"სააკაშვილი ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა - მას დაგეგმილი ჰქონდა გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა - მას დაგეგმილი ჰქონდა გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციისთვის ჩამოვიდა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ერთადერთი მიზანი პროვოკაცია და მათ შორის, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა იყო.

"სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა",- განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სააკაშვილი სამართალდამცველებს ჩაბარდა, პრემიერმა განაცხადა: "ჩაგვბარდა კი არა, დავიჭირეთ".

"მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა", - პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "ცოცხების კადრები" დადგმული არ არის და სიმართლის ამსახველია.

"მე კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა ის სიბინძურე: წამება და გაუპატიურება რაც სააკაშვილის დროს ციხეებში ხდებოდა, თქვენ არ ნახეთ კარანტინის დაშლის ვიდეოკადრები? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.