ერი თუ ინდივიდი? - კვირის პალიტრა

ერი თუ ინდივიდი?

"ის ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას, არის რწმენა და ეკლესია"

"ეს არის ხელისუფლების არასწორი ქმედება", - ასე შეაფასა რელიგიათა სტატუსის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება და პრეზიდენტის მიერ ამ დადგენილებაზე ნაჩქარევად ხელის მოწერა აკადემიკოსმა შოთა ნადირაშვილმა.

- ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილებაა, რადგან ერსა და სახელმწიფოს ეხება. კონკორდატის საშუალებით ეკლესიამ, ერმა  და სახელმწიფომ გარკვეული ურთიერთობა, თანაბრობა დაამყარა. ეკლესიას მიეცა უფლება, დამოუკიდებელი ერთეული იყოს, მაგრამ ამ ბოლო დროს ხელისუფლება ცდილობს ერის ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები შეიტანოს, როგორიც თავად აძლევს ხელს. სახელმწიფოში რელიგია და ეკლესია ერთ-ერთი სერიოზული ძალაა.

ადამიანს აქვს გარკვეული უფლება-მოვალეობანი სახელმწიფოს წინაშე და პირიქით, მაგრამ ბოლო დროს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობაში სახელმწიფომ მოიპოვა უპირატესობა. ახორციელებს ისეთ ცვლილებებს, რაც სასარგებლოდ და საჭიროდ მიაჩნია. ხელისუფლებამ საკუთარი ძალის გაფართოება, ერის დამორჩილება და დაჩაგვრა დაიწყო. რა არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას?

- ეს არის რწმენა და ეკლესია. რადგან ერი ადამიანების გაერთიანებაა, იყო შეხედულება, ის, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო, იმავეს გაუკეთებ ერსაცო, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. ერისთვის რამის გაკეთება მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ერი ძნელი დასამორჩილებელია, მეტი წინააღმდეგობის უნარი აქვს. საერთო-ეროვნული ორიენტაცია და რელიგია ისეთი ფასეულობებია, რომლებიც ამერიკისთვის არ არის მნიშვნელოვანი. მისთვის მთავარია ინდივიდი და არა ერი.

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენი საზოგადოება ამერიკელ საზოგადოებას დაამსგავსოს, სადაც ადამიანებზე იქნება აქცენტი. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ქვეყანა დაამსგავსოს დასავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც გლობალისტური ორიენტაციით მართავენ ქვეყანას და აქცენტი ერის კი არა, ინდივიდის თავისუფლებისკენაა მიმართული. ამის ხელის შემშლელი აღმოჩნდა რელიგია და ერი.

ამიტომაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ქართული ეკლესია გაეთანაბრებინა სხვა რელიგიურ წარმომადგენლობებთან და ისტორიული დამსახურების გამო მინიჭებული უფლებები ჩამოერთმია. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით ეკლესია იზღუდება. ამისთვის გადაწყვიტა ხელისუფლებამ თანაბარი, ძმური ურთიერთობა დაამყაროს სომხეთთან, რომელიც რელიგიურად ჩვენგან განსხვავებულია.

- რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

- ეკლესია ორიენტირებულია ეროვნებაზე და არა პიროვნებაზე. ახლა კი ეროვნება გვერდზე გადააქვთ. სხვა რელიგიების წარმომადგენლებს ენიჭებათ უფლება, ჰქონდეთ ქონება და იყვნენ მისი განმკარგავნი.

ცხადი შეიქნა ხელისუფლების ბრძოლა ეკლესიასთან, როგორც აღმზრდელობით ინსტიტუტთან.  პატრიარქმა ეჭვი შეიტანა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ის კი არ უთხრა, ცუდად იქცევიო, არამედ შესთავაზა, დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთო, მაგრამ პრეზიდენტს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

ეკლესიის როლის შემცირებით ქართული სულიერი კულტურის განვითარებაც შემცირდება და სახელმწიფო უფრო ძნელად ასაწყობი გახდება. თუ რელიგიის როლი დაკნინდება, ქვეყანა უფრო ადვილად მოირგებს სხვა ქვეყნების წყობას. ამით ხელისუფლება თავს იწონებს დასავლეთში, მაგრამ ეს საზიანოა ქვეყნისთვის. ჩვენ უფრო მეტად გავხდებით გლობალისტური სახელმწიფო, რომელსაც თავისი არაფერი აქვს, სხვა ქვეყნების ცხოვრებით ცხოვრობს და იღებს იმას, რასაც სხვები გაიმეტებენ.

- ხომ არ მოჰყვება ამას საზოგადოების მასობრივი პროტესტი?

- ამას შეუძლია გამოიწვიოს დიდი აღშფოთება.

მე ვნახე პატრიარქების შეხვედრის კადრები. გარეგინ II-ის მიუღებელი საქციელი იმდენად მისი უზრდელობით კი არ არის განპირობებული, რამდენადაც იმ ფარული უფლებისგან, რაც მას ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებამდე მიანიჭა.

თუ აკვირდებით, პატრიარქი ყოველთვის ცდილობს ხალხის დაწყნარებას, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვა, არ მომეწონა ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთაო. პრეზიდენტი არ არის სწორ გზაზე, ვერ პოულობს იმ გზას, რითაც წარმატებას მიაღწევს. იმით კი, რითაც ის წარმატებას პოულობს უცხოელებთან, ეროვნულობას თმობს.

არ იქნება სწორი საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ომის დაწყება. ამიტომ მათ შორის საზოგადოება უნდა ჩადგეს. ხალხმა უნდა უთხრას ხელისუფლებას, რომ ქართველ ხალხს მისცეს საშუალება, ნორმალურად განვითარდეს.

- ეს ყველაფერი იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ხელისუფლება ეკლესიაში კონკურენტს ხედავს?

- ცხადია, ხელისუფლება ასეთ კონკურენციას არავისგან გრძნობს. ხელისუფლების შეტევა ეკლესიაზე არაგონივრულია. სააკაშვილს ასეთი მცდარი ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს. მისი ეს გადაწყვეტილება რუსეთთან  ომის დაწყებაზე უარესია. მაშინ უცოდინარობის გამო ჩაერთო ომში. ეგონა, ვინმე უშველიდა, ახლა ვისი იმედი უნდა ჰქონდეს? ამით ხელისუფლებას საფრთხე ექმნება, რომ თავისი მომხრე მორწმუნე მოქალაქეების მხარდაჭერაც დაკარგოს.