"რელიგიების სტატუსის განსაზღვრა გარეგინ II-ს არ მოუთხოვია" - კვირის პალიტრა

"რელიგიების სტატუსის განსაზღვრა გარეგინ II-ს არ მოუთხოვია"

"ქართველები და სომხები ბრძენი ერი ვართ და ამ პროვოკაციას არ ავყვებით"

"იდიოტიზმია, რაც "ბრიტანიკაში" გამოქვეყნდა"

მსოფლიოში ერთ-ერთ კომპეტენტურ წყაროდ აღიარებული ბრიტანული ენციკლოპედია "ბრიტანიკას" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ანბანის შემქმნელად გამოცხადებულია მესროპ მაშტოცი. ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის საქართველოში ვიზიტისა და სომხეთის საპატრიარქოსთვის რამდენიმე ტაძრის გადაცემის მოთხოვნის შემდეგ ამ ინფორმაციის გავრცელებამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

ემოციები გაამძაფრა მოვლენების უცნაურმა ჯაჭვმა. გარეგინ II-ის საქართველოში ვიზიტის შემდეგ პარლამენტმა ნაჩქარევად მიიღო საკანონმდებლო დადგენილება რელიგიების სტატუსის შესახებ. საპატრიარქოსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებების მიუხედავად, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე აჯობებდა, ამ საკითხზე სჯა-ბაასი გამართულიყო, პარლამენტმა ერთი ხელის დაკვრით მიიღო გადაწყვეტილება რელიგიების სტატუსთან დაკავშირებით, რაც ასევე დაუყოვნებლივ დააკანონა თავისი ხელმოწერით საქართველოს პრეზიდენტმა.

ვან ბაიბურთი, პრეზიდენტის მრჩეველი: - ის იდიოტიზმი, რაც "ბრიტანიკაში" გამოქვეყნდა ქართული ანბანის წარმომავლობაზე, არ თავსდება არანაირ ჩარჩოში. ეს არც სომხების ინტერესშია და არც ქართველებისა. სომხები და ქართველები იმდენად ძირძველი ერებია, ისეთი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ, რომ არც ერთს არ სჭირდება სხვისი რამის მითვისება, იმიტომაც, რომ ეს სიმდიდრე ათ სხვა ერს ეყოფა. ეს ყველაფერი ჩვენი მტრის მოგონილია. სომხეთში ყურადღებას არ აქცევენ ასეთ განცხადებებს.

არც ერთ მაღალი დონის სომეხ მეცნიერს არასოდეს უთქვამს, ქართული ანბანი სომეხმა შექმნაო. ამას აკეთებს ჩვენი საერთო მტერი, რომელიც ვიცით, ვინც არის. ასეთი განცხადებები იმისთვის კეთდება, რომ ქართველ და სომეხ ახალგაზრდობას დააკარგვინონ ურთიერთპატივისცემა. ასეთ იდიოტობას რომ კითხულობს ახალგაზრდა, 1%-ით მაინც ხომ უჩნდება ეჭვი. ამგვარი დეზინფორმაციის მიზანია, ჩაუნერგონ ახალგაზრდებს - სომხები და ქართველები არასრულყოფილი ერები არიანო. რამდენადაც ვიცი, "ბრიტანიკამ" ეს დეზინფორმაცია უკვე გამოასწორა. ყველას ვთხოვ, არ მიაქციონ ყურადღება ასეთ ამბებს. ჩვენი მეზობელი ცდილობს, ერთმანეთს წაგვკიდოს. ამიტომ სიბრძნე გვმართებს. დაუშვებელია ის, რაც ბოლო დროს ქართულ პრესაში იბეჭდება.

- ალბათ, გულისხმობთ გარეგინ II-ის ვიზიტის შემდეგ პარლამენტის მიერ რელიგიების სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

- ეს საერთოდ არ უკავშირდება გარეგინ II-ის ვიზიტს. მე ვიყავი გარეგინ II-ისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრაზე, ახალქალაქშიც ვახლდი. რაც იწერება, მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთმა ისიც თქვა, - თბილისიდან წასული გარეგინ II უკან თვითნებურად დაბრუნდა და ახალციხეში ჩავიდაო. გარეგინ II და ილია II ერთად ჩავიდნენ ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. რასაც წერენ, 99% ტყუილია. ეს იყო ძალიან კეთილგანწყობილი ვიზიტი. რელიგიების სტატუსის განსაზღვრა გარეგინ II-ს არ მოუთხოვია. ამას 20 წელია ითხოვენ კათოლიკეები, მუსლიმანები და ებრაელები, ანუ მარტო სომხებს არ მოუთხოვიათ.

- გარეგინ II-მ ხომ მოითხოვა სომხური ეკლესიისთვის ტაძრების გადაცემა?

- სისულელეებს წერენ - ვითომ 300 და 600 ტაძრის გადაცემა მოითხოვაო. სინამდვილეში ლაპარაკია 5 ტაძარზე, საიდანაც 4 თბილისშია და ერთი - ახალციხეში. ახლახან მიღებული კანონით არაფერი იცვლება. უბრალოდ, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს ოფიციალურად არსებობის უფლება მისცეს. ან რომელ საეკლესიო მიწების დაბრუნებაზეა ლაპარაკი?!საქართველოსა და სომხეთის სულიერ მოძღვართმოძღვრებს ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდათ, ღიმილით და სიყვარულით გაჯერებული... რა მუჯლუგუნებსა და მუშტების ბრახუნზეა ლაპარაკი?

- არ გინახავთ პატრიარქების შეხვედრის youtube.com-ით გავრცელებული კადრი?

- იქ რა უნდა ვნახო, როდესაც ამ შეხვედრებს ვესწრებოდი? თუ ვიღაცამ შემთხვევით ხელი დაადო საქართველოს პატრიარქს, როგორ შეიძლება ეს კინოფანტაზიად აქციო? გარეგინ II-ს თბილისში, ილია II-ის რეზიდენციაში შეიძლება შეურაცხყოფა მიეყენებინა პატრიარქისთვის?

- მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ საუბრის ტონი... საქართველოს პატრიარქი ამბობდა, რომ რელიგიების სტატუსი მოლაპარაკებისა და დაფიქრების მერე უნდა გადაწყდეს.

- ევროსაბჭო ამბობს, რელიგიების სტატუსი უნდა განისაზღვროსო. სომხეთში რომელ რელიგიურ ჯგუფსაც უნდა, ის დარეგისტრირდება, იეღოველებიც კი.

- მაგრამ სომხეთში ქართული ტაძრები არ მოქმედებს.

- თუ არ მოქმედებს, არც სომხური სამოციქულო ეკლესია შედის შიგ.

- სომხეთის საპატრიარქო დაუშვებს, რომ იქ ქართველმა სასულიერო პირებმა აღადგინონ წირვა-ლოცვა?

- გარეგინ II-მ თქვა, ქართული ეკლესია გარეუბანშია, ამიტომ ქალაქის ცენტრში ავაშენოთ ახალიო.

- მაგრამ ძველის ამოქმედებას ხელს რა უშლის?

- არაფერი, ილოცონ. ეს მოლაპარაკების საკითხია.

- იმ 5 ტაძარზე, რომელსაც სომხური ეკლესია ითხოვს, ზოგი მეცნიერი ამბობს, სომხური კი არა, ქართულიაო.

- კომისია შეიქმნას და ის გაარკვევს... ის ტყუილი, რაც იწერება, წამლავს ქართველ და სომეხ საზოგადოებას, რაც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნებისთვის. რატომ შეჰყავთ ზოგიერთს ხალხი შეცდომაში? ვისაც უნდა, სომხებსა და ქართველებს შორის დაძაბულობა იყოს, ვერ ეღირსება. ქართველები და სომხები ბრძენი ერი ვართ და ამ პროვოკაციას არ ავყვებით.