონ წაიღოს. ამ დროს კი ეს ხმები არის 1%, 2%, ჰა-ჰა, 3% - ანუ მცირეა იმ ხმების რაოდენობა, რამაც შეიძლება მელია გააძლიეროს.

ჩანს, მას სურდა ასეთი ოპოზიციური მარაოთი დაეფარა, რომ მთავარი მოქმედი პირი "ნაცმოძრაობაა". თავის დროზე, 90-იანებში, იგივე გააკეთა შევარდნაძემ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა და თავის კაბინეტში სხვადასხვა პარტიული ჯგუფის წევრები შეიყვანა. ამით სურდა თავისი კომუნისტური წარსულის დამალვა. ამისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია, ჩაიარა ამ მოვლენამ და მერე ეს თავყრილობა საერთოდ დაიშალა.

ახლაც მგონია, მელიას სურს დაფაროს, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია. სხვა პარტიებიც, რომელთაც "ფანჩატურის პარტიებს" ეძახიან, მეტ-ნაკლებად "ნაცმოძრაობასთან" ახლოს მყოფი პარტიებია. მელიას სურვილია, რომ ამომრჩეველმა "ნაცმოძრაობას" მისცეს ხმა. არადა, ამ ხალხის დიდ ნაწილს არ სურს "ნაციონალებისთვის" ხმის მიცემა. ასეთი შენიღბვით, მგონი, დიდად განსხვავებული შედეგი არ იქნება.

- არის არჩევნებში მესამე შედეგის მქონე გახარიას პარტიაც, რომელიც ამ გაერთიანებას არ შეუერთდა. ამ მოცემულობით, შეიძLლება ოპოზიციის გამარჯვებაზე ვილაპარაკოთ? - გახარიას მიმხრობა რომ მოეხერხებინა, სალაპარაკო იქნებოდა, რადგან მისი შედეგი პატარა არ არის, მაგრამ ამ პატარა პარტიების დროშაზე მიკვრა ღიმილის მომგვრელია.

- ამ პატარა პარტიების მოტივაცია რა არის? მით უმეტეს მაშინ, როცა ისინი თითქოს სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობენ. - ყველა მათგანი აპელირებს საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაზე, რაც გაუგებარია. ეს ნიშნავს, რომ ერთ პარტიას ებრძვი და გარდა "ოცნების" მოშორებისა, პოლიტიკაში ყოფნის სხვა გეგმა არა აქვს, სხვა პოლიტიკური კრედო არ გააჩნია.

- ანუ, თუ "ოცნებას" მოიშორებენ, ნიშნავს, რომ ეს პარტიებიც დაასრულებენ არსებობას? - დიახ, მაგრამ მერე ერთმანეთს უნდა დაერიონ - ასეთია ლოგიკა... "ოცნება" ქილიკობდა, მაგრამ საქილიკო არაფერია იმაში, რომ პარტიები პროგრამებს არ დებენ. ეს საქილიკო არ არის - იმიტომ არ დებენ, რომ არა აქვთ. ეს კი ადასტურებს, რა დრამატულად გაღატაკებულია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი.

ასეთი გაღატაკებული პოლიტიკური სპექტრით ქვეყნის ცხოვრება ძალიან არაჯანსაღი იქნება. უცხოელებს აინტერესებთ ხოლმე, ოპოზიციაში ვინ არის, რამე რომ მოხდეს, ვისზე გადავა ძალაუფლება. "ვარდების რევოლუციის" წინ შევარდნაძეს უჩიჩხინებდნენ, ძალაუფლება რეფორმატორებს გადაეციო და ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ შევარდნაძემ ხელისუფლებაში დარჩენისთვის დიდად აღარ შეიწუხა თავი, პარტნიორი აღარავინ ეგულებოდა. ახლა ესეც არ არის, რადგან მაშინ უცხოელები იმედოვნებდნენ, რეფორმატორები რომ მოვლენ ხელისუფლებაში, სიახლეებს მოიტანენო, თუნდაც კორუფციასთან ბრძოლას. ახლა კი ესეც არ არის. დღევანდელი ოპოზიციისგან ამის იმედიც აღარ აქვს დასავლეთს. ერთადერთი, რაც დასავლეთმა ბოლო დროს ოპოზიციას უთხრა, როცა ის არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებდა, ის იყო, პარლამენტში შედით, რადგან თქვენ ახლა რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალსო. დასავლეთს სხვა სათქმელი ოპოზიციისთვის არა აქვს. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ღარიბი პოლიტიკური სპექტრი გვყავს, უფრო ღარიბი, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო.

ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ოპოზიციაში საყრდენი არ არის. არის მხოლოდ მიშას მოყვარული დიდი ჯგუფი, რომლისთვისაც პოლიტიკური კრედო, პოლიტიკური მიმართულება ცარიელი სიტყვებია.

- იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც მელიას გვერდით აღმოჩნდნენ, ამით რა სარგებელი ნახეს? - სავსებით სამართლიანი კითხვაა, ოღონდ პასუხი სრულიად გაუგებარია, თან 2020 წლის შემდგომ. სულ იყო საუბარი, რატომ მიჰყვებით "ნაცმოძრაობას", თქვენი გზა აირჩიეთო.

ჯერ იყო და, მესამე პოლიტიკური ძალის მომლოდინენი თვლიდნენ, რომ "ლელო" იქნებოდა ასეთი. რომ აღმოჩნდა, "ლელო" ფეხდაფეხ მიჰყვებოდა "ნაცმოძრაობას", ეს იმედიც ჩაქრა. შემდეგ მოლოდინი გახარიაზე გადაიტანეს და რომ აღმოჩნდა, გახარიაც უაზრო ნაბიჯებს დგამდა, მაგალითად, სრულიად გაუმართლებელი იყო მერობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა, ნარკოტესტებისთვის ვოიაჟი საზღვარგარეთ და ა.შ., თავისი საკმაოდ მაღალი რეიტინგი გაანულა. ახლა, ფაქტობრივად, არაფრის მქონე პოლიტიკურ სპექტრთან გვაქვს საქმე, რომლის დიდ ნაწილს ამომრჩეველი არა ჰყავს, მეორე ნაწილს ჰყავს, მაგალითად, გახარიას, მაგრამ გაუგებარია, თავად გახარია საით მიდის. არის კიდევ "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, რომელიც მიშასთან დგას, და მეტი არაფერი. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, "ოცნება" უფრო მარტივად გაიმარჯვებს. ამასთან, ადრე საფრთხობელად სააკაშვილი ჰყავდათ და ამით ორივე მხარეს პირველ ტურზე სტიმული მიეცა და ვნახეთ, როგორ გადანაწილდა ხმები. ახლა საფრთხობელას როლში მთელი ოპოზიციაა. "ოცნებისთვის" მიცემული ხმები ხომ ადასტურებს, რომ არ უნდა საქართველოს ეს ოპოზიცია. მიშა არ სურს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ არც ეს ოპოზიცია სურს სწორედ იმიტომ, რომ მისი პრინციპული ხაზი ვერაფერში დაინახა. ნაცვლად იმისა, მიშა-საფრთხობელაზე რაღაც მოეფიქრებინათ, რომ პოლიტიკურად გაენეიტრალებინათ, მეორე მიშა-ოპოზიცია-საფრთხობელა მიიმატეს. ამიტომ არა მგონია, ასეთი ორმაგი საფრთხობელას ფონზე დიდად შთამბეჭდავი შედეგი მიიღონ მეორე ტურში.

- მიშა-საფრთხობელა და ოპოზიცია-საფრთხობელა თანაწონადია? ანუ ეს გაერთიანება მიშას ჩაანაცვლებს? - ჩაანაცვლებს რას ნიშნავს? მიშა არის ფაქტორი და ოპოზიცია-საფრთხობელაში მიშაც მოიაზრება. ეს მის გარეშე არ იქნება, რაც უნდა თქვან, რომ მიშა არაფერ შუაშია. ჩანაცვლებაზე ლაპარაკი მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, დავუშვათ, მიშა უკრაინაში რომ ყოფილიყო და ეთქვა, დამანებეთ თავი, მე უკრაინის პოლიტიკაში ვარ ჩაფლული და საქართველოსკენ აღარ ვიხედებიო.

ახლა აქტიური მიშას გვერდით მიშა როგორ უნდა ჩაანაცვლონ, თავად მისცემს ამის საშუალებას? მხოლოდ მიშას ლამის იმდენი ხმა აქვს, რაც ოპოზიციას ერთად. ამიტომ, რა თქმა უნდა, მიშას ჩანაცვლებას ოპოზიცია ვერ მოახერხებს.

- ანუ ხაზარაძესა და დანარჩენებს მიშას თამაშის თამაში მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება მეორე ტური? - რა თქმა უნდა. ეს გაერთიანება ოპოზიციის ამ ძალებს ისევ ჩააყენებს სააკაშვილის ლაშქარში. ამასთან, ფაქტობრივად, ყველა მათგანს პოზიცია რამდენჯერმე აქვს შეცვლილი და ამომრჩეველი მათ განაცხადს აღარ ენდობა. ხვალ-ზეგ ვითარება რომ შეიცვალოს, სრულიად საწინააღმდეგოსაც ისევე მარტივად და თვალის დაუხამხამებლად იტყვიან, როგორც აქამდე ამბობდნენ.

- მელიამ უკვე მერამდენედ თქვა, მერობის შემთხვევაში, "ნაცმოძრაობის" ლიდერი აღარ ვიქნებიო. ეს გაიმეორა თბილისის მთავრობის პოტენციური გუნდის წარდგენისასაც. ეს თქვენთვის რას ნიშნავს? - ეს მეორე ტურში იმ ამომრჩევლის ხმების მოზიდვის მცდელობაა, ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობა" მიუღებელია, მაგრამ მეორე საკითხია, თუ ის არ იქნება ლიდერი, მაშ ვინ იქნება?..

- შესაძლოა, რომ ეს "ნაცმოძრაობაში" არსებული დაპირისპირების შედეგი იყოს? ან ეს იყოს სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ მელია არ სურს პარტიის თავმჯდომარედ? - დაწყებული ბოკერიათი, სააკაშვილთან რამდენიმე დაპირისპირება ვნახეთ. გავიხსენოთ რამდენჯერმე გახმიანებული მორიდებული ფრაზაც, რაღაც შეცდომები იყო მმართველობის 9 წლის განმავლობაშიო. სერიოზული შეფასება იმ 9 წლისა, მონანიება, არ ყოფილა. ახლა მელიამ რომ თქვას, უარყოფითად ვაფასებ იმ პერიოდსო და აღწეროს ისე, როგორც სააკაშვილის ოპონენტები აღწერენ, მაშინ ახალ ხმებს მიიღებს. სანამ ეს არ მოხდება, ყოველთვის იქნება ის ვერსია, რომ ის მაინც "ნაცია".

- ის, რომ ამ წარდგენისას სააკაშვილი არ უხსენებიათ, რა გავლენას იქონიებს, ერთი მხრივ, არჩევნების შედეგებზე და მეორე მხრივ, თავად სააკაშვილზე? ის წაუყრუებს თუ პასუხს გასცემს? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მასთან შეთანხმებული იყო? - არის ეჭვები, რომ მელიას და სააკაშვილს ერთმანეთი ძალიან "უყვართ" და ამიტომაც ამბობენ, რომ სააკაშვილს თავმჯდომარედ სულ სხვა პირი სურდა, მაგრამ თავად პარტიაში დემოკრატიულმა ელემენტმა გაიღვიძა და სხვა აირჩიეს, რაც, ცხადია, სააკაშვილისთვის ძნელად გადასახარშია. როგორც ამბობენ, მას ვარშალომიძე უნდოდა და მელია მიიღო. აქედან მოყოლებული მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა და განსაზღვრულ ეტაპზე ამომრჩეველიც გაიყოფა. ჯერჯერობით "ნაცმოძრაობისა" და მელიას ამომრჩეველი ერთი და იგივეა, მაგრამ რამდენ ხანს იქნება ასე, ძნელი სათქმელია.

- რა შეიძლება ყოფილიყო მელიას მოტივაცია, როდესაც სააკაშვილი არ ახსენა? მან ხომ იცის, რომ ამით შესაძლოა თავისი ლიდერი და მისი მომხრეები გაანაწყენოს? - ამიტომ დავიწყე შორიდან ლაპარაკი, აქამდე რომ მოვსულიყავი - ერთი-ორი ასეთი ჟესტი და, გაიყოფიან მელიას და სააკაშვილის მომხრეები და თუ ეს მოხდა მეორე ტურამდე, რაც გამორიცხული არ არის, მაშინ შესაძლოა მელიას მეორე ტურის ბოლოს გაცილებით ნაკლები ხმა აღმოაჩნდეს, ვიდრე პირველის მერე ჰქონდა.

- შესაძლოა ეს ვარიანტი თავად სააკაშვილის სცენარშიც შედიოდეს - არ გაიმარჯვოს მელიამ და ჩამოყალიბდეს ლიდერად? - თუ მელიამ გაიმარჯვა, ის იქნება პირველი "ნაციონალი", რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში რაღაც სტრუქტურაში გავიდა. ეს დიდ ჩრდილს მიაყენებს სააკაშვილს და ცხადს გახდის, რომ სააკაშვილისგან დისტანცირება პარტიისთვის პროდუქტიულია და მის ხსენებაზე ბევრი იტყვის უარს. ასე რომ, ამ შემთხვევაში მართალი ხართ - სააკაშვილს უნდა აინტერესებდეს, რომ მელია დამარცხდეს ამ ბრძოლაში.

- ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რა შეიძლება მოხდეს? - მე მაინც მგონია, რომ კალაძე გაიმარჯვებს და წაგებულმა მელიამ შესაძლოა კიდევ მეტი წააგოს სააკაშვილთანაც. მით უმეტეს, უკვე ლაპარაკია, რომ სააკაშვილს მელიას ადგილზე საკუთარი ვაჟი სურს (მე ეს აქციაზე მოვისმინე) და თუ ეს რეალურია, მაშინ მას მელიას გამარჯვება უფრო არ სჭირდება. ამის შემდეგ ახალი მმართველობის პირობებში "ნაცმოძრაობა" ახალ სახეს მიიღებს. ალბათ, სხვა მიმართულებით წავა "ოცნების" ხაზიც - კალაძე უფრო გაძლიერდება და დანარჩენი იქნება იგივე, რაც არაერთხელ გვინახავს - საქართველოში ისევ იქნება ორი პოლუსი.

ერთადერთი, თუ გახარია დაფიქრდა შესაძლო პერსპექტივებზე და ცოტა მეტი სერიოზულობით მოეკიდა იმას, რომ მას იმედით უყურებდა საზოგადოების დიდი ნაწილი, შესაძლოა მოხერხდეს მესა მე ალტერნატივის გამოჩენა 2024 წლამდე, ეს კი ბევრ რამეს შეცვლის.

- თუ კალაძე გაიმარჯვებს, არ გამოიყენებს იმას, რომ მთელ ოპოზიციას აჯობა და ეს მის გავლენას თავად "ოცნებაში" არ გააძლიერებს? არ შეიძლება ეს ორპოლუსიანობის გარღვევის საფუძველი გახდეს? - ეს ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, კალაძის პოზიცია გაძლიერდება-მეთქი. როცა პოლიტიკაში ვიღაც ძლიერდება, მეტოქეებიც აქტიურდებიან. მხოლოდ გარე მეტოქეები კი არა, შიდაც. ასე რომ, თუ კალაძე გაძლიერდება, ის ჯგუფებიც უფრო გააქტიურდებიან, ვისთვისაც კალაძის გაძლიერება დაუშვებელი იქნება. ანუ მერე უკვე დინამიკა გააჩენს დაპირისპირებებს.

რუსა მაჩაიძე