გუშაგის შიშები - კვირის პალიტრა

გუშაგის შიშები

"ქართული პარტიის" ოფისთან "კუდელები" გუშაგობენ. ეს არ არის ოპერატიული საქმიანობა. ჩასაფრება იმისაა, რომ დაიმალო, რომ ის, ვისაც უთვალთვალებ, ვერ გამჩნევდეს; აქ კი ძალიან თავხედურად დგას კუდელების მანქანები ოფისის კართან. მანქანაში მსხდომი ჯეელები არც კი ცდილობენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებად შეინიღბონ. ოფისში შემსვლელებს სურათებს უღებენ, აკვირდებიან. რატომ იქცევიან ასე? რატომ არღვევენ კონსპირაციის ელემენტარულ წესებს? ნუთუ ასეთი არაპროფესიონალები არიან? რა თქმა უნდა, არა... ვანოს უშიშროებას სულ სხვა მიზანი აქვს.  მათ სურთ, ყველას დაანახონ: აი, აქ ვდგავართ და დაჟინებული მზერით შემოგცქერითო. კი არ გაყურადებთ და გითვალთვალებთ, არა, თავხედურად გიყურებთ, რათა შეგაშინოთ, დაგანახოთ, რომ მალე ისევ შემოვცვივდებით და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. სხვა ახსნა ასეთ ქმედებას არა აქვს.

"ქართულ პარტიას" ახლახან დაერხა. ფუჭი დაპირებები "მრისხანების დღის" მოწყობის თაობაზე, ლიდერების წასვლა... ამ ყოველივემ მომაკვდინებლად იმოქმედა ისედაც არცთუ მაღალი რეიტინგის მქონე პარტიაზე. მიშამაც იკრა სისხლის სუნი და მათ ნამდვილი ტერორი მოუწყო - აბსურდული ბრალდებით დაიჭირა პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ბევრი მათგანი, უბრალოდ, აწამა; უმიზეზოდ შეიჭრა ოფისში 100-მდე ბრგე სპეცრაზმელით. ამას არ მოჰყოლია ადეკვატური პროტესტი და ეს ბუნებრივიცაა.

არ ევასება ბევრს "ოქრო და კომპანია" და ვერც მოსთხოვთ, სხვაგვარად იყოს. ვერც იმას მოსთხოვ საშუალო-სტატისტიკურ მოქალაქეს, რომ განაზოგადოს აღნიშნული შემთხვევა, მიხვდეს, რომ საქმე ოქრუაშვილის კაიკაცობაში არ არის. თუ მიშას დღეს   "ქართულ პარტიასთან" გასდის,  ხვალ უარესს იზამს. მიშა ხომ ნაბიჯ-ნაბიჯ, გამოცდილი მტაცებელივით აფართოებს აგრესიულობის არეალს. ცდის ხალხს, სინჯავს, რამდენად მტკიცეა მოთმინების ძაფი. ამის გათავისებას ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ ახერხებს. მას უამრავი მიმდინარე პრობლემა აქვს - სარჩო-საბადებლის ძებნა,  ზრუნვა იმაზე, რომ სამსახური არ დაკარგოს, ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, რომ ნაგვის გადასახადიც არ დაემატოს და მისთ. იმისათვის, რომ ხსენებული მოქალაქე  ქუჩაში გამოვიდეს, საჭიროა პოლიტიკოსი,  რომელიც აგიტაციას გასწევს, ჩასახავს იმედს და შეცვლის რეალობას, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანან ასეთი პოლიტიკოსები. ჰოდა, ვანოს კაცებიც დგანან  უტიფრად და უყურებენ პოტენციურ მსხვერპლს. შიშს თესავენ... გუშაგობენ!..

მაგრამ არ არიან ისინი ასეთი მაგრები. აი, მე გავიყოლე ოპერატორი და მივუახლოვდი ერთ-ერთ ასეთ გუშაგს, რომელიც ""აუდიში"" იჯდა. მანქანას დაბურული მინები ჰქონდა, მაგრამ სალონში მჯდომ შორტიან ახალგაზრდა კაცს კარგად ვარჩევდი. დავუკაკუნე ფანჯარაზე და ვუთხარი, "გადმო, საქმე მაქვს-მეთქი". ეს შორტიანი კუდელი თამამად უნდა გადმოსულიყო მანქანიდან და მკაცრად ეკითხა: - რა გნებავთ და ვინ ბრძანდებითო? მოწმობა  უნდა ეჩვენებინა და ჩემი საბუთებიც უნდა მოეთხოვა, მაგრამ ამ კაცმა გააკეთა ყველაზე სამარცხვინო რამ - გაიქცა!  ვდიე, ასე, 10 წუთი. ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოა ჩემთვის იმის შეგრძნება, რომ იქით დასდევ "კუდს" კუდში. ბოლოს, როცა შევატყვეთ, რომ ცუდ მძღოლს მივდევდით და ის შეიძლებოდა, რამეს შესკდომოდა, თავი დავანებეთ.

ამ ყოველივედან ერთი სასარგებლო დასკვნის გაკეთება შეიძლება. ვანო საშიშია, თუ მზერას არიდებ მას, თუ შიში თავად შენშია. საკმარისია, მიუახლოვდე და დაელაპარაკო, თამამად შეხედო თვალებში, ურთიერთობა სცადო, რომ საშიში ვანოს გუშაგი იბნევა, მას თავად უჩნდება შიში შენთან სიახლოვისა. მან ხომ არ იცის, რა უნდა გიქნას? დაგიჭიროს? მოგკლას? გცემოს? ზუსტად ვერ წარმოუდგენია, რას აკეთებს და რა უნდა. კი ბატონო, გამოულაყეს თავი იმის ძახილით, რომ ყველგან რუსების აგენტები არიან, მაგრამ პატარა ქვეყანაა ეს საქართველო. აი, ამ შორტიანმა გუშინ გაიგო, რომ მისი კლასელი, კარგი და პატიოსანი  ბიჭი, სულ ტყუილად  დაიჭირეს.

აი,  მოძღვარმა უთხრა, რომ მიშა ცუდად ექცევა ეკლესიას. აი, ოჯახში დედამ დაიჩივლა, რომ ხორცი გაძვირდა და გადასახადები გაიზარდა. და ამ გუშაგმაც არ იცის, რა ქნას, კარგად ვერ ხვდება, მაგრამ ეჭვობს, რომ რაღაც შარშია, რომ მთლად ისე არ არის ყველაფერი, როგორც მიშა და ვანო ეუბნებიან. ამიტომ გარბის გუშაგი... გარბის, რადგან თავადაც ეშინია, შეშინებული გუშაგი კი უკვე გუშაგი აღარაა...

შალვა რამიშვილი