"მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე უკრაინას მკაცრი რეაგირება ექნება" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე უკრაინას მკაცრი რეაგირება ექნება"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის საქართველოში არშემოშვების ფაქტზე უკრაინას მკაცრი რეაგირება ექნება.

ბოკუჩავას განცხადებით, როდესაც ადვოკატს ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ, ბუნებრივია, ეს გახდება უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან მწვავე რეაგირების საგანი.

"ადვოკატის არშემოშვება არის ძალიან მძიმე დარღვევა, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ მხარეს ექნება მკაცრი რეაგირება, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი უფლებრივი მდგომარეობა ასევე შედის უკრაინის სახელმწიფოს ღირსების საკითხში. ესეც უკრაინის ინტერესის საკითხია, რომ მისი უფლებები იყოს დაცული", - აცხადებს ბოკუჩავა.

რაც შეეხება საქართველოში უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ჩამოსვლას, ბოკუჩავას თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

"ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას დააკვირდებიან, მათ შორის, უკრაინის წარმომადგენლები ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამაში გარწმუნებთ. ვხედავთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ბევრი უფლება იზღუდება, ეს იქნება სატელეფონო ზარის, წერილობით კომუნიკაციის უფლების გამოყენება, სამოქალაქო საავადმყოფოში გადასვლის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მომსახურების მიღების უფლება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილისთვის ეს არის ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელსაც ის აკეთებს, რადგან ის ამ შემთხვევაში ასრულებს პუტინის დავალებას, პუტინის დიდი ხნის ოცნებას სააკაშვილის პატიმრობით, რომელიც პოლიტიკური მოტივითაა განხორციელებული. მისი შეზღუდვა მეტყველებს იმაზე, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება მაშინაც, როდესაც შესაძლებელია საუბარი იყოს მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომბუდსმენი ისევე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, გააკეთებს სწორ დასკვნას, რომ შეუძლებელია პრეზიდენტ სააკაშვილის ახლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მან მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გლდანის ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, აუცილებელია მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა", - აცხადებს ბოკუჩავა.