"დღეს "ნაცმოძრაობას" დაანახებენ, თქვენზე მეტი ვართო და ასევე - საერთაშორისო საზოგადოებას... ძალიან გასაკვირი იქნება ივანიშვილის გამოჩენა" - კვირის პალიტრა

"დღეს "ნაცმოძრაობას" დაანახებენ, თქვენზე მეტი ვართო და ასევე - საერთაშორისო საზოგადოებას... ძალიან გასაკვირი იქნება ივანიშვილის გამოჩენა"

დღეს, 17 საათზე "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას გამართავს. როგორ აფასებენ მმართველი გუნდის მხარდამჭერ აქციას პოლიტოლოგები და რა მოლოდინი აქვთ? - ამ და სხვა კითხვებზე ექსპერტები ვახტანგ ძაბირაძე და გია ხუხაშვილი გვესაუბრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე: - პირველი შემთხვევა არ არის, რამდენჯერ გვინახავს ხელისუფლების ჩატარებული ასეთი აქცია, ბოლოს სააკაშვილმა 2012 წელს შეკრიბა ხალხი, უფრო ადრე - შევარდნაძის დროს, 2003 წელს, მთელ აქტივს მობილიზაცია გაუკეთეს. ასეთი აქციები შიდა მოხმარებისთვის მინიმალური ეფექტის მომტანია, მაგრამ სჭირდებათ გარე მოხმარებისთვის, რეკლამირება რომ გააკეთონ, - ჩვენ იმდენად ბევრნი ვართ, იმდენი, რამდენიც სააკაშვილს და "ნაციონალებს" ჰყავდათ გამოყვანილი ქუჩაში, ჩვენ მძღოლები გვეყოლებაო. ვინც ცოტათი მაინც ნეიტრალურია, ყველა ამ აქციას აღიქვამს კონტრაქციად და დიდი ეფექტი ამას არ ექნება. "ნაცმოძრაობას" დაანახებენ, თქვენზე მეტი ვართო და ასევე - საერთაშორისო საზოგადოებას. აქ ხომ განსხვავებაა, ის ხალხი, ვინც მივიდა "ნაციონალური მოძრაობის"აქციაზე, მათ ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ისინი თავისი ნებით მივიდნენ. როდესაც ასეთ აქციას ატარებს ხელისუფლება, იქ ყოველთვის მუშაობს სახელისუფლებო ბერკეტი. პარტია ატარებს და არა - ხელისუფლება, ეს ძალიან პირობითია, მაშინ რატომ მონაწილეობს ღარიბაშვილი საარჩევნი კამპანიაში? მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, ღარიბაშვილმა ყოველთვის უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ სახელისუფლებო რესურსი არ უნდა იყოს გამოყენებული. როცა დღეს ადამიანმა იცის, რომ აქციაზე წაუსვლელობის გამო შეიძლება პრობლემები შეექმნას და ამ ქვეყანაში ეს სიახლეს არ წარმოადგენს, ის წავა აქციაზე და არ მიენდობა ბედს. რა პრობლემაა? - სამსახურში ჯდომას აქციაზე წასვლა ჯობია, მითუმეტეს, თუ საჭმლით უზრუნველგყოფენ, უფასოდ წავა, წამოვა, დილიდან მოდიან, ექსკურსიაც არის რეგიონებისთვის. მიუხედავად იმისა, ხელისუფლება გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს სახელისუფლებო ბერკეტს, ამის უკან ხომ მუდმივად დგას ეს კითხვა?! ამ ქვეყანაში დიდი დრო დასჭირდება, რომ ეს აზრი წაიშალოს და მართლა ირწმუნოს ხალხმა, რომ იქ ხალხი მივიდა სიმპათია-ანტიპათიის გამო. ყველაზე კარგი იქნებოდა, ამ აქციას თუ არ ჩაატარებდნენ. თუ დააკვირდებით, "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურისთვის რადიკალურად შეცვალა თავისი საარჩევნო კამპანია. ეს ჩანს თბილისის მერის მაგალითზე, კალაძის წინასაარჩევნო კამპანია მართლა იყო კამპანია, მან მართლა წარმოადგინა პროგრამები, იყო წარსულის შეფასება და იმაზე საუბარი, რას გააკეთებენ, მაგრამ მეორე ტურში მისი სავიზიტო ბარათი გახდა, რა იყო - წინა ხელისუფლების წარსულზე საუბარი, პოლიტიკურში გადავიდა და კონკურენტი ძალის დისკრედიტირებაზე. ნიკა მელიამ პირიქით, ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რას გააკეთებს. "ქართული ოცნების" ეს კამპანია წააგავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი თავისით იბრძოდა და მეორე ტურში ჩაერთო ხელისუფლება. მაშინ შედეგი კი მოიტანა ივანიშვილის ჩართვამ, მაგრამ რამდენად შედეგიანი იქნება დღეს ეს ნაბიჯი, ვერ გეტყვით. მე მგონია, თბილისში არც სჭირდებოდა კახა კალაძეს ეს ყველაფერი და ჯობდა, გაეგრძელებინა იმავენაირად, რასაც პირველ ტურში აკეთებდა და ისევ ესაუბრა გეგმებზე, არ გადასულიყო ლანძღვაზე. დიდი ალბათობით, კახა კალაძე თბილისს მოიგებს, რეგიონებში, ალბათ, სადღაც მოიგებს ოპოზიცია და სადღაც - ხელისუფლება.

- დღევანდელი აქცია იმ ხალხს გამოიყვანს არჩევნებზე, ვინც ჯერ ისევ ორჭოფობს მივიდეს თუ არა?

- არ მგონია, ამან დიდი ეფექტი გამოიწვიოს, ვითარება არის საგრძნობლად შეცვლილი. ეს არის ბოლო არჩევნები, სადაც "ქართულ ოცნებას" აქვს კიდევ შანსები, უმრავლეს რეგიონში შეინარჩუნოს ძალაუფლება, რადიკალურდ შეცვალოს რამე, ამას ვერ ვხედავთ, ამიტომ არ მგონია, ნეიტრალური ამომრჩეველი, ვინც არ წასულა პირველ ტურში, იქიდან ძალიან ცოტა რაოდენობა წავა არჩევნებზე. მილიონ 800 000 იყო პირველ ტურში, ეს საკმაოდ დიდი ციფრია ადგილობრივი არჩევნებისთვის. ახლა შეეცდება "ქართული ოცნება", მეტი მიიყვანოს, რაც მეტი მოვა, იმის 90 პროცენტი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იქნება. ფაქტია, მიშას გამოჩენამ მათ რეიტინგი მოუმატა, ამის გამო, "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურში რიტორიკაც შეცვალა და სამიზნედ ისევ აიღო "ნაცმოძრაობა", უნდოდა ეჩვენებინა, ერთი მხრივ, რომ არ არის უკან დამხევი სააკაშვილთან მიმართებაში და მის შიმშილობასთან დაკავშირებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა სხვა შანსიც არ აქვს "ქართულ ოცნებას" არჩევნებამდე ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით, თუნდაც კლინიკაში მისი გადაყვანა, წამგებინია მისთვის. ამიტომ მთელი აქცენტი გადაიტანა "ნაცმოძრობის" წარსულზე და ორივე მხარემ მთავარი კოზირები დახარჯა ამ მიმართულებით.

- როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ გადაიყვანენ ჩვეულებრივ საავადმყოფოში? - თუ აუცილებლობა იქნება, გადაიყვანენ, მაგრამ, ალბათ, უფრო შეეცდებიან, დატოვონ ციხის საავადმყოფოში, თუ რამე აპარატურა არ არის ბიძინა, იყიდის, ციხის საავადმყოფოს მოაწყობენ უმაღლეს დონეზე და მიშას არ გადაიყვანენ ჩვეულებრივ საავადმყოფოში.

- დღეს აქციაზე ივნიშვილის გამოჩენას რაიმე ფორმით ელოდებით? - ბიძინას გამოჩენას არ ველოდები არც ერთ ვარიანტში, არც გამოსვლას, არც წერილს. ის ამზადებს მისთვის მისაღებ პოლიტიკურ სიტუაციას და მისი გამოსვლა ამ ასპარეზზე სრულიად ზედმეტი იქნება. ახლა ელოდება მოვლენებს და სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მას აქვს ბერკეტებიც და ამაში ხელს უწყობს მას, როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს ოპოზიცია. ოპოზიცია გონივრულად რომ მოქცეულიყო პროცესები სხვანაირად წავიდოდა. მანივრირების საშუალება მოისპო რატომღაც "ნაცმოძრაობამ" და მგონია, რომ "ნაცმოძრაობას" სააკაშვილი აწყობს უკრაინაში და ციხეში და არა - გარეთ, თბილისში. არც "ნაცმოძრაობის"ლიდერებს აწყობთ მიშა გარეთ, მათ უნდათ, სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალი გამოიყენონ უიმისოდ, ურჩევნიათ დისტანციურად იყოს მიშა.

გია ხუხაშვილი: - ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ეს აქცია. საერთოდ ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, წინაასაარჩევნოდ შეკრიბოს და მობილიზება მოახდინოს ამომრჩევლის და ჩაატაროს ტექნიკური სამუშაო, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ამოცანა სულ სხვაა. ეს შეკრება არ არის ნებაყოფლობითი და ხალხის უდიდესი ნაწილი, ძირითადად, იძულებით ან მერკანტილური მიზეზით მოვა აქციაზე. პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ნებისმიერ აქციას სჭირდება არა მხოლოდ წარსულის უარყოფა, მომავლის იმედი, მომავლის რწმენა დ ეს რწმენა ვერ იქნება ამ აქციაზე. არც სთავაზობს ხელისუფალი არაფერს და სულისკვეთება, რომელიც ნებისმიერ თავყრილობას სჭირდება, რომ სული შთაბეროს, ამ ყველაფრისგან დაცლილი იქნება ეს ყველაფერი. ვიცით, რომ, ძირითადად, საჯარო სექტორიდან მოყვანილი ხალხი იქნება, რომელსაც, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ და გამოვლენ, სამსახურის დაკარგვის შიშით.

ნატურალური ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იმედი, რომ "ქართული ოცნება" უკეთეს საქართველოში გვაცხოვრებს, ასეთი ამომრჩეველი პრაქტიკულად არ არსებობს. მხარს უჭერს ძირითადი ნაწილი იმის გამო, რომ ეჯავრება მიხეილ სააკაშვილი. ნეგატიური გზავნილია მათი მამოძრავებელი ძალა. ეს განწყობა არ არის ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული. ოპოზიციამ დადო საკმაოდ შთამბეჭდავი სურათი და ხელისუფლებას ახლა სურს, დაანახოს საზოგადოებას უფრო სხვა სურათი და იმასაც არაფრად დაგიდევენ, როგორ ხდება ეს. როგორ წარმოგიდგენიათ საჯარო მოხელე, რომელსაც სახლში შვილი უზის და ეუბნებიან, წამოდი აქციაზეო, არ წამოვა? მას აქვს შიში სამსახურის დაკარგვის და ეს არის მამოძრავებელი. სევდიანი რეალობაა. ეს გასაკვირი არ არის, წინა ხელისუფლებაც იმავეს აკეთებდა, გვახსოვს მათი შეკრება სტადიონზე, მაგრამ მკვდარი აქცია იყო, დღესაც იგივე იქნება, იქ სული მომავლის არ იტრიალებს, ისევ სისხლიან 9 წელზე დაუსრულებელი რიტორიკა იქნება. სახელწიფოებრივადაც დამაზიანებელია ხელისუფლების ეს ნაბიჯი, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აპელირებდა ამ პანდემიის დროს, ამდენი ხალხი გამოჰყავს ქუჩაში, ამის გამო აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და თვითონ უფრო მეტი გამოჰყავთ.

არაფერს დაგიდევს ხელისუფლება, არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ასეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ. უნდა გვესმოდეს, ოპოზიცია ბევრ რამეს აშავებს, მაგრამ ოპოზიციის პასუხისმგებლობის გათანაბრება ხელისუფლებასთან - ეს არ არის სწორი. ოპოზიცია პასუხს აგებს მხოლოდ თავის ქმედებაზე და ხელისუფლება - ყველა ჩვენგანზეა პასუხისმგებელი. კონსტიტუციაში წერია, რომ ვალდებულია დაიცვას ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ამის ნაცვლად ვუყურებთ თავდაყირა დაყენებულ ვითარებას, ადამიანების საზარბაზნე ხორცად გამოყენებას და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და არა ემსახურონ ხალხს, არამედ - იბატონონ მათზე.

- ეს აქცია გავლენას მოახდენს 30 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე? - არ მგონია, ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც ხელისუფლებას აძლევს ხმას, მაგრამ მათ შორის იქნებიან ისინი, რომლებსაც გაუჩნდებათ პროტესტი იმის გამო, რომ ასე ძალადობენ ხალხზე, ძალით გამოჰყავთ აქციაზე და ჩუმად, მაგრამ სხვა არჩევანი შეიძლება გააკეთონ. შესაბამისად, ხელისუფლება, საარჩევნო თვალსაზრისით, ამით ვერაფერს იგებს, შეიძლება წააგოს.

- ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას ელოდებით დღეს? - ძალიან გასაკვირი იქნება ბიძინას გამოჩენა, გამორიცხული არაფერია. "ქართულმა ოცნებამ" შექმნა რელიგია, ბიძინა ივანიშვილი არსად არ არის, მაგრამ ყველგან არის. ასეთია მათი რელიგია, აქციაზეც ის არის, როცა ყვავილობა იწყება, ამაში მისი ხელი ურევია, თოვლი მოვიდა, ბიძინას დამსახურებაა, წვიმამ გადაიღო და მზემ გამოაჭყიტა, ესეც ბიძინას დამსახურებაა და ის ყველგან არის. მათ აქვთ ერთადერთი შიში - ძალაუფლების დაკარგვის, არ აქვთ წითელი ხაზები. ცივილიზებული პოლიტიკა იმით განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც საქართველოშია, სააკაშვილი არის თუ არა დამნაშავე, ის პატიმარია, კი ბატონო, დამნაშავეა და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავევით, ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანი როცა შიმშილობს და პატიმარია, მასზე როცა ქირქილს იწყებენ ადამიანები, ეს ხომ პოლიტიკის და, საერთოდ, ადამიანობის მიღმაა. ასეთი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, არც კი ესმით, რასაც მე ვლაპარაკობ, ეს მათთვის ჩინურია, ვერც გაიგებენ, რატომ არ შეიძლება ქირქილი მოშიმშილეზე, იმიტომ, რომ ერთმა კაცმა დასვა ისინი თანამდებობებზე და არ იციან, რეალურად რა არის პოლიტიკა, რა ეთიკური ნორმები მოქმედებს, რა ღირსების კოდექსი არსებობს, ამიტომ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკისთვის ყველაფერი მოსულა.

(სპეციალურად საიტისთვის)