"ასე დალაჩრებული ცხოვრება არც გამიგონია, არც წამიკითხავს..." - კვირის პალიტრა

"ასე დალაჩრებული ცხოვრება არც გამიგონია, არც წამიკითხავს..."

"ეგენი მასწავლიან სომხების სიყვარულს?"

"მოემზადეთ,  ყურადღება, წინ!"

ჩვენ ისე ვართ, როგორც მამის საფლავდაკარგულები სასაფლაოზე...

"უნდათ, ყოფილ მამლებს კვერცხი დაადებინონ..."

"სხვის საფლავზე ვრწყავთ ყვავილებს და სხვის საფლავს ვუქცევთ ჭიქას"

ქართველ კაცს უთქვამს, - ჭირი მალეს, მალეს, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. რაკი ქართლის ჭირს, რომელსაც მართლაც "ვერვინ მოსთვლის", მაინც უწერია გამოაშკარავება, იქნებ სჯობს დღესვე ვთქვათ დაუფარავად სათქმელი. ჩვენ დავუკავშირდით მწერალ მერაბ ელიოზიშვილს და საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. თავისებურად მოსწრებულად გვითხრა: კომენტარი კი არა, ეს ჩემი დაუმცხრალი ტკივილიაო...

- პარლამენტმა მიიღო კანონი... თითქოს მარათონი იყოს და ყველა სარბენ ბილიკზე იდგეს: მოემზადეთ,  ყურადღება, წინ! - და გაიქცნენ კანონის მისაღებად. თუ არ გაიქეცი, მაგათთან ვერ იქნები. გადმოგაგდებენ... თვითონ იციან, როდის საით უნდა გაიქცნენ. ჩვენ არ ვიცით... ეგენი გარბიან და ანიავებენ... ჩვენ - ვდგავართ და რა ვქნათ, ვერ ვხვდებით. ასე ხომ შეიძლება ხორცის წონა დაგვიწესონ - რამდენი უნდა გადავუხადოთ საკუთარი ხორცით! უბედურება ისაა, რომ კიდევ მოგველის ზოგიერთისაგან დაპატიჟებული საქართველოს მუშტრები.

ხმას ამოიღებ - სხვა ერის წარმომადგენელი არ გიყვარსო. როგორ არ მიყვარს. ეგენი მასწავლიან სომხების სიყვარულს? შიდა ქართლში სომხები ბევრნი იყვნენ. ძირითადად, ქვაბებს კალავდნენ. ჩემი საუკეთესო მეგობრები სომხები იყვნენ. ზოგი სარქისოვი იყო, ზოგი დემუროვი, ზოგიც გოგინოვი. ერთმანეთი გვიყვარდა და გვიხაროდა.

ისეთი კარგი ქართულით ლაპარაკობდნენ... მახსოვს, მეათე კლასში ვიყავი, მამაჩემის ხუთლიტრიანი დოქი მივათრიე მაგათთან ღვინით და დავლიეთ. რისი დამლევები ვიყავით... თითო ჭიქა დავლიეთ და სიმონ ოგანოვის პაპამ - წუღებს კერავდა, გამოგვართვა, - თქვენ ამისი რა იცითო, მოიყუდა და დაცალა... ჩია კაცი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას და სიყვარულით მახსენდება. მაგრამ მე ისიც ვიცი, ჩემს დედულეთში, მესხეთში რა დღეში ჰყავდათ ქართველები სომხებს. ქართველებს გადასახადები თურქებისთვისაც უნდა ეხადათ, სომხებისთვისაც...

გული მიკვდება - რატომ უნდა ჰქონდეს ამდენი სატკივარი საქართველოს, როდემდე უნდა ჰქონდეს? ლიახვის ხეობა აღარ გვაქვს. იყავი და ეგდეო... სახლი, რომელიც ავიშენე, დამატოვებინეს და ცეცხლს მისცეს. ქართველს თავისი წაართვეს ვაზი და მიანგრ-მოანგრიეს ყველაფერი, ზნაურის ქართლის მწვანე ვენახები ისეთ ხალხს მისცეს, არ იცოდნენ, როგორ გაესხლათ...

შემთხვევით არ ვლაპარაკობ ჩემს ქართლზე. ყველაფერი განზოგადებულია დღეს. ერთი მუჭა ოსები იყვნენ და ახლა მთლად დაეპატრონნენ ყველაფერს: ამოდენა ქართლს წყალს აღარ აძლევენ, პური ვერ მოუყვანიათ... ასე დალაჩრებული ცხოვრება არც გამიგონია, არც წამიკითხავს... ისეთ ზღაპრებზე ვიზრდებოდით, გველეშაპს რომ გმირები წყალს გამოაშვებინებდნენ და ახლა მარტო წყლის დაკეტვაზე არიან მიმდგრები. გამომშვები არ ჩანს.

მოვხუცდი. ახლა ვეღარც დავდივარ... გარეთ ვერ გავალ, თუ ამხანაგი არ მახლავს, გვერდით რომ გამომყვეს. თუ გამიყვანა ვინმემ, ჩემს ჩრდილს ფეხს ვარიდებ - არ დავადგა-მეთქი. იქა ვართ ჩვენც გართხმულები - საკუთარ ჩრდილთან ერთად. მეტი რა გითხრათ, რა ქვა ავაგდო და თავი შევუშვირო!

შევარდნაძე რომ ჩამოვაგდეთ, ავედი და გახარებულმა დავიძახე, - ქართველებო, თქვენ გენაცვალეთ-მეთქი! მაშინ რას ვიფიქრებდი, ეს გველოდა, რა მიხაროდა. ქართული ანდაზაა: ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო... თავისიანებისთვის არ ვარგოდა და თავისი თავისთვის კარგი იყო, ცხადია: თავის კურდღელს იჭერდა... ეგეთი ხალხი ქვეყანას ვერ ააშენებს.

ჩვენ ისე ვართ, როგორც მამის საფლავდაკარგულები სასაფლაოზე... სხვის საფლავზე ვრწყავთ ყვავილებს და სხვის საფლავს ვუქცევთ ჭიქას... აღარ ვიცით, ჩვენი სად არის... ჩვენ აღარაფერი ვართ და ალბათ ეს რომ იციან, იმიტომ დებენ ასე ჩქარა და თამამად ხელშეკრულებებს... ნუთუ არ შეიძლება  კანონის შებრუნება. მაგის იმედი მაქვს, თორემ არ ვიცი, რა გვეშველება...

30 წლის წინ დავწერე: ავტობუსებში ვსხედვართ, მისჯილი გვაქვს, უნდა გავიდეთ ჩვენი ქვეყნიდან, ვერც დავძრულვართ, ვერც გვიღონია რამე. მხოლოდ "ვეფხისტყაოსანი" მიგვაქვს და იმასაც გვედავებიან-მეთქი... ახლაც ასე ვართ გამოჭერილები. გაქურდულია ჩვენი ქვეყანა. მამალ-მამალ ხალხს, რომელსაც ყივილი შეეძლო, აუცრეს და გააჩუმეს, დაადედლეს... უნდათ, ყოფილ მამლებს კვერცხი დაადებინონ... ეგ არის ჩვენი უბედურება.

ერთი პატარა ლექსი მაქვს დაწერილი: "გაღმით ყაყაჩო ხარობს, / გამოღმა გავცქერი მინდვრებს გვირილიანებს, / ნუთუ სიცოცხლე გვაშორებს ერთურთს, / ნუთუ სიკვდილი გვაერთიანებს." ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რომ მოისმინა, - რა სევდიანი ლექსიაო. მართლა დიდი სევდა მაქვს: არ მინდა სიკვდილი გვაერთიანებდეს, მინდა ვიცოცხლოთ და სიცოცხლეში გავერთიანდეთ...