"მინდა საქართველოს პატრიარქმა იცოდეს, რომ მისი და ეკლესიის ერთგული შვილები ჰყავს" - კვირის პალიტრა

"მინდა საქართველოს პატრიარქმა იცოდეს, რომ მისი და ეკლესიის ერთგული შვილები ჰყავს"

ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რომ რელიგიების სტატუსის შესახებ კანონპროექტს ხმა საქართველოს პატრიარქთან დაახლოებულმა რუსუდან კერვალიშვილმაც მისცა მაშინ, როდესაც ზოგიერთმა არაქართველმა დეპუტატმაც კი არ დაუჭირა ამ კანონს მხარი. პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილს ამ საკითხზე ვესაუბრეთ:

- ქალბატონო რუსუდან, მინდა გკითხოთ კანონპროექტზე რელიგიათა სტატუსის შესახებ, რომელიც დიდი განსჯის საგანი გახდა.

- არ მეგულება საქართველოს პარლამენტში ადამიანი, რომელიც ქართული ეკლესიისთვის საზიანო ნაბიჯს გადადგამს. რაც შეეხება კანონს, თავად საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომ კანონპროექტი კი არ შეიცავს რაიმე საშიშროებას საქართველოსთვის, არამედ ის ფორმა, რომლითაც მიიღეს.

- რით აიხსნება კანონპროექტის ასე ნაჩქარევად მიღება?

- საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა სჯობდა, მაგრამ სიჩქარე ტექნიკურმა საჭიროებამ განაპირობა. ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა (საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომა) იყო, ამიტომაც ზოგიერთი საკითხები დაჩქარებული წესით მივიღეთ. არავის ჰქონია ფარული ზრახვები. ამ ვითარებას ყველაზე მეტად დეპუტატები განიცდიან, რადგან შიშობენ, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდეს განცდა, რომ პარლამენტი საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიდის.

- საქართველოს პატრიარქთან თქვენი დამოკიდებულების გამო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი იყო, რომ ამ კანონპროექტს დაუჭირეთ მხარი.

- კანონპროექტის შინაარსი ეჭვს არ იწვევს. იურისტებმაც მითხრეს, რომ მასში  საეჭვო მუხლები არ არის. სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები არ შეიძლება შეედაროს საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელიც არსებობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ეს ორი სრულიად სხვადასხვა სივრცეა. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სახელმწიფოს ურთიერთობა დამყარებულია საკონსტიტუციო შეთანხმებით, რომელიც გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სამოქალაქო კოდექსი. ის, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ცნობილი იქნა სხვადასხვა კონფესია, სამართლის ჩარჩოში აქცევს ამ კონფესიებს, რომლებიც ჩვენს ტოლერანტულ ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში არიან.

- ითქვა, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებით დაკნინდა საქართველოს ეკლესიის სტატუსი და ის გაუთანაბრდა სხვა კონფესიებს.

- არამც და არამც. ეს არ აკნინებს არათუU ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არამედ არც იმ კონფესიებს, რომელიც საქართველში ტრადიციულად მოქმედებენ. მართლმადიდებლურ ეკლესიასთან განსაკუთრებით დარეგულირებული კანონმდებლობა მოქმედებს, რაც ხელშეუხებელია და კონსტიტუციის მე-9 მუხლით არის გამყარებული.

- მაშ, რის გამოა ასეთი ვნებათაღელვა საზოგადოებასა და ეკლესიაში?

- ეს შეიძლება ჩვენი ბრალია, უფრო მეტი კომუნიკაცია და განმარტებებია საჭირო.

- საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შედეგს 10 და 100 წლის შემდეგ ვნახავთო.

- გასაგები და გასათვალისწინებელია ის სიფრთხილე, რასაც ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი იჩენს. მართლაც დიდი ყურადღება გვმართებს, რომ ჩრდილი არ მიადგეს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას.

- ეს კანონპროექტი ზოგმა შეაფასა როგორც საპატრიარქოზე შეტევა.

- გარწმუნებთ, სახელმწიფოსა და მისი უწმინდესობისგან ამ პროცესს ურთიერთობის ნორმალიზების გარდა, სხვა არაფერი მოჰყვება. ყველა საკითხი გაირკვევა და მაქსიმალური კომუნიკაცია იქნება საიმისოდ, რომ ეს გაუგებრობა ამოიწუროს.

- ამ კანონპროექტის მიღების შემდგომ ხომ არ შეხვედრიხართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს?

- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის მზად არის შეხვედრისთვის, მაგრამ არ შეგვიწუხებია, რადგანაც ამ პროცესების ჩაწყნარებას დრო სჭირდება. თან პატრიარქი ახლა ლოცულობს, მარხვაა და არ გვინდოდა მისი შეწუხება.

- როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდებით, ალბათ, მომიყვებით საუბრის დეტალებს?

- უთუოდ მოგიყვებით. მინდა საქართველოს პატრიარქმა იცოდეს, რომ მისი და ეკლესიის ერთგული შვილები ჰყავს.