"ტყის კვარტეტი" - კვირის პალიტრა

"ტყის კვარტეტი"

წინა კვირას, როგორც ბათუმელს, ორი რამ გამიხარდა: სტინგმა იმღერა ჩემს ქალაქში და რენი ჰარლინმა ბინა იყიდა ასევე ჩემს ქალაქში. ახლა შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ რენი ჰარლინივით ბათუმელი ვარ.

მართალია, ამ ქალაქში მასავით ბინა არ მაქვს (ეჰ, რა დროს გავყიდე?!), მაგრამ ბავშვობის მოგონებები ხომ მაკავშირებს იქაურობასთან! ასე რომ, ყველაფერი კარგი, რაც იქ ხდება, მაინც მიხარია. ეჭვი მაქვს, ბათუმელებსაც ძალიან გაუხარდათ ეს ამბავი. მართალია, როგორც მითხრეს, კრის ბოტის და სტინგის კონცერტზე, ადგილობრივი მაღალჩინოსნების გარდა,  ბათუმელები ვერ მოხვდნენ და  კონცერტს ისეთი ხალხი ესწრებოდა, ვისაც სტინგი სულ ტყუილად ანიშნებდა, ამყევით და იცეკვეთო (ერთადერთი გამონაკლისი, მგონი ნიკა გილაური იყო), მაგრამ არც უბრალო მოკვდავები დავიწყებიათ.

განა მათთვის არ დადგეს დიდი ეკრანი თეატრის წინ (თუ ეკრანზე ყურება უნდოდათ, სახლში ტელევიზორებს ვერ უყურებდნენ)? მერე რა, რომ იმ ეკრანზეც კონცერტის ნახევარი აჩვენეს მხოლოდ. ბათუმელებმა გული არ უნდა გაიტეხონ. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს ყველაფერი მათ სასიკეთოდ ხდება.

აქ მთავარი ის კი არ არის, შეძლებ თუ არა კონცერტზე დასწრებას, მთავარი ის არის, ასეთი ადამიანები შენს ქალაქში რომ ჩამოდიან. ეს საკმარისი უნდა იყოს ბათუმელის ბედნიერებისთვის. ამ ყველაფერს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. როგორც კონცერტის მეორე დღეს პრეზიდენტმა განაცხადა, სწორედ ასეთი რანგის მომღერლების ჩამოსვლაზეა დამოკიდებული აჭარაში ტურიზმის აყვავება, ტურიზმის აყვავება კი ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას ნიშნავს. მოკლედ, სტინგი იმღერებს, გილაური იცეკვებს და ქვეყანაც აშენდებაო.

მახსოვს, ბავშვობაში, სულხან-საბას იგავის მიხედვით გადაღებულ ცნობილ მულტფილმს რომ ვუყურებდი (ხომ გახსოვთ, "სოფლის შენებას რა უნდა"...), ბავშვურად მიკვირდა, ეს სისულელე რამ მოაფიქრათ, სიმღერით და ცეკვით სოფლის აშენება ვის გაუგია-მეთქი. არადა, თურმე შენდება!

ორი რამ მაკვირვებს

ალბათ, ბედის ირონიაა, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის უფლებები დამოუკიდებელი ჟურნალისტების დასაცავი რომ გახდება. მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების არც ერთი ჟურნალისტი სოლიდარობის აქციას არ შეუერთდა. არც გაზეთ "პრაიმ-ტაიმიდან" მოვიდა ვინმე, სადაც ერთ-ერთი დაკავებული - ნათია გედენიძე მუშაობდა.

არადა, რას ვითხოვდით ასეთს? - მტკიცებულებების გამოქვეყნებას. ამ ადამიანების უდანაშაულოდ გამოცხადებას იქ არავინ მოითხოვდა. ეს ალოგიკურიც იქნებოდა. შეუძლებელია, ვინმეს უდანაშაულობაში წინასწარ იყო დარწმუნებული. უბრალოდ, მას შემდეგ, რაც საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაადეს, გამოდიოდა, რომ შსს გვეუბნებოდა, სიტყვაზე მენდეთ, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიანო.

ჩვენ ვეუბნებოდით: დიდი ბოდიში, მაგრამ სიტყვაზე თქვენ ნამდვილად ვერ გენდობითო. სულ ეს იყო. მაინც არ მოვიდნენ. ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ისინი სიტყვაზე ენდობიან შსს-ს? არადა, შეიძლება ბევრ მათგანს დაკავებულებთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე ჩვენ.

თუმცა რაზე ვლაპარაკობ, როდესაც ე. წ. მთავრობის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა თავიდან ფოტოგრაფების დაკავების შესახებ ინფორმაციაც კი არ გაავრცელეს. ვიდრე შსს-მ ოფიციალური განცხადება არ გამოაქვეყნა, ისინი დუმდნენ. რაღაა სათქმელი,  როდესაც 5 ივლისს პარლამენტში რელიგიური გაერთიანებების  სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცეს (რასაც საპატრიარქოს უმწვავესი რეაქცია მოჰყვა, პატრიარქმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, უმრავლესობის წევრი პალიკო კუბლაშვილი საპატრიარქოში გავარდა, იქნებ ეკლესია რამეზე მაინც დავიყოლიოო), "რუსთავი 2-მა" კი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ამაზე სიტყვაც არ დაძრა. სამაგიეროდ, უგრძესი სიუჟეტი მიუძღვნა პრეზიდენტის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის მიერ ანბანის სწრაფად აკრეფაში დამყარებულ რეკორდს(?!).

არც მორალისტობა მიყვარს და კანტთანაც დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მისი გამონათქვამი უნდა გადავაკეთო: ორი რამ მაკვირვებს მხოლოდ - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონის არარსებობა ქართულ ჟურნალისტიკაში.

მთავარი გაკვეთილი

გახსოვთ, რა პომპეზურობით წარადგინა პრეზიდენტმა პარლამენტში თავისუფლების ქარტია? აწი და ამის მერე საქართველოში რეფერენდუმის გარეშე ვერავინ შემოიღებს ახალ გადასახადს და ვერც ვერავინ გაზრდის ძველსო.

ჯერ ხომ ეს თავისუფლების ქარტია დაამწნილეს  პარლამენტში, შემდეგ, როგორც იქნა,  მიიღეს, მაგრამ იმისგან, რაც მაშინ პრეზიდენტმა ილაპარაკა, თითქმის არაფერი დარჩა.  ამ დღეებში პარლამენტმა დააკანონა - გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება მაშინ არის საჭირო, თუ გადასახადი სამ წელზე მეტი ვადით იზრდებაო. რა გამოდის - რეფერენდუმის გარეშე სამი წლით გაზრდი გადასახადს, შემდეგ გააუქმებ, ისევ გაზრდი სამი წლით და ა. შ. ანუ რეფერენდუმის მოთხოვნა ფორმალობა ხდება, ამ მოთხოვნას გვერდს ადვილად აუვლი.

მთავარი გაკვეთილი: თუ დაპირებას დაუფიქრებლად იძლევი და მერე არ გინდა, საკუთარ ნათქვამს გადაახტე, შეგიძლია შემოუარო.

ოპოზიციური ექვსიანის მთავარი დილემა

ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ქრისტიან-დემოკრატებს" ვეთანხმები. მას შემდეგ, რაც 8 ივლისს ოპოზიციურმა ექვსიანმა კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა, ლევან ვეფხვაძემ თქვა: "ახალმა გაერთიანებამ დღესვე უნდა განაცხადოს, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოდექსში ვერაფერს შეცვლიან".

ვეფხვაძის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში არჩევნებში მათი მონაწილეობა ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე ხელმოწერას ნიშნავს. ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების არჩევნებისადმი დამოკიდებულება სახუმარო თემა არ არის, რადგან მათ უნდა თქვან, იღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას და იღებენ თუ არა არჩევნებისთვის მილიონ ლარს.

KvirisPalitra.Geროდესაც ახალ კოალიციაში შემავალმა ექვსმა პარტიამ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ბევრი აღფრთოვანდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ კრიტიკული თვალით არ უყურებენ. მესმის, რომ ისინი დილემის წინაშე დგანან, მესმის, რომ დღეს იმის განცხადება, თუ საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესდა, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, მომგებიანი არ არის, მაგრამ სხვანაირად ხალხის მოტყუება გამოდის.

ოპოზიციურმა ექვსიანმა, "ახლების" და ქდმ-ს მსგავსად, ხელისუფლებასთან შეთანხმებას ხელი ხომ იმიტომ არ მოაწერა, რომ ეს ცვლილებები საარჩევნო გარემოს ვერ ცვლის. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ხომ იმიტომ ითხოვდნენ, რომ ასეთ გარემოში შეუძლებელია არჩევნების მოგება, ანუ ხელისუფლების დამარცხება.

ჰოდა, თუ ვერაფერი შეაცვლევინეს ხელისუფლებას და არჩევნებში მონაწილეობა მაინც მიიღეს, გამოვა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა ყოფილა, რასაც იმ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უფრო ადვილად მოახერხებდნენ.