თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნება" მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეკრებას მართავს - კვირის პალიტრა

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნება" მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეკრებას მართავს

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეკრება დაიწყო. შემაჯამებელი აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

მოქალაქეები აქციას, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან შემოუერთდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ "ქართულ ოცნებას" და მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიმარჯვოს.

ღონისძიებაზე ამ წუთებში მხარდამჭერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა:

"ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მოვიარეთ საქართველო, შევხვდი მოსახლეობას და უშუალოდ მოვისმინე მათი პრობლემები და გამოწვევები. ხალხს დღეს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა და არა ეს არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია, ბოიკოტი და რევანში. ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემას დავძლევთ! დარწმუნებული ვარ და მტკიცედ მჯერა, რომ მომდევნო წლები იქნება აღმშენებლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის წლები, გაერთიანების წლები. ჩემი დიდი სურვილია დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ ისევე, როგორც ამას ჩვენი ეროვნული განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! თბილისი გაიმარჯვებს! ზუგდიდი გაიმარჯვებს! ქუთაისი გაიმარჯვებს! ბათუმი გაიმარჯვებს! ოზურგეთი გაიმარჯვებს! რუსთავი გაიმარჯვებს! ფოთი გაიმარჯვებს! თელავი გაიმარჯვებს! თიანეთი გაიმარჯვებს! ქარელი გაიმარჯვებს! ხაშური გაიმარჯვებს! ცაგერი გაიმარჯვებს! ბაღდათი, წყალტუბო, მარტვილი, ხობი წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური გაიმარჯვებს! და საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.