რას სწერს 2000 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს - კვირის პალიტრა

რას სწერს 2000 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს

შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება

2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა  კანონს "რელიგიური გაერთიანებების შესახებ". საკანონმდებლო ინიციატივა, განესაზღვრათ რელიგიური გაერთიანებების სტატუსი, პარლამენტმა სწრაფად აიტაცა, დაჩქარებულად განიხილა და ასეთივე ტემპით მიიღო. ასე რომ,  პარლამენტში საპატრიარქოს შენიშვნებისთვის ყურიც არ უთხოვებიათ. ასეთმა დამოკიდებულებამ პატრიარქისა და საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდა. ქართველი საზოგადოების გულისწყრომა გაამძაფრა ქართულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეაქციამაც.

სომეხთა სულიერმა მწყემსმა ეს ფაქტი სომხური ეკლესიის გამარჯვებად მიიჩნია და ითქვა, რომ ამიერიდან სომხეთს მეტი უფლება აქვს მოითხოვოს საქართველოში თავისი კუთვნილი ქონება! საქმე იქამდეც მივიდა, რომ მეზობლებმა სხვა ეკლესიებთან ერთად მცხეთის ჯვრის ტაძარზეც უკვე მერამდენედ განაცხადეს პრეტენზია, სომხურიაო.

გავრცელებული ინფორმაციით, გარეგინ II-ს ჯავახეთის გავლით სამშობლოში დაბრუნებისას განუცხადებია, რომ ჯავახეთის ეპარქიის შექმნას აპირებს. იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილება საქართველოში სომეხთა სულიერი ლიდერის სტუმრობიდან მოკლე ხანში განხორციელდა, გაჩნდა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების საამებლად გადადგა, თუმცა, ჯერ უცნობია, რის სანაცვლოდ.

პრეზიდენტმა თავისი გაიტანა

"კვირის პალიტრას" ხელთ ჩაუვარდა ერთი დოკუმენტი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს სულაც არ იძლევა.

2000 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გაგზავნილ წერილში, ნომრით 01/42-274ჰ, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სწერს, რომ წინააღმდეგია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური ხელშეკრულების, ანუ კონკორდატის გაფორმებისა.

წერილის ავტორის თქმით, ქართული ეკლესიის აღიარებისთვის სრულიად საკმარისია საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლი, რომელიც მიუთითებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის ისტორიაში. სააკაშვილს მიაჩნია, რომ კონკორდატის დადების შემთხვევაში, რელიგიის თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა ქვეყანაში არსებულმა სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებმაც გამოთქვან პრეტენზია, რაზეც უარის თქმამ შეიძლება საქართველოს სამართლებრივი, საერთაშორისო და პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას. მოკლედ, მინისტრობის ჟამს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობის აღიარებას საქართველოში.

სახელმწიფომ კი 2002 წელს კონკორდატი მიიღო.

წერილის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და მიღების ინიციატორი თვით პრეზიდენტია, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შორის ე.წ. ბალანსის დამყარებას ცდილობს(!).

კონკორდატით მართლმადიდებელი ეკლესია უპირატესია

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ვეფხვაძე:  "კონსტიტუციის მეცხრე მუხლი ეხება ეკლესიის ღვაწლის აღიარებას წარსულში, მაგრამ არ გულისხმობს მის გარკვეულ სტატუსსა და იმას, თუ რა ფორმით უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა მომავალში სახელმწიფოსა და ეკლესიას. ამიტომაც მხოლოდ მეცხრე მუხლი საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უპირატესი და არა სხვა რელიგიათაგან ერთ-ერთი ყოფილიყო. კონკორდატმა ეკლესიას მისცა სტატუსი, ის გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ასე ჩაჯდა ეკლესია სამართლებრივ სივრცეში და  სახელმწიფომ ივალდებულა, რომ ხელს შეუწყობდა სკოლებში რელიგიის ისტორიის, ბიბლიისა და სხვა რელიგიური საგნების სწავლების საკითხის მოგვარებას, მაგრამ პირობა არ შეასრულა. ასევე სახელმწიფოს უნდა ეღიარებინა ჯვრისწერა, როგორც სამოქალაქო ქორწინების აქტი. იყო ლაპარაკი კაპელანის, ჯარში სულიერი მოძღვრის ინსტიტუტის დაშვებაზე. თუმცა, ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, მღვდლები გამოყარეს ჯარიდან, მისი წასვლის შემდეგ კი ეს საკითხი კვლავ მოგვარდა.

იმის გამო, რომ კანონი "რელიგიის შესახებ"  არ იყო მიღებული, ხელისუფლებამ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და 2004-2005 წლებში ყველა რელიგიურ ორგანიზაციას მიეცა შესაძლებლობა, რეგისტრაცია გაევლო როგორც არამომგებიანი სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ასოციაციების, კავშირების ან ფონდების სახით. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ფორმალურად აქვს ოფიციალური რელიგიის სტატუსი. აქამდე მხოლოდ ის იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მხოლოდ მას აქვს კონკორდატი სახელმწიფოსთან გაფორმებული".

შესაძლოა, ეს იყო საპატრიარქოს დაკნინების მცდელობა

კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ციცქიშვილი: "როცა არსებობს კონკორდატი და სახელმწიფოს განსახილველი აქვს რელიგიური ან მასთან დაკავშირებული საკითხები, კონსულტაციები უნდა გამართოს საპატრიარქოსთან. გაუგებარია პარლამენტის დამოკიდებულება, თითქოს სურს შექმნას შთაბეჭდილება, რომ საპატრიარქოსთან განხილვების დაწყების შემთხვევაში საკითხი გაჭიანურდებოდა. ამიტომაც კანონის მიღება ტაქტის დარღვევით მოხდა. ურთიერთობის ასეთი ფორმა და გაუგებარი აჩქარება იწვევს ეჭვს, რომ ეს რაღაცისთვის გაკეთდა. სომხებისთვის? შესაძლოა, ეს სიმართლეა. ან სულაც ხელისუფლებამ სცადა ეკლესიის როლის დაკნინება და ამით თქვა, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, შეუძლია მისი აზრი უგულებელყოს.

რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? პატრიარქმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს კანონს. პატრიარქს პრეზიდენტისგან ამის იმედი რომ არ ჰქონდეს, ამ თხოვნას არ გაახმაურებდა. თუ ასე არ მოხდა, დაგვრჩება მახინჯი კანონი, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საკითხი უნდა განსაზღვროს საჯარო რეესტრის მოხელემ და არა საპატრიარქომ.

ასეთი გაუმართაობა არ იქნებოდა კანონში, საზოგადოებრივი დისკუსია რომ გამართულიყო.

პატრიარქმა განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება დააზარალებს სახელმწიფო ინტერესებს. რაში გამოიხატება ეს? დიდია საქართველოს ეკლესიის ისტორიული წვლილი ქვეყნის განვითარების საქმეში. შესაბამისად, დიდია მისი ნდობის რეიტინგიც, რომლის შერყევამ შეიძლება ბზარი გააჩინოს ხალხსა და ხელისუფლებას შორის, გამოიწვიოს საპროტესტო ტალღა. ეს კი ნამდვილად არ იქნება კარგი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.

უდღეური კანონის მანკი

ლევან ვეფხვაძე:"თავიდან კანონპროექტში  იყო 4-5 კონფესია თუ რელიგიური გაერთიანება, რომელთაც სტატუსი უნდა მინიჭებოდა. მერე ეს ჩამონათვალი ამოვარდა და ითქვა, რომ თურმე საჯარო რეესტრში რიგითმა მოხელემ უნდა განსაზღვროს, ისტორიულად რომელ რელიგიურ გაერთიანებას აქვს საქართველოსთან კავშირი. რა იცის ეს საჯარო მოხელემ? რა იცის, მაგალითად, ბაჰაიზმის შესახებ? გასული საუკუნის 40-იან წლებში სულ სამი ბაჰაიტი ცხოვრობდა ჩვენს ქვეყანაში და ეს ხომ არ ნიშნავს ისტორიულ კავშირს საქართველოსთან? ასევე, თურმე ჩვენ უნდა დავარეგისტრიროთ ევროსაბჭოს ნებისმიერ ქვეყანაში აღიარებული რელიგია. შვედეთის საეკლესიო რეესტრში გატარებულია სკანდინავიელ წარმართთა რელიგია, კულტების თაყვანისცემა. ეს საკმარისია რეგისტრაციისთვის?ასეთი გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო, ევროპის ქვეყნებმა დამატებითი შეზღუდვებიც კი შემოიღეს, მაგალითად, ავსტრიაში, გარდა იმისა, რომ ისტორიული კავშირი უნდა ჰქონდეს რელიგიას ავსტრიასთან, მას უნდა აღიარებდეს მოსახლეობის ორი პროცენტი. ჩვენ კი შემოგვაქვს  აღიარებული რელიგიის სტატუსი ისე, რომ კრიტერიუმებს არ განვსაზღვრავთ.

ხელისუფლება გაიძახის, ევროპულ ღირებულებებს ვითვალისწინებთო და ამ დროს უგულებელყოფს იმას, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის განსაზღვრული რელიგიასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო საკითხები, ანუ რომელიმე ერთი მოდელი არავისთვის არის სავალდებულო. ჩვენ კი რატომღაც თურმე ყველაფერზე თავი უნდა დავაქნიოთ და არ განვსაზღვროთ, რა უფრო პრიორიტეტულია იმ ქვეყნისთვის, სადაც ისტორიული მნიშვნელობა და უდიდესი ღვაწლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას."

P.S. 2009 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სრულფასოვნად უნდა ამოქმედდეს კონკორდატი, საკონსტიტუციო ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმდა.

"იმ პირობებში, როცა ყველა სხვა რელიგიური ჯგუფის უფლებები დაცული უნდა იქნეს, კონკორდატი უნდა ამოქმედდეს ისე, რომ საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულობასა და ფუნქციას საგანგებოდ გავუსვათ ხაზი", - განაცხადა პრეზიდენტმა. მიუხედავად იმისა, რომ კონკორდატი ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის 2003 წელს გაფორმდა, დღემდე არ არსებობს მისი აღსრულების მექანიზმები. ამისთვის პარლამენტმა დღემდე რატომღაც ვერ მოიცალა.