"ცოცხალი პატიმრები "მორგში" ჩაჰყავდათ და მკვდარ პატიმრებთან აბამდნენ" - ღარიბაშვილი გვარამიას პასუხობს - კვირის პალიტრა

"ცოცხალი პატიმრები "მორგში" ჩაჰყავდათ და მკვდარ პატიმრებთან აბამდნენ" - ღარიბაშვილი გვარამიას პასუხობს

ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, ნიკა გვარამიას, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაიყვანა იქნება საფრთხის შემცვლელი, რადგან, როგორც გვარამიამ განაცხადა, იქ იგეგმება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არჩევნებამდე დარჩენილი დაძაბული 1 კვირა ელოდება.

„ბევრ აბსურდულ, პანიკის შემცველ ბრიფინგს მოვისმენთ, მაგრამ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლება ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს? ამით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რაზე არიან წამსვლელი. ისინი ფიქრობენ, თუ რას გააკეთებდნენ თავად, ჩვენ ადგილას რომ ყოფილიყვნენ, და ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. ისინი პირდაპირ ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ პატიმრებს. ცოცხალი პატიმრები „მორგში“ ჩაჰყავდათ და მკვდარ პატიმრებთან აბამდნენ. ასეთი ხელწერის მქონე არის გვარამია, რომელიც პროკურორია და მას არაფერი აქვს საერთო მედიამენეჯერობასთან. ეს სააკაშვილის ხელწერა და მორიგი ბინძური პროვოკაციაა.

წინასწარ ვიცით, რომ მთელი კვირის განმავლობაში ეცდებიან მთელ მოსახლეობას აყურებინონ ამ კაცის შიმშილი და ამაზე ილაპარაკონ. ამ ადამიანს არავინ უშლის ჭამას. ისევე, როგორც ყველა პატიმარს, მას აქვს სრული კომფორტი. ჩვენ არავის არაფერს ვუზღუდავთ, პირიქით. მათ არ აქვთ რაიმე საბაბი და ამას არასდროს მივცემთ, რადგან ჩვენ ვიცით რას და როგორ ვაკეთებთ.

მთავარი მინდა ვთქვა, რომ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს. ექიმების მუდმივი, 24-საათიანი კონტროლი გვაქვს დაწესებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი თეატრალიზებული დადგმის მცდელობა, რომელიც ასევე კრახით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"