"ეს მათი ბოლო გაფართხალებაა - "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", ზუსტად ასეა მათი საქმე" - კვირის პალიტრა

"ეს მათი ბოლო გაფართხალებაა - "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", ზუსტად ასეა მათი საქმე"

"ეს არის ბოლო გაფართხალება "ქართული ოცნების" - "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", ზუსტად ასეა მათი საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებულ მხარდამჭერთა შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე ხელისუფლება ხალხს დაშინებით მიიყვანს.

"ყველამ კარგად ვიცით, როგორ მიმდინარეობს ამ აქციისთვის მზადება. ყველა საჯარო უწყებას აქვს კონკრეტული დავალება მიცემული მუქარით, რომ თითოეული მათგანი დაკარგავს სამსახურს თუ არ გამოცხადდება და არ მოიყვანს კონკრეტული რაოდენობის ხალხს ამ აქციაზე. იხარჯება უამრავი ფული, რომ ეს ხალხი როგორმე თბილისში ჩამოიყვანონ და მხარდამჭერებს დაანახონ, რომ ვიღაც მათაც უჭერთ მხარს, მაგრამ ეს ყველაფერი არის წარსული, ასეთი აქციები გვინახავს. ეს არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება. "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", ზუსტად ასეა მათი საქმე", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

"ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ პირდაპირ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას - პრემიერ- მინისტრის განცხადებებს რომ ვუსმენ, ეჭვი მეპარება მის ადეკვატურობაში ამ არჩევნების წინ", - ზაალ უდუმაშვილი ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების უარს სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე.

უდუმაშვილის თქმით, კონსილიუმის რეკომენდაციაა მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ, ციხის საავადმყოფო კი მრავალპროფილური არ არის.

მისივე განცხადებით, თუკი სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება, "ქართულ ოცნებას" სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

"თავისი უგუნური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ახორციელებენ, შეიძლება უმძიმესი შედეგი მივიღოთ. დღეებზე კი არა, საათებზე და შეიძლება წუთებზეა საუბარი, რადგან როდის შეიცვლება და დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, კაცმა არ იცის და შეიძლება ძალიან დაგვიანებული იყოს მერე ექიმების ჩარევაც. არადა, მათ მიერვე დაკომპლექტებული კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ მითითებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მრავალპროფილურ დაწესებულებაში მკურნალობა, სადაც იქნება MღI- ის, ჩAთE- ს და სხვა აპარატურები, რომელიც არ გააჩნია ციხის საავადმყოფოს.

მეორე საკითხი არის უსაფრთხოება. გლდანის ციხის ე.წ. საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პირდაპირ ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს ძალიან მძიმე მოქმედებები პატიმრების მიერ, რომელსაც ხელისუფლება დააორგანიზებს.

რაც შეეხება პრივილეგიებს, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე პრივილეგიებს. ნებისმიერი პატიმარი, როცა ცუდად ხდება და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში, გადაჰყავთ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ეს მიღებული პრაქტიკაა და რაიმე განსაკუთრებულს სააკაშვილისთვის არავინ ითხოვს. პირიქით, საერთოდ ყველანაირი უფლება ჩამოართვეს, ის, რაც შეიძლება სხვა მსჯავრდებულებისთვის, ის აე შეიძლება სააკაშვილისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს, მისი მდგომარეობა დამძიმდეს, ამისთვის "ქართულ ოცნებას" მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა. ჩვენი ქვეყნის არც ერთი დასავლელი მეგობარი ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

დროულად მოეგონ გონს, რადგან მთელი პასუხისმგებლობა ახლა აკისრია ხელისუფლებას", - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ბოლო პერიოდში არაადეკვატურობით გამოირჩევა, რადგან სწორედ მას მოსთხოვს პასუხს ივანიშვილი არჩევნების შედეგების გამო.

"ბოლო დღეებში პრემიერ- მინისტრის განცხადებებს რომ ვუსმენ, დიდი ეჭვი მეპარება მის ადეკვატურობაში ამ არჩევნების წინ. გასაგებია, რომ მან წააგო არჩევნები და ივანიშვილი ამისთვის მეორე ტურის შემდეგ აუცილებლად მოთხოვს პასუხს, მაგრამ არ შეიძლება ამდენად არაადეკვატური იყოს ადამიანი. 2012 წლის შემდეგ სულ ასეთი სცენარები ელანდებათ, ხან საბურავებს ვასაწყობებთ, ხან ბარიკადებს ვაწყობთ, ახლა ახალი სცენარი მოიფიქრეს, რომ ხალხი მივა და გამოიყვანს სააკაშვილს საავადმყოფოდან", - განაცხადა უდუმაშვილმა.