"ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილისთვის ციხეში მყოფი ან მკვდარი სააკაშვილი საუკეთესო ვარიანტია" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილისთვის ციხეში მყოფი ან მკვდარი სააკაშვილი საუკეთესო ვარიანტია"

გუშინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებაზე უარი თქვა. "ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება", - მისწერა სააკაშვილმა დილეგის უფროს ზურაბ მოდებაძეს.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას სააკაშვილის მკვლელობა აქვს დაგეგმილი. რა შეიძლება იყოს სააკაშვილის უარი მკურნალობაზე, ვის ან რატომ შეიძლება აძლევდეს ხელს მისი სიკვდილი და რატომ არ უშვებენ საქართველოში სააკაშვილის ბედით დაინტერესებულ უკრაინელ ჟურნალიტებს, ადვოკატებს და სახალხო დამცველს, ამის შესახებ ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

მამუკა არეშიძე: - მისი ეს განცხადება ორიენტირებულია 30 ოქტომბერზე, რათა თავისი მხარდამჭერების განწყობები გაამძაფროს და ნარატივი - მიშა ჩვენ გამო შიმშილით კვდება, უფრო ეფექტიანი გახადოს. როგორც ნებისმიერ ადამიანში, ჩემშიც თანაგრძნობას იწვევს მოშიმშილე ადამიანი, თუნდაც ის სანახევროდ შიმშილობდეს, მაგრამ აქ საქმე სხვაგვარად არის - პრაქტიკულად, სააკაშვილი და მისი მომხრეები ამკვიდრებენ ცნებას, რომ სააკაშვილისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის დაშვებულია ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება რიგითი მოქალაქისთვის, რომ კანონი არ არის ყველასათვის კანონი. გარდა იმისა, რომ სააკაშვილი იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რასაც თავად საუბრობდა წლების განმავლობაში. ცინიზმია და სხვა არაფერი, როდესაც სააკაშვილის მმართველობის დროს დაჩაგრულ, ღირსებაშელახულ, შვილებმოკლულ და ქონებაწარმთეულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი კი არის რაღაც-რაღაცებში დამნაშავე, მაგრამ რადგან ყოფილი პრეზიდენტია და ქვეყნის წინაშე დამსახურებები აქვს, ყველაფერი, მათ შორის, თქვენი შვილების სიკვდილიც უნდა ვაპატიოთ. აი, ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი და კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით, მის მხარდამჭერებში არაერთგვაროვანი განწყობებია. ზოგიერთი მათგანი ექსპრეზიდენტს საქციელს უწონებს და პრინციპულობის ბოლომდე შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი პირველ ნაწილს ამუნათებს და ლიდერის სიცოცხლის საფრთხეზე საუბრობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი იმ მხარდამჭერთა გავლენის ტყვებაშია, რომლებიც მას პრინციპულობისკენ მოუწოდებენ? - შეიძლება არის კიდეც, მაგრამ ეს ფორმატი ხომ თავად შექმნა? "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილისთვის ციხეში მყოფი ან მკვდარი სააკაშვილი საუკეთესო ვარიანტია. ეს არის ფაქტორი, რომელიც მათ ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას მისცემს. "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ნაწილისთვის სააკაშვილი სიმბოლოა. ფაქტორსა და სიმბოლოს შორის დიდი განსახვავებაა. აშკარად იგრძნობა, რომ ნიკა მელიას სააკაშვილის სახელი ბორკავს. მისი სახელის გამოყენება, მასზე აპელირება ხელს აძლევს, მაგრამ სააკაშვილი ქუჩაში და სააკაშვილი პარტიაში მელიას კარიერის დასასრულია, შესაბამისადაც იქცევა. სააკაშვილის ფანატები ამიტომაც უკიჟინებენ ლიდერებს და აკრიტიკებენ "ნაციონალ" ლიდერებს.

- ციხეში მყოფი ან გარდაცვლილი სააკაშვილი მმართველი გუნდისთვის რა ფაქტორია? - ძალიან ცუდი. უამრავი ტიპის ჩარევა ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში, ყველანაირი ბარიერი მოიხსნა, ამ მიმართულებით, დასავლელი პარტნიორების ერთი ნაწილი პირდაპირ გვეუბნება, რომ კანონი კი არის კანონი, მაგრამ ის ყველაზე არ ვრცელდება, თანაც ამას ეუბნებიან საზოგადოებას, რომელსაც სთხოვენ, გაიზიარონ დასავლური ღირებულებები. თავადვე შეურაცხყოფენ კანონის უზენაესობას, რომელზეც დასავლური ღირებულებები დგას.

- ეს გასაგებია, მაგრამ მმართველ გუნდს რისთვის სჭირდება უკრაინელი ჟურნალისტების, ადვოკატების და ამჯერად უკვე სახალხო დამცველისთვის დაბრკოლების შექმნა სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით, რა საფრთხეს შეიძლება, ხედავდეს სააკაშვილისა და უკრაინელების შეხვედრებში? - სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, მეც არ მესმის. ან უცოდინრობის ბრალია, ან საბოტაჟის. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და მას ჩამოაკითხა უკრაინის სახალხო დამცველმა. რატომ უნდა შეუშალო ხელი?! სხვა საკითხია გორდონის შეზღუდვა, მაგრამ ომბუდსმენის შეზღუდვა სრულიად გაუგებარია. რაც უფრო ღია იქნება პროცესი, მით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)