"ერთ პატიმარს შევყურებთ: შეჭამს თუ არა; ვინ მიაკითხავს: ცოლი, ნაცოლარი, საცოლე, ფანი თუ მოზიზღარი!" - კვირის პალიტრა

"ერთ პატიმარს შევყურებთ: შეჭამს თუ არა; ვინ მიაკითხავს: ცოლი, ნაცოლარი, საცოლე, ფანი თუ მოზიზღარი!"

"აღარ გვჭირდება იქსებისა და იგრეკების ამოხსნა, ანუ ვინ მოგვიღებს ბოლოს?..."

სრულიად საქართველო რუსთავის რომელიღაც ნომერი ციხის ერთ პატიმარს შევყურებთ: შეჭამს თუ არა, გადავა თუ არა ციხის საავადმყოფოში, ვინ მიაკითხავს: ცოლი, ნაცოლარი, საცოლე, ფანი თუ მოზიზღარი! მოზიზღრების რაოდენობა იმდენია, რამდენიც დაიმსახურა ბატონმა სააკაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში. უბრალოდ, მოყვარულთა რაოდენობა მაკვირვებს, თორემ "ზემო აფხაზეთის" დამკარგავი, ციხეების ამვსები და ნახევარი საქართველოს საზღვარგარეთ გამქცევი რომ არ გვეხატება გულზე ბევრს, ეგ ბუნებრივია.

სააკაშვილზე მისი მომხრეები ისევ ძველებურად გაიძახიან, რომ პიჯაკების გამო წაუყენეს ბრალი და "ოცნება" სამარცხვინო ძალააო. ჯერ ერთი, პიჯაკების გამო არაა ის ბრალდებები, მეორეც - სულაც უდანაშაულო იყოს თუნდაც, რა წესია საზღვარზე შემოპარვა? უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, "სმეტანის" ქილებში იმალებოდა თუ ოხრახუშის კონებში, არაა ეგ გაბედული და კანონმორჩილი ადამიანის საქციელი. ვერც იმას ვივიწყებ, ორჯერ პრეზიდენტად არჩეულმა კაცმა სამშობლო "განზე გადგა" და უკრაინის მოქალაქეობა ამჯობინა საქართველოისას!

მოდი, დავანებოთ თავი ამ კრიმინალს, ბატონ სააკაშვილს და სხვა რამეზე ვიმსჯელოთ. თურმე სახალხო დამცველის გამოსულა სიტყვით, ციხის საავადმყოფოში არაა ის პირობები, რომელიც მიშას ეკადრებაო. ეს ლომჯარია მარტო ერთი პატიმრის დამცველია? მეტი არავინაა იმ საავადმყოფოში, ვისაც არანაკლებად საგანგაშო დაავადებები აქვს? ისე, რომ მახსენდება, რა ზარ-ზეიმით აირჩიეს "ქოცებმა" ქალბატონი სახალხო დამცველი, კიდევ უფრო მეტად მიყვარდება სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჩიქორთული ქართულით განაცხადა, ლობჯარიას არ ვუჭერ მხარსო!

რაღაც ონლაინმანიფესტაციის შევსება დაუწყიათ, მიშა გამოუშვითო, და ხელს აწერენ სამღვდელონი და საერონი, ქალი და კაცი... ამ ბატონებსა და ქალბატონებს ვკითხავ, კარგი, გამოუშვან და ვიღაც საშვილიშვილოდ გამწარებულმა რომ შური იძიოს მერე მიშაზე, ვინ იქნება გამკითხველი და პასუხისმგებელი ქვეყანაში დაწყებულ პროცესებზე? ყველა არაორმოცდაერთიანელი რომ გაყვირის, მიშა გამოუშვით, არა აქვს "ოცნებას" უფლება სააკაშვილის გასამართლებისო, ვინ გაასამართლებს ამდენი ცოდვის მქმნელს? "გასპაჟა ბურდჟანადზე" რომ გვმოძღვრავს, ძველი წყენების გახსენების დრო არაა ახლაო, იქნებ მაინც გაიხსენოს, როგორ მიაჩოჩეს თავის დროზე გვერდზე "ნაცებმა" კოხტად და დიპლომატიურად! ან "ლელო" რა დღეშია, ან გუბაზი და მურმან ხელიხმობია! გიგი, ბიუჯეტის ჭამის გამო გასამართლებული, "ქოცებს" ამუნათებს, 27 ოქტომბრის აქციაზე ხალხს რომ იწვევთ, წაგებული გაქვთ მეორე ტურები და ქოცაქცია გახრწნის ნიშანიაო! აი, სადაც სამართალია, იქ შენ, ჩვენო ნამერალო, გახრწნაზე ვერ უნდა საუბრობდე, მაგრამ... საინფორმაციო ღრუ გაქვს ღია და რასაც გნებავს, იმას ლაპარაკობ!

ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც ახლა მიშას სახელს ტირაჟირებს, აქვს რეაბილიტაციის სურვილი, იქნებ და, მომაკვდავი ფეხზე წამომაყენოს მიშას გენიამო. აი, მიშას ახლა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ეს "შემეტენა" ხალხი და მისი გულმხურვალე მიმართვის ადრესატი ის მასაა, ციხესთან რომ ათენებს და აღამებს მისი გამოშვების ამაო სურვილით!

ცალკე ღირსშესანიშნავია პრემიერის გამოსვლები. წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდულ მდგომარეობაში არიან "ნაცები", წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება იქ და ამის მიუხედავად აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები; წარმოგიდგენიათ, საერთოდ როგორი ანეკდოტიაო?! ათასმა ვინმემ თქვა, ეგ ღარიბაშვილი როგორ საუბრობს, სრულიად არადიპლომატიურადო. წარმოიდგინეთ და, ვამართლებ ღარიბაშვილის საუბრის სტილს: რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს და აღარ გვჭირდება იქსებისა და იგრეკების ამოხსნა... ისიც გასაგებია, კონტრაქცია თუ ქოცაქცია რა მიზნისაა! და მაინც, "კოვიდს" თუ გადავურჩით, როგორმე კორონამ თუ მიგვატოვა, ნაცქოცობა მოგვიღებს ბოლოს!

P.S. ერთი ჩემი ნაცნობი ბოლო ორი თვეა დამლაგებელს ეძებს ოფისისთვის და ვისაც შესთავაზა, ყველამ უარი თქვა, მაგ ფასად ცოცხს ვერ დავიჭერო. არითმეტიკაა თუ ფინანსური ამოცანა, ვიკითხავ, რამდენი გადაიხადეს იმ ხალხისთვის, მიშას მხარდასაჭერ აქციაზე წამსვლელებს მთელი დღე რომ დარაჯობდნენ ცოცხებით?..

პროვოკატორის ბლოგი

ჟურნალი "გზა" N43 (28 ოქტომბრის ნომერი)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს