"ეს არის ღირსეული ქართველების აქცია" - კვირის პალიტრა

"ეს არის ღირსეული ქართველების აქცია"

"სრულიად საქართველო და მთელი მსოფლიო იხილავს საქართველოს ათიათასობით ღირსეულ მოქალაქეს, რომელიც თავისუფლების მოედანს და რუსთაველის გამზირს გაავსებს და რომელთა სიმრავლესაც ეს ქუჩები ვერ დაიტევს",- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც დღეს "ქართული ოცნების" აქცია უნდა გაიმართოს.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი აქციით ქართველი ხალხი მსოფლიოს ეტყვის, რომ საქართველო "ძალადობრივ რეჟიმს აღარასდროს დაუბრუნდება".

"სამუშაო დღეა და ამიტომ კიდევ ბევრი ვერ შეძლებს აქციაზე მოსვლას. ეს არის ღირსეული ქართველების აქცია, რომელიც მიმართულია ძალადობის, უღირსობის წინააღმდეგ, რისი განსხიერება და ეტალონიც გახლდათ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა". ეს ბოროტი ძალა ვერასდროს ვეღარ შეძლებს და ჩვენი ქვეყნის ჯიჯგვნას ვერ გააგრძელებს, რადგან ასი ათასი ქართველი გააპროტესტებს დღეს ამას და ასი ათასი ქართველი ეტყვის მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არასდროს აღარ დაუბრუნდება ძალადობრივ რეჟიმს. მხოლოდ პროგრესი, წინსვლა, განვითარება, ჩვენი ევროპული განვითარება არის "ქართული ოცნების" ერთადერთი მიზანი და ეს ყველაფერი 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაცხადდება. 30 ოქტომბერს კიდევ ერთი განაჩენი ელოდება "ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბელადს ქართველი ხალხისგან",- განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა მმართველი გუნდის შეკრება კონტრაქცია, მათიკაშვილი ამბობს, რომ "ამ აზრს საფუძველი არ გააჩნია". "არ შეიძლება კონტრაქცია ვუწოდოთ აქციას, რომელიც ჩვენი ერის, ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა",- განაცხადა მათიკაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკვე იკრიბებიან. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.