სომხური გამოცემა "არავოტი" გარეგინ II-ის საქციელს გმობს - კვირის პალიტრა

სომხური გამოცემა "არავოტი" გარეგინ II-ის საქციელს გმობს

გია ხუხაშვილი: "სულიერი მოძღვრის ასეთი ქცევა სომხების ღირსებას შეურაცხყოფს"

"ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ II-მ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აღზრდა, აზროვნების სტილი და არსი", - ასე ეხმაურება სომხური გამოცემა ""არავოტი"" ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და გარეგინ  II-ის შეხვედრას ასახავს.

"არავოტის" მასალას სააგენტო "ნეწს. ამ"-ი ავრცელებს. "კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გარეგინ  II არაფრით გამოირჩევა ჩვენი ოლიგარქებისგან, რომლებისთვისაც ურთიერთობების გარკვევის ფორმა "ბაზარი" და "საქმის გარჩევებია". ვიდეოჩანაწერში კათალიკოსი სერიალის მაფიოზს ჰგავს", - წერს "არავოტი" და დასძენს, - სომხეთს ასეთი კათალიკოსი რომ ჰყავს, შემთხვევითი არ არის, ის გონებრივი და სულიერი დეგრადაციის სარკეა.

უცნაური იყო, რომ სომხეთის სულიერი ლიდერი ილია II-თან "შენობით" საუბარს ცდილობდა, რასაც საქართველოს პატრიარქი რბილად ეწინააღმდეგებოდა. უცნობია, ეტიკეტის რა ნორმები მოქმედებს სომხური ეკლესიის "ბიზნესელიტაში". თუმცა, ჩვენთან, რიგით სომხებში, მიღებულია, რომ უფროს ადამიანს "თქვენობით" ელაპარაკო და მუხლზე ხელი მუდმივად არ უტყაპუნო"", - წერს ""არავოტი"".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - სომეხი საზოგადოება შეაშფოთა კათალიკოსის საქციელმა და ადეკვატური რეაქცია გამოხატა კიდეც. იმ ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ, არ შეიძლება, არ დაეთანხმო სომხურ გამოცემას. როდესაც სომხეთის მღვდელმთავარი უწმინდესს შენობით მიმართავდა და ხელს ძველბიჭურად უტყაპუნებდა, მხოლოდ ჩვენს პატრიარქს არ აყენებდა შეურაცხყოფას. მან იცოდა, რომ  მთელი საქართველო უყურებდა ამ ვიდეოკადრებს.

ასეთი ქცევით ის ყველა ჩვენგანს შეურაცხყოფდა. მან ისიც იცოდა, რომ მთელი სომხეთი უყურებდა. პატრიარქმა თავისი თავმდაბლობითა და სიყვარულით ეს უხერხული ვითარება ღირსეულად მიიყვანა ბოლომდე. საუბრის ბოლოს გარეგინ II-ის რეაქციით ნათელი შეიქნა, რომ ის მიხვდა, უმძიმესი შეცდომა რომ დაუშვა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა. დასანანია, რომ ამ საკმაოდ ცუდი ისტორიის პასუხად საქართველოს პარლამენტმა გარეგინ II-ს უპირობოდ დაუჭირა მხარი. იმ პარლამენტზეა ლაპარაკი, რომლის კდემამოსილი სპიკერი და ვიცე-სპიკერი ბევრჯერ გვინახავს კრავის თვალებით ეკლესიაში.

- იურისტების შეფასებით, ამ სტატუსის მინიჭება და კანონის ამ ნორმის ამოქმედება ვერაფერს შეცვლის.

- იურიდიული ნიუანსები არ არის მთავარი. სახელმწიფო და ეკლესია ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, ერთიან პოლიტიკას უნდა ატარებდნენ. ეს ნორმა საპატრიარქოსთვის იყო იმის ბერკეტი, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები დაეცვა სხვა ქვეყნებში.

სწორედ ეს თქვა უწმინდესმა სომეხთა კათალიკოსთან საუბრისას, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი სტატუსის მინიჭების, მაგრამ იმავე სტატუსით უნდა სარგებლობდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სომხეთშიო. ეს აბსოლუტურად ცივილიზებული პარიტეტია. პატრიარქი ადეკვატურ დამოკიდებულებას ითხოვდა ქართული ეკლესიის მიმართ სომხეთში, ანუ იმას, რასაც სომხეთის მღვდელმთავარი ითხოვდა. საქართველოს პარლამენტმა კი საქართველოს საპატრიარქოს წაართვა ეს ბერკეტი.

საქართველოს ეკლესიას ამ კანონის მიღებით მოუსპეს შესაძლებლობა, დაიცვას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები სხვა ქვეყნებში. საქართველო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც არასოდეს არც ერთ რელიგიას პრობლემას არ უქმნიდა, მიუხედავად იმისა, იურიდიული სტატუსი ჰქონდა თუ არა. ეს მოლაპარაკებები პარლამენტმა შეგნებულად ჩაუშალა პატრიარქს.

როცა საპატრიარქო ლაპარაკობს ამ გადაწყვეტილების ანტისახელმწიფოებრიობაზე, ჩემი აზრით, ზუსტად ეს აქვს მხედველობაში. საპატრიარქო ვიღაცის რეგისტრაციის წინააღმდეგი არ არის. ხელისუფლება და მათი პროპაგანდისტები ცდილობენ ეს საკითხი ამ ჭრილში გადაიყვანონ.

ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. გარეგინ II-ის ქცევამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც გარეგინ  II-ს უნდოდა და საპატრიარქოს პოზიცია ფეხქვეშ გათელა. გარეგინ II-ის ქცევა კი მიუთითებდა იმაზე, რომ მას წინასწარ ჰქონდა გარანტირებული ეს შედეგი. მიუხედავად ამისა, სომეხი საზოგადოების შეშფოთება ადეკვატური იყო. სულიერი მოძღვრის ასეთი ქცევა სომხების ღირსებასაც შეურაცხყოფს.

P.S. Youtube.com-ზე გავრცელებული საქართველოს პატრიარქისა და სომხეთის პატრიარქის შეხვედრის კადრები შეგიძლიათ იხილოთ palitra.ge-ზეც.